Facebook Twitter

საქმე N 060100121005003318

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№395აპ-22 8 ივლისი, 2022 წელი

ნ–ი შ., №395აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. ნ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის ივნისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ს–ს რაიონის სოფელ ბ–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ. ნ–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, ხელების სახისა და ფეხის არეში რამდენჯერმე დარტყმით, სცემა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ორსულ მეუღლეს – მ. მ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის თებერვალში, აპრილში, მაისსა და ივნისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), სხვადასხვა დროს, ს–ს რაიონის სოფელ ბ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ. ნ–ი, ურთიერთშელაპარაკებისას, ხელებისა და ფეხების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით, სისტემატურად სცემდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ორსულ მეუღლეს – მ. მ–ს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

2021 წლის თებერვლის ბოლოს (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ს–ს რაიონის სოფელ ბ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შ. ნ–იმა, თავის არეში ძლიერად დაარტყა ხელი მეუღლეს – მ. მ–სს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენით:

- შ. ნ–იი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

- შ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

- შ. ნ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელმაც მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, შ. ნ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 ნოემბრის განაჩენი შ. ნ–იის მიმართ დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 15 მარტს საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შ. ნ–იის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ასევე შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. პროკურორის საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გამოტანისას დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდნენ შ. ნ–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლომ არასწორად და ცალმხრივად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მასში მონაწილე დაზარალებულმა მიუთითა გარემოებები, რაც შ. ნ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდს შეეხება. მართალია დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, თუმცა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, როდესაც თვითმხილველი ან მონაწილე პირი დეტალურად აღადგენს ვითარებას, მიჩნეულია პირდაპირ მტკიცებულებად. მოწმე გ. მ–მა განმარტა, რომ მისი შვილისგან - მ. მ–სგან შეიტყო მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად, 2021 წლის 9 ივნისს ჩატარებული პირადი შემოწმებისას მ. მ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. შემაკავებელ ორდერში შეტანილია მ. მ–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია შ. ნ–ის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობრივი ფაქტების შესახებ. მ. მ–სის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სისტემატური ძალადობის შესახებ დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით, რომლის თანახმადაც: მ. მ–სს 2019 წლის 20 ივლისს ქუთაისის სამედიცინო კლინიკა „ბ–ში“ დაუდგინდა დიაგნოზი: „12-13 კვირის ორსულობის სპონტანური აბორტი დაუსრულებული, გართულებული, გახანგრძლივებული ან მასიური სისხლდენით“. ამდენად, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შ. ნ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა და არ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და ერთობლიობაში, ხოლო განაჩენში ასახა მტკიცებულებების საწინააღმდეგო დასკვნები.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.

5.3. პროკურორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა შ. ნ–ის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

5.4. ბრალდების მხარე შ. ნ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად მიუთითებს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც არ შეიცავს ძალადობის ფაქტების დასადგენად რელევანტურ და სარწმუნო ინფორმაციას. სააპელაციო პალატამ სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა თითოეულ მტკიცებულებას და დაასაბუთა ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

5.5. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა მ. მ–მა ისარგებლა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას მის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემულმა ინფორმაციამ დადასტურება ვერ ჰპოვა. დუმილის უფლებით ისარგებლა შ. ნ–იმაც. საქმეზე უდავოდ ცნობილ - მოწმე გ. მ–ს გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია კი ირიბია, რამდენადაც ძალადობის (ცემის) ფაქტის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა უშუალოდ მ. მ–საგან, რასაც თავად არ შესწრებია. ამასთან, მოწმე ვერ ასახელებს ძალადობის კონკრეტულ თარიღსა და ვითარებას.

5.6. რაც შეეხება საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, მათ არ გააჩნიათ ბრალად წარდგენილი დანაშაულების მიმართ ღირებული და გამოსადეგი მტკიცებითი მნიშვნელობა, რადგან: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაცემულია 2021 წლის 9 ივნისს მ. მ–სის პირადი გასინჯვის შედეგად, კატეგორიულად უარყოფითია და არ ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთის ხანდაზმულობის შესაბამისობას დადგენილებაში მითითებულ თარიღთან. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ შესამოწმებელმა პირმა არ იცის, თუ სად და რა ვითარებაში მიიღო აღნიშნული დაზიანება, ხოლო რაც შეეხება შესამოწმებლის მიერ გადმოცემულ, 2021 წლის თებერვლის ბოლო რიცხვებში შ. ნ–ის მიერ თავში ჩარტყმის ფაქტს, წარდგენილი ბრალდება არ ითვალისწინებს 2021 წლის თებერვლის ძალადობაზე მითითებას. შემაკავებელი ორდერი, რომელიც გამოცემულია მოძალადე შ. ნ–იის მიმართ, შეეხება მსხვერპლის - მ. მ–სის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამასთან, შემაკავებელ ორდერში აღნიშნულია 2020 წლის თებერვლის თვესა და 2019 წლის აპრილში ჩადენილი ფიზიკური ძალადობების შესახებ, თუმცა ბრალდება შ. ნ–ის ედავება 2019 წლის ივნისსა და 2020 წლის თებერვალში, აპრილში, მაისსა და ივნისში ჩადენილი დანაშაულების ფაქტებს. შესაბამისად, შემაკავებელ ორდერში მსხვერპლის მიერ გადმოცემული ინფორმაცია წარსულში ძალადობის ფაქტების შესახებ არასაკმარისი, არაზუსტი და შეუსაბამოა ბრალდების დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან. პროკურორის მიერ მითითებული სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლითაც ირკვევა, რომ მ. მ–სს 2019 წლის 20 ივლისს დაუსვეს სპონტანური აბორტის დიაგნოზი, ასევე არ შეიცავს ფიზიკური ძალადობის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი სრულად შეეხება დაზარალებულის ჩვენების შემოწმებას და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არ გამოვლენილა ისეთი ფაქტი ან გარემოება, რომელიც დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაციისაგან დამოუკიდებლად განხილული იქნებოდა პირდაპირ მტკიცებულებად. როგორც უკვე აღინიშნა, თავად დაზარალებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, იქნება ეს გამოკითხვის ოქმი თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი, მისი ჩვენების შინაარსობრივ ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული, რადგან დაზარალებულის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გათვალისწინებით, მხარეებს სასამართლოში მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ მისცემიათ.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე