საქმე N190100121004250821
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №438აპ.-22 4 ივლისი, 2022 წელი
ნ–ა გ., №438აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ნ–ა (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალიწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ.რ–ში, ........... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ნ–მ ლ. ლ–ს, რომელთანაც ოთხი წელია ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის, 2011 წლის 16 ივლისს დაბადებული ლ. ნ–ს თანდასწრებით, მუშტად შეკრული მარჯვენა ხელი დაარტყა მარჯვენა თვალის მიდამოში, რის გამოც ლ. ლ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2020 წლის 2 დეკემბერს, საღამოს საათებში, გ. ნ–მ, ქ.რ–ი, ............-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, ტელეფონის ნომრიდან 5...... ტელეფონის ნომერზე 5........ საუბრისას, ლ. ლ–ს, რომელთანაც ოთხი წელია ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც ლ. ლ–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ნ–ს მიერ მუქარის, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალიწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.3. 2020 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ქ.რ–ში, ........... მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ. ნ–ამ ლ. ლ–ს, რომელთანაც ოთხი წელია ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მუშტად შეკრული მარჯვენა ხელი დაარტყა თვალის მიდამოში, რის გამოც ლ. ლ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით გ. ნ–აა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.5. გ. ნ–ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2.6. გ. ნ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ნ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.
2.9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. შ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ნ–ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 7 აპრილს რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განაჩენის გაუქმება და გ. ნ–ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი გ. ნ–ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს გ. ნ–ას ბრალეულობას. გარდა ამისა, გ. ნ–ა არის ალკოჰოლზე დამოკიდებული და ოჯახის წევრების მიმართ აგრესიული პირი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე. შესაბამისად, ის, რომ ლ. ლ–ს შეეშინდებოდა მოძალადე მეუღლის მუქარისა სიცოცხლის მოსპობის შესახებ, არ არის საფუძველს მოკლებული. სასამართლომ მტკიცებულებების შეფასებისას ყურადღება უნდა გაამახვილოს არა მხოლოდ მათ სიმრავლეზე, არამედ უნდა შეაფასოს წარმოდგენილი მტკიცებულებების ხარისხი, ურთიერთშესაბამისობა და დამაჯერებლობა. ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა, რომელსაც ახასიათებს ფარული და განგრძობადი ხასიათი, რადგან ხორციელდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. რთულია ოჯახურ დანაშაულთან ბრძოლა, როდესაც თავად მსხვერპლი ვერ აცნობიერებს მასზე განხორციელებული ძალადობის უარყოფით შედეგებს და მაინც აქვს მოძალადის გამოსწორების იმედი. მოცემულ შემთხვევაში ლ. ლ–ე ვერ აცნობიერებდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი. სწორედ ფატალური შედეგების თავიდან აცილების მიზნით და ოჯახური დანაშაულის პრევენციისთვის საჭიროა, სახელმწიფომ გამოიყენოს ადეკვატური ზომები ოჯახური ძალადობის დანაშაულის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ნ–ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლების, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.3. დაზარალებულმა ლ. ლ–მ (მეუღლემ) და მოწმე ლ. ნ–მ (შვილმა) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა და მოწმემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადეს გ. ნ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
5.4. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გ. ნ–ამ არ უარყო დაზარალებულისთვის დაზიანების მიყენება, თუმცა, განმარტა, რომ არ დაურტყამს და ლ. ლ–სეს მოხვდა აქნეული ხელი. აღნიშნული ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული.
5.5. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 3 დეკემბერს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინება, რომლის მიხედვით, 2020 წლის 16 ნოემბერს ლ. ლ–ს მეუღლემ - გ. ნ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. გ. ნ–აა მას ამჟამადაც უკავშირდება ტელეფონზე და ემუქრება მოკვლით. აღნიშნულის გამო, გ. ნ–ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა იმავე დღეს, 11:07 საათზე, ლ. ლ–სე კვლავ დაუკავშირდა 112-ს და განაცხადა, რომ მეუღლესთან აქვს კონფლიქტი და ითხოვს პოლიციამ გააფრთხილოს, რომ მოძალადე აღარ მივიდეს.
5.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის, დ. ნ–ს ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა საერთო საცხოვრებელში, სადაც დახვდა ქალბატონი, რომელსაც სახესა და სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები. დაზარალებულის განმარტებით, ეს დაზიანებები მიაყენა მეუღლემ - გ. ნ–მ, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. ქალბატონმა ასევე უთხრა, რომ ჰქონდა წინა პერიოდში მიყენებული დაზიანებებიც. მან შეადგინა შემაკავებელი ორდერი და გამოიძახა კრიმინალური პოლიცია. დაზარალებულთან საუბარი დაფიქსირდა სამხრეკამერითაც. შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ვალდებულნი არიან, რომ აცნობონ მეორე მხარეს, თუმცა ვერ მოახერხეს გ. ნ–სთან დაკავშირება. დაზარალებულის სახეზე დაზიანების არსებობა ასევე დასტურდება მოწმე ე. უ–ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 16 ნოემბერს დაურეკა დედამ - მ. ლ–მ და სთხოვა ქ.რ–ში ჩასვლა, სადაც ნახა, რომ ლ. ლ–ს თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, რომელიც, ამ უკანასკნელის განმარტებით, დაულურჯდა გ. ნ–სთან კონფლიქტის შედეგად. ლ. ლ–ე იყო ემოციურ მდგომარეობაში, ტიროდა და განიცდიდა. აღსანიშნავია, რომ იმის დასადგენად, 2020 წლის 3 დეკემბერს ლ. ლ–ს აღენიშნებოდა თუ არა დაზიანებები, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა, ვინაიდან ლ. ლ–ს აღენიშნებოდა ცხელება, მისი პირადი გასინჯვა ვერ მოხერხდა.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2020 წლის 2 დეკემბრის N.......... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლებითაც დგინდება, რომ ორდერის შედგენის საფუძველია ლ. ლ–ს განმარტება, რომ მას გ. ნ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე, ემუქრება მოკვლით. გარდა ამისა, წარსულში არაერთხელ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი ხელმოწერით დადასტურებული აქვს თავად ლ. ლ–ს და არ არსებობს მასში მითითებული ინფორმაციის სისწორის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
5.8. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 3 დეკემბერს დათვალიერდა ლ. ნ–ს კუთვნილ „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონში განთავსებული სურათების გალერეა. პროგრამა ,,Gallery-ში“ შესვლისას მოცემულია ალბომები სახელწოდებით ,,Camera (...)“, ,,Messenjer (..)“ და „Messenjer (..)“. ალბომში ,,Camera (..)“ მოთავსებულია ლ. ნ–ს და მათე ნანავას 5 ფოტო, ლ. ლ–სის ერთი ფოტო და ერთი ვიდეოფაილი. ფოტოსურათში ლ. ლ–სეს რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. ალბომში ,,Camera (..)“ მოთავსებულია ლ. ნ–სა და მისი ახლობელი ბიჭის თამაშის ამსახველი ვიდეოფაილი. ალბომში ,,Camera (..)“ მოთავსებულია ლ. ნ.ს, გ. ნ–ას, ლ. ლ–სა და მ. ნ–ს ამსახველი 38 ფოტოსურათი. მათ შორის არის ლ. ლ–სის სახის ამსახველი ხუთი ფოტოსურათი, რომლებშიც ლ. ლ–ს აცვია მოწითალო ფერის ზედატანი, აქვს მოწითალო ფერის, სწორი, მარცხნიდან მარჯვნივ გადავარცხნილი თმა და სახეზე, მარჯვენა წარბის არეში, აღენიშნება ნახეთქი ჭრილობა, წარბის ზემოთ - შუბლის არეში კანზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის ლაქა, მარჯვენა საფეთქლიდან მარჯვენა ღაწვამდე აქვს სილურჯე, რომლის ბოლოში აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის ლაქა სიმრგვალეში, ხოლო მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთო, ასევე თვალის უპე აქვს მოლურჯო ფერის და შეშუპებული. ლ. ნ-ას განმარტებით, დედამისის სურათები, რომლებშიც ლ. ლ–ს სახეზე აქვს დაზიანება, 2020 წლის 16 ნოემბერს თავად ლ. ლ–მ მათ საცხოვრებელ ბინაში გადაიღო მას შემდეგ, რაც მას გ. ნ–ამ მიაყენა დაზიანება. მობილურ ტელეფონში არსებული ფოტოსურათებით დგინდება, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ლ. ლ–ე 2020 წლის 16 ნოემბერს.
5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს 2020 წლის 16 ნოემბერს გ. ნ–ს ფიზიკურ ძალადობას დაზარალებულ ლ. ლ–ზე, თუმცა არ დადასტურდა ძალადობის არასრულწლოვანი - ლ. ნ–ს თანდასწრებით ჩადენა. მხოლოდ დათვალიერების ოქმში არსებული ლ. ნ–ს განმარტება, რომ აღნიშნული ფოტოები თავად ლ. ლ–სემ გადაიღო მას შემდეგ, რაც დაარტყა გ. ნ–ამ, არ არის საკმარისი ლ. ნ-ას თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად. ასევე არ დადასტურდა გ. ნ–ას მიერ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, რადგან მუქარის შესახებ მითითებულია მხოლოდ შეტყობინებასა და შემაკავებელ ორდერში, რაც, ცალკე აღებული, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის - მუქარის ჩადენის დასადასტურებლად. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის მუქარის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ნ–ს მიერ მუქარის, ასევე ძალადობის არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, კერძოდ: იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე