საქმე N 330100121004505686
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №297აპ.-22 1 ივლისი, 2022 წელი
პ–ი დ., №297აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. პ–სი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, თ. ი–ის ეპიზოდი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართვალოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, თ. პ–სის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, თ–ში, ...........ის ქუჩა N.., ბინა N..-ში, ნასვამი დ. პ–სი მასთან მცხოვრებ არასრულწლოვან ძმისშვილს, თ. პ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, განუცხადა, რომ „სახლში ამოწვავდა“, „დედას მოუკლავდა და ობლად გაიზრდებოდა“, „გაგუდავდა და თოკით ჩამოკიდებდა“, „ღამე აივნიდან შეიპარებოდა და ბალიშით გაგუდავდა“. აღნიშნული მუქარა თ. პ–სმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2021 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, თ–ში, ............ის ქუჩა N..., ბინა N..-ში, ნასვამი დ. პ–სი მასთან მცხოვრებ არასრულწლოვან ძმისშვილს, ქ. პ–მს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, განუცხადა, რომ „სახლში ამოწვავდა“, „დედას მოუკლავდა და ობლად გაიზრდებოდა“, „გაგუდავდა და თოკით ჩამოკიდებდა“, „ღამე აივნიდან შეიპარებოდა და ბალიშით გაგუდავდა“. აღნიშნული მუქარა ქ. პ–მმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2021 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, თ–ში, ....ის ქუჩა ....ის-ში, ნასვამი დ. პ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან მუდმივად მცხოვრებ, მისი ძმისცოლს თ. ი–სს. კერძოდ, განუცხადა, რომ „დანით ყელს გამოჭრიდა“ და „სახლში ამოწვავდა“. თ. ი–სმა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2021 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, თ–ში, ....ის ქუჩა ....ის-ში, ნასვამმა დ. პ–სმა მასთან მუდმივად მცხოვრებ თავის არასრულწლოვან ძმისშვილს, თ. პ–სს მუშტი ძლიერად ჩაარტყა მარცხენა ხელის ზედა ნაწილში, რის შედეგადაც თ. პ–სმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.6. 2021 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, თ–ში, ....ის ქუჩა ....ის-ში, ნასვამ დ. პ–სს სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა ძმასთან, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, დ. პ–სს 30 დღით აეკრძალა ძმასთან ყოველგვარი კომუნიკაცია, მათ შორის - ტელეფონით. ასევე, მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება. მიუხედავად იმისა, რომ დ. პ–სი გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერით აკრძალული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, 2021 წლის 17 თებერვალს მან დაარღვია შემაკავებელი ორდერი და თავის ძმას დაურეკა მობილურ ტელეფონზე. აღნიშნული ქმედებით მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარეს ორი არასრულწლოვანი ძმისშვილის მიმართ ერთდროულად განხორციელებული მუქარის ცალ-ცალკე ეპიზოდად დაკვალიფიცირების ნაწილში და დ. პ–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ორი ბრალდება გააერთიანა ერთ ბრალდებად. გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2019 წლის 20 სექტემბრის კანონის (რომელიც ამოქმედდა 2019 წლის 15 ოქტომბერს) შესაბამისად, დააკვალიფიცირა დამატებით მე-111 მუხლზე მითითების გარეშე.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
2021 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, თ–ში, ....ის ქუჩა №..., ბინა №...-ში, ნასვამი დ. პ–სი მასთან მცხოვრებ თავის არასრულწლოვან ძმისშვილებს - თ. პ–სა და ქ. პ–სს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, განუცხადა, რომ „სახლში ამოწვავდა“, „დედას მოუკლავდა და ობლად გაიზრდებოდა“, „გაგუდავდა და თოკით ჩამოკიდებდა“, „ღამე აივნიდან შეიპარებოდა და ბალიშით გაგუდავდა“. აღნიშნული მუქარა თ. და ქ. პ–მებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2021 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, თ–ში, ....ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, ნასვამი დ. პ–სი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან მუდმივად მცხოვრებ თავის ძმისცოლს - თ. ი–ს. კერძოდ, განუცხადა, რომ „დანით ყელს გამოჭრიდა“ და „სახლში ამოწვავდა“. თ. ი–მა აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2021 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, თ–ში, ....ის ქუჩა №.., ბინა №..-ში, ნასვამმა დ. პ–მა მასთან მუდმივად მცხოვრებ თავის არასრულწლოვან ძმისშვილს, თ. პ–ს მუშტი ძლიერად ჩაარტყა მარცხენა ხელის ზედა ნაწილში, რის შედეგადაც თ. პ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2021 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, თ–ში, ....ისქუჩა №... ბინა №..-ში, ნასვამ დ. პ–ს სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა ძმასთან, რა დროსაც მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლმა გამოწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც, დ. პ–ს 30 დღით აეკრძალა ძმასთან ყოველგვარი კომუნიკაცია, მათ შორის -ტელეფონით, ასევე მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება. მიუხედავად იმისა, რომ დ. პ–ი გაფრთხილებული იყო შემაკავებელი ორდერით აკრძალული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, 2021 წლის 17 თებერვალს მან დაარღვია შემაკავებელი ორდერი და თავის ძმას დაურეკა მობილურ ტელეფონზე. აღნიშნული ქმედებით მან დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დ. პ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ორი ბრალდება გაერთიანდა ერთ ბრალდებად და დ. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.
2.4. დ. პ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. პ–სს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 14 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი–მა. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. პ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს. გამოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დ. პ–სს არ გადასცეს და სათანადო წესით არ გააცნეს შემაკავებელი ორდერის ოქმი. ამასთან, ზ. პ–მა, თ. ი–მა, ქ. პ–მა და თ. პ–მა განმარტეს, რომ არ დაუნახავთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს თუ არა რამე დოკუმენტი, რომელიც შემდეგ გააცნეს და გადასცეს დ. პ–ს.
4.2. კასატორი ასევე აღნიშნავს: დ. პ–მა არ იცოდა, რომ მის მიმართ გამოიცა შემაკვებელი ორდერი, რაც შეიტყო ძმასთან სატელეფონო საუბრისას, რასაც ადასტურებს მოწმე ლ. ა–ც.
4.3. კასატორი ასევე უთითებს, რომ როგორც პატრულ-ინსპექტორმა ს. კ–მ განმარტა, დ. პ–ი იყო ალკოჰოლური სასმლით მთვრალი. მიუხედავად ამისა, მათ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლის შინაარსიც გააცნეს დ. პ–ს, ფხიზელისთვის კი აღარ გაუცნიათ. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ ნასვამი და ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი ასეთ მდგომარეობაში გაცნობილი შემაკავებელი ორდერის შინაარსს რეალურად ვერ აღიქვამდა, შესაბამისად, მას არ უნდა ედავებოდნენ შემაკავებელი ორდერის დარღვევას.
4.4. კასატორის განმარტებით: სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე გ. ლ–ს ჩვენება, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს. მოწმის ჩვენებით, დ. პ–სის ალკოტესტით შემოწმება არ ჩასტარებია, თუმცა საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2021 წლის 15 თებერვალს, 02:01 საათზე, დ. პ–ს ალკოტესტით შემოწმებისას დაუდგინდა 1,741 პრომილე, რაც მიუთითებს ძლიერ ალკოჰოლურ თრობაზე. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ლ. ლ–ი შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, რაც ეწინააღმდეგება თავად ლ. ლ–ს ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა შემთხვევის ადგილზე ყოფნა. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება, რომ შემაკავებელი ორდერი გამოიცა გ–ს ფსიქიატრიულ კლინიკაში, ვინაიდან თავად შემაკავებელ ორდერში გამოცემის ადგილად მითითებულია ..........ის ქუჩა №...
4.5. კასატორის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ თუ დ. პ–სმა არ იცოდა, რომ მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, ძმასთან ურთიერთობისთვის უცხო ნომრიდან დარეკვა არ დასჭირდებოდა და უშუალოდ მივიდოდა ზ. პ–მთან, რაც არის არასწორი.
4.6. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქმე გამოძიებულია არაკვალიფიციურად, არაობიექტურად და ხარვეზებით. გამომძიებელმა განაცხადა, რომ არ შესწრებია შემაკავებელი ორდერის გამოცემას, ასევე, არასწორად მიუთითა რომელი მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი დ. პ–ს თ. ი–სის ეპიზოდთან დაკავშირებით. მანვე აღნიშნა, რომ ვიზუალური დაკვირვებით ზ. პ–მი იყო ალკოჰოლით მთვრალი, თუმცა არ შეუმოწმებია, რაც წარმოადგენს დარღვევას, ვინაიდან გამოკითხვამდე ალკოტესტით უნდა შეემოწმებინა მოწმე და დაედგინა, სიმთვრალის გამო შეეძლო თუ არა სწორად აღექვა, დაემახსოვრებინა და აღედგინა ფაქტები. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა თ. ი–სისა და ზ. პ–ს მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი, შესაბამისად, მათი ჩვენებები არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. გარდა ამისა, მოცემულ საქმეზე არ გამოკითხულა ნეიტრალური პირი, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულების და დ. პ–ის ერთად ცხოვრების ფაქტს. თ. ი–ს ჰქონდა პირადი ინტერესი, რადგან ჰქონდათ დ–ს ვალი, რის გამოც აბრალებს დანაშაულის ჩადენას, მითუფრო, რომ თ. პ–სმა და ქ. პ–მმა განმარტეს, რომ დ. პ–მა თ. ი–ს მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები არის წინააღმდეგობრივი და არ უნდა იქნეს გაზიარებული. თავად თ. ი–სი და ზ. პ–მი კი არ ყოფილან ბავშვების ოთახში და არ შესწრებიან მომხდარს, რის გამოც მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ:
5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: დაზარალებულების - თ. ი–სა და ზ. პ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2020 წლის სექტემბრიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, ზ. პ–ს ძმა - დ. პ–სი, რომელსაც თითქოსდა ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, ცხოვრობდა მათთან მისამართზე: თ–ი, ....ის ქუჩა ....ის-ში და ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამ პერიოდში დ. პ–სს არასრულწლოვნების - ქ. და თ. პ–ების მიმართ ჰქონდა აგრესიული და დამამცირებელი დამოკიდებულება, რის გამოც შემთხვევამდე ორი დღით ადრე ზ. პ–მა დ. პ–ს დაატოვებინა სახლი. მიუხედავად ამისა, აგრესიულად განწყობილი დ. პ–სი 2021 წლის 14 თებერვალს კვლავ მივიდა მათთან სახლში, სადაც აღნიშნავდნენ ზ. პ–ს დაბადების დღეს. 2021 წლის 15 თებერვალს ნასვამი დ. პ–სი თ. ი–ს შეუვარდა საძინებელ ოთახში და დაემუქრა მოკვლით, იყო უკიდურესად აგრესიული და ეუბნებოდა: „მოგკლავ“, „ყელს გამოგჭრი“, „შვილებს ობლად დაგიტოვებ“. დ. პ–ს წარსულის გათვალისწინებით, თ. ი–სმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების შიში. ზ. პ–მმა დ. პ–სი გაიყვანა ოთახიდან და ამშვიდებდა, რა დროსაც ეს უკანასკნელი შევარდა სამზარეულოში, აიღო დანა და ესროლა თ. ი–სს. ამის გამო ზ. პ–მა დ. პ–სი გაიყვანა სახლიდან და ჩაუკეტა კარი, თ. ი–სმა კი გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლის მისვლამდეც დ. პ–სი ცდილობდა სახლში შევარდნას, აბრახუნებდა კარზე და აგრძელებდა მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას. დ. პ–სის მუქარა გაიგეს როგორც ზ. პ–მმა, ასევე არასრულწლოვანმა შვილებმა, რომლებიც დ. პ–სის ყვირილსა და მუქარაზე შევიდნენ ოთახში. მოგვიანებით ქ. და თ. პ–სებმა უთხრეს, რომ მასზე მუქარამდე, დ. პ–სი მათაც დაემუქრა მოკვლით, რა დროსაც თ–სთვის ხელი დაურტყამს მკლავში, რის გამოც თამარს მეორე დღეს ხელი ჰქონდა დალურჯებული. იმავე დღეს, 2021 წლის 15 თებერვალს, საპატრულო პოლიციამ დ. პ–სის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას 30 დღით აეკრძალა ძმასთან - ზ. პ–მთან მიახლოება და კომუნიკაცია, თუმცა 2021 წლის 17 თებერვალს ზ. პ–მის ტელეფონზე უცხო ნომრიდან დაირეკა, რომელსაც უპასუხა თ. ი–მა, მაგრამ ხმა არავინ გასცა. ამის შემდეგ ზ. პ–მა გადარეკა აღნიშნულ ნომერზე. მას უპასუხა უცნობმა მამაკაცმა და უთხრა, რომ დ. პ–სს სურდა მასთან საუბარი და დაალაპარაკა. მას დავითმა უთხრა, რომ სურდა მათთან სახლში მისვლა, რაზეც ზ. პ–მა უპასუხა, რომ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რის გამოც ვერ მივიდოდა. აღნიშნულს დ. პ–ს მხრიდან მოჰყვა მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ზ. პ–მა ასევე მიუთითა, რომ პირადად მას არ ეშინია ძმის, თუმცა ,,დ. პ–სის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მისი ოჯახი უსაფრთხოდ არ იქნება“. გარდა ამისა, თ. ი–მა დაადასტურა, რომ დ. პ–ს ადგილზე წარუდგინეს შემაკავებელი ორდერი, თუმცა, იგი იყო აგრესიული, რის გამოც ძალით ჩაიყვანეს და ჩასვეს მანქანაში.
5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანი დაზარალებულების - ქ. პ–სა და თ. პ–სის ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს, რომ დ. პ–სი არის მათი მამის - ზ. პ–ს ძმა, რომელიც 2020 წლის სექტემბრიდან რამდენიმე თვე ცხოვრობდა მათთან. დ. პ–ი მათ მიმართ ავლენდა აგრესიას და აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მოკვლით, გაგუდვით და ეუბნებოდა „წადით, იმათხოვრეთ“. შემთხვევამდე ორი დღით ადრე, ზ. პ–ს მოთხოვნით დ. პ–ი წავიდა მათი სახლიდან, თუმცა 2021 წლის 15 თებერვალს კვლავ მივიდა მათთან კარზე ბრახუნით და აგრესიულად. ამ დროს თავად იმყოფებოდნენ საძინებელ ოთახში, რომელშიც დ. პ–სი შედიოდა ხოლმე და ემუქრებოდა მოკვლით, ეუბნებოდა: „დაგახრჩობთ“ და „დაგწვავთ“, რაც დ. პ–სის აგრესიულობისა და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მათში შიშს იწვევდა. მათ მიმართ მუქარის დროს დ. პ–ა თ. პ–ს მუშტი დაარტყა მარცხენა მკლავის არეში, რის გამოც თ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულს შეესწრო ქ. პ–მიც. მოგვიანებით მათ მომხდარის შესახებ უთხრეს დედას და აჩვენეს ტელეფონით გადაღებული ჩანაწერიც. არასრულწლოვანთა განმარტებით, 2021 წლის 15 თებერვალს დ. პ–სი საძინებელ ოთახში შეუვარდა თ. ი–სს, რომელსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით, კერძოდ, უყვიროდა და ეუბნებოდა „არ იმსახურებ სიცოცხლეს“, „დაგახრჩობ“, „შვილებს ობლად დაგიტოვებ“. ამის გამო, ზ. პ–მმა დ. პ–ი გაიყვანა გარეთ. მიუხედავად ამისა, დ. პ–ი აბრახუნებდა კარზე, აგრძელებდა მუქარას და შეურაცხყოფას, რის გამოც თ. ი–მა, რომელიც იყო ძალიან შეშინებული და აღელვებული, გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
5.5. გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - ს. კ–სა და გ. ლ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ თ–ში, ....ის ქუჩა ....ის-ში, სადაც დახვდათ ინიციატორი ზ. პ–მი და მისი ძმა - დ. პ–სი, რომელიც იყო ნასვამი, აგრესიული, აბრახუნებდა კარზე და იმუქრებოდა. მათ განარიდეს დ. პ–სი და მის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მას 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან - ზ. პ–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის გამოცემისას დ. პ–ს განემარტა შემაკავებელი ორდერის არსი, ორდერით გათვალისწინებული პირობები, მოთხოვნები და დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. დ. პ–ი იყო ნასვამი და გაღიზიანებული, თუმცა იყო ადეკვატური. მისი ალკოჰოლური თრობა და ემოციური მდგომარეობა იყო ისეთი, რომ აღქმადი უნდა ყოფილიყო შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული განმარტებები.
5.6. N....... შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2021 წლის 15 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულის მე-.. ოცეულის პატრულ-ინსპექტორმა გ. ლ–მ ძმის - ზ. პ–მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე დ. პ–სის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, მოძალადე დ. პ–ს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან - ზ. პ–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე - ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ლ. ა–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 17 თებერვალს მისი მობილური ტელეფონიდან ზ. პ–თან დარეკა დ. პ–სმა, მაგრამ რადგან რძალმა უპასუხა, გათიშა ტელეფონი. ამის შემდეგ მის ნომერზე გადარეკა თავად ზ. პ–მა, რომელსაც უთხრა, რომ მასთან გასაუბრება სურდა დ. პ–სს და მიაწოდა ტელეფონი. ძმასთან საუბრის დასრულების შემდეგ დ. პ–სმა უთხრა, რომ მის მიმართ გამოცემული ყოფილა შემაკავებელი ორდერი და არ ჰქონდა ძმასთან კომუნიკაციის უფლება. მოწმის განმარტებით, დ. პ–სს სატელეფონო საუბრისას ძმამ უთხრა, რომ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რის გამოც მათ სახლში ვერ მივიდოდა.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 14 ივნისის ექსპერტიზის №....... დასკვნასა და ექსპერტ მ. ფ–ს ჩვენებაზე, რომლებითაც დადგენილია, რომ დ. პ–ს აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი - ..; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს ის ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ის არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც არ გამორიცხავს მის შერაცხადობას. დ. პ–სი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ძლიერი სულიერი აღელვების - ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
5.9. მოწმეებმა - ლ. ლ–მა და ბ. დ–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
5.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.12. მოცემულ შემთხვევაში თ. ი–სა და ზ. პ–ს ჩვენებები, რომ დ. პ–სი დაემუქრა ქ. და თ. პ–ებს, ამასთან, ფიზიკურად იძალადა თ. პ–ზე, არის ირიბი, რადგან თავად არ შესწრებიან მუქარას და ძალადობის ფაქტს და გადმოსცემენ არასრულწლოვნების ნაამბობს, თუმცა მათი ჩვენებები იმ ნაწილში, რომ თ. პ–სს ხელი ჰქონდა დალურჯებული, წარმოადგენს პირდაპირს, რადგან მათ აღწერეს ის ვითარება, რაც ნახეს საკუთარი თვალით.
5.13. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ თითქოს, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან ფაქტის თვითმხილველნი. ასევე იმას, რომ მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები ეწინააღმდეგება, როგორც ერთმანეთს, ასევე - საქმის მასალებს. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს, შესაძლოა, მათ ჩვენებებში არის გარკვეული სახის უზუსტობები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა. მომხდარიდან სასამართლოში ჩვენებების მიცემამდე გასულია გარკვეული პერიოდი და შესაძლებელია, მათ აღარ ახსოვდეთ დეტალები, თუმცა მათ სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერეს მათ მიერ ნანახი და გაგონილი ფაქტები. მათი მხრიდან არ ვლინდება რაიმე დაინტერესება დ. პ–სის მიმართ და არ არსებობს მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
5.14. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ნასვამი და ფსიქიკური პრობლემების მქონე დ. პ–სი ვერ გააცნობიერებდა შემაკავებელი ორდერის შინაარსს, ფხიზელისთვის კი არ განუმარტავთ აკრძალვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოწმეებმა - ს. კ–მ და გ. ლ–მ უტყუარად დაადასტურეს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემისას დ. პ–სს განემარტა შემაკავებელი ორდერის არსი, ორდერით გათვალისწინებული პირობები, მოთხოვნები და დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მართალია, დ. პ–სი იყო ნასვამი და გაღიზიანებული, მაგრამ იყო ადეკვატური. მისი ალკოჰოლური თრობა და ემოციური მდგომარეობა იყო ისეთი, რომ აღქმადი უნდა ყოფილიყო შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებული განმარტებები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის დროს დ. პ–სი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ამასთან, ის რომ ქ. და თ. პ–სს არ დაუნახავთ, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა შეადგინეს თუ არა რამე დოკუმენტი და წარუდგინეს დ. პ–სს, საეჭვოს არ ხდის შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტს, ვინაიდან თ. ი–სმა და ზ. პ–მმა დაადასტურეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და მისი შინაარსის გაცნობის ფაქტი. ამასთან, თ. ი–სმა დაადასტურა, რომ დ. პ–სს ნამდვილად წარუდგინეს შემაკავებელი ორდერი.
5.15. მოწმე ლ. ა–ს ჩვენება, რომ სატელეფონო საუბრისას დ. პ–სს ძმამ უთხრა, რომ მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი და მათ სახლში ვერ მივიდოდა, ასევე დაადასტურეს თავად ზ. პ–მა და თ. ი–სმა, რომლებმაც განმარტეს, რომ ვინაიდან დ. პ–სი დაჟინებით ითხოვდა მათთან ტანსაცმლის წასაღებად მისვლას, ზ. პ–მა განუმარტა, რომ მისვლის შემთხვევაში დააკავებდნენ, რადგან შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს, რომ დ. პ–ი ამ საუბრამდე არ ფლობდა ინფორმაციას შემაკავებელი ორდერის შესახებ. აღნიშნულს ადასტურებს მის მიერ სიფრთხილის გამოჩენის ფაქტიც, კერძოდ ის, რომ იგი ჩვეულებისამებრ, პირდაპირ გაუფრთხილებლად კი არ მივიდა დაზარალებულებთან ნივთების წასაღებად, არამედ სხვისი ტელეფოდნიდან დაუკავშირდა ძმას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მისთვის ცნობილი იყო შემაკავებელი ორდერით მისთვის დაწესებული შეზღუდვების შინაარსი.
5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. პ–ს მიერ დანაშაულების ჩადენა.
5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე