Facebook Twitter

საქმე N 330100120004000895

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №551აპ.-22 20 ივლისი, 2022 წელი

რ–ი დ., №551აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. რ–ი (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 18:15 საათზე, თ–ში, .......ის ქუჩა №...-ში, დ. რ–მა მეუღლეს, ნ. მ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა: „ვის ელაპარაკები ტელეფონზე, თქვი, თორემ მოგკლავ“. დაზარალებულმა ნ. მ–მ მუქარა აღიქვა რეალურად და შეეშინდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით დ. რ–ი ცნობილ იქნა უდანაშულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. რ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 11 მაისს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენის გაუქმება, დ. რ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულ ნ. მ–ისა და მოწმე მ. ჯ–ს მიერ ჩვენებების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ დ. რ–ის ბრალეულობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დაზარალებულის და მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ნამდვილად არიან ძალადობის მსხვერპლნი, რის გამოც დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა საფუძვლად არ უნდა დასდებოდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4.2. კასატორი ასევე აღნიშნავს: ექსპერტ თ. კ–ს განმარტებით, მას ნ. მ–მ უთხრა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ. ნ. მ–ს მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ მას ეშინია ქმრის, რაც წარმოადგენს მუქარის აუცილებელ კომპონენტს. გარდა ამისა, გამომძიებლებმა დეტალურად აღწერეს დაზარალებულის მდგომარეობა, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებული იყო მეუღლის მხრიდან მუქარის მსხვერპლი.

4.3. კასატორის განმარტებით, შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში ასახულია დაზარალებულის პასუხები, კერძოდ, ის, რომ მეუღლე ნამდვილად დაემუქრა დაზარალებულს. ამასთან, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დაზარალებულ ნ. მ–ს განცხადება, სადაც ის თავისი ხელით წერს, რომ მეუღლე დაემუქრა მოკვლით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. რ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ნ. მ–ს 2020 წლის 4 სექტემბრის განცხადება, რომ მისი მეუღლე, დ. რ–ი არის ნარკოდამოკიდებული, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას უქმნის საფრთხეს, ამყოფებს ფსიქოლოგიურ სტრესში და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, ემუქრება მოკვლით, თუმცა კონკრეტულად როდის, სად და რა ფორმით დაემუქრა მეუღლე, მითითებული არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ. მ–მ და მოწმე მ. ჯ–მ უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - მეუღლისა და შვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა და მოწმემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადეს დ. რ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა, რომ დაზარალებულის და მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარი გამოწვეული იყო ზეწოლით ან სხვა გარემოებით.

5.4. მოწმეებმა: გ. ც–მ, მ. მ–მა და გ. ჭ–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა. ამასთან, მოწმე გ. ც–მ დამატებით განმარტა, რომ მან გამოკითხა ნ. მ–ე და გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მოწმის განმარტებით, ნ. მ–ე იყო შეშინებული, ანერვიულებული, სტრესის ქვეშ და როგორც მან შენიშნა, ეშინოდა მეუღლის.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს 2020 წლის 4 სექტემბრის №. შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლის გამოცემის საფუძვლად მითითებულია ნ. მ–ს განმარტება, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა მეუღლე - დ. რ–ი. კერძოდ, მითითებულია, რომ 2020 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, მას დ. რ–ა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე, 18:15 საათზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოპობით. ამავე ოქმში მითითებულია, რომ მოძალადე დ. რ–ი ეჭვიანობის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. მ–ს, რომელსაც გამუდმებით აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს, რაც მსხვერპლში იწვევს სტრესს. თუმცა აღსანიშნავია, რომ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში 2020 წლის 4 სექტემბრის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით დეტალურად არ არის მითითებული, რა ფორმით დაემუქრა და რა უთხრა დ. რ–ა ნ. მ–ს, ასევე კონკრეტულად, ეს მუქარა აღიქვა თუ არა მან რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, შესაბამისად, შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია არ არის საკმარისი დ. რ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად.

5.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 15 იანვრის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №...... დასკვნითა და ექსპერტ თ. კ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნ. მ–მე მეუღლის, დ. რ–ის მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დ. რ–ის მიერ 2020 წლის 4 სექტემბერს ნ. მ–მეზე მუქარის ფაქტთან დაკავშირებით დასკვნის კვლევით ნაწილში ამ უკანასკნელის განმარტებები არ არის მოყვანილი, მითითებულია მხოლოდ ის, რომ ნ. მ–მემ არ იცის, რატომ გამოიძახა პოლიცია, უბრალოდ აღარ შეეძლო, უნდა დაშორება და მშვიდად ცხოვრება. ამასთან, ის, რომ დ. რ–ს ქმედებების გამო ნ. მ–ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, არ წარმოადგენს დ. რ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე გ. ც-ძის ჩვენება იმ ნაწილში, სადაც მან აღწერა დაზარალებულის ემოციური მდგომარეობა, არის პირდაპირი, თუმცა ჩვენება მუქარის ფაქტთან დაკავშირებით არის ირიბი, ვინაიდან თვითონ არ შესწრებია აღნიშნულს და გადმოსცემს დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მოწმეები - მ. მ–ი და გ. ჭ–ი კი ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ დ. რ–ის ადგილსამყოფლისა და მისი დაკავების შესახებ, შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

5.10. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, განცხადებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ. რ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე