Facebook Twitter

საქმე N 330100118002337710

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე№226აპ-22 8 ივლისი, 2022 წელი

ქ–ე ნ., №226აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ვაჟა თოდუასა და მსჯავრდებულ ნ. ქ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ–სა და ჯ. კ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ქ–ე (პ/ნ ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა (ძვ. რედ.)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

ნ. დ–ე (პ/ნ ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა (ძვ. რედ.)) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

1.2. ნ. ქ–სა და ნ. დ–ს ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად: ნ. ქ–სე და ნ. დ–ე აღიარებენ ქურდულ სამყაროს და მოქმედებენ ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, სისტემატური და აქტიური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან, სისტემატურად გეგმავენ და მონაწილეობენ ქურდულ გარჩევებში, ქურდული სამყაროს წევრებისთვის სარგებლის მისაღებად.

2017 წლის აგვისტოდან ნ. ქ–ე და ნ. დ–ე სისტემატურად უკავშირდებოდნენ, ერთი მხრივ, ა.კ–სს და, მეორე მხრივ, ნ. ხ–ს და ა. ს–ს, მათ შორის არსებული ქონებრივი დავის, ქურდული გარჩევის გზით გადაწყვეტის მიზნით. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად ისინი ა.კ–ს, ნ. ხ–ს და ა. ს–ს ეუბნებოდნენ, რომ მათ შორის არსებული ქონებრივი დავა „გადაბარებული“ ჰქონდათ კანონიერ ქურდებს, რომელთა გადაწყვეტილებით, ნ. ხ–ს ეს უკანონოდ, ქურდული გარჩევის გზით, ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, მოსთხოვეს თანხის გადახდა. ნ. ხ–ს ქურდული გარჩევის გზით დაკისრებული თანხის ნაწილი - 1000 (ათასი) აშშ დოლარი გადასცა ნ. ქ–ს, რის შემდეგ ეს უკანასკნელი კვლავ უკავშირდებოდა და სთხოვდა დარჩენილი თანხის დროულად მიტანას. ამავე პერიოდში, ნ. ქ–ე და ნ. დ–ე სისტემატურად ხვდებოდნენ ა.კ–ს, რომელსაც ასევე ქურდული გარჩევის გზით უცხადებდნენ, რომ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, მისი ნათესავის კუთვნილი, თ–ში, წ–ს ქუჩა, კორპ. N..-ში მდებარე ბინა N... დარეგისტრირდებოდა ნ. ქ–სის სასარგებლოდ, ხოლო მის კუთვნილ თანხებს სხვადასხვა პირისაგან თავად „ამოიღებდნენ“ და შემდგომში თავად გადაწყვეტდნენ თანხის განკარგვის საკითხს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის განაჩენით:

ნ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

ნ. დ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედ.) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს პროკურორმა ვაჟა თოდუამ და მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს–მ. პროკურორმა მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ადვოკატმა გ. ს–მ მოითხოვა ნ. ქ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. გამართლებულ ნ. დ–ს ადვოკატმა გ. ა–მ შესაგებლით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება;

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ს–ს და საქართველოს გენერალური პროკურატურის შსს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის - ვაჟა თოდუას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2022 წლის 17 იანვარს საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა ვაჟა თოდუამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ. დ–ეის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2022 წლის 17 იანვარს საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. ქ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ტ. კ–მ და ჯ. კ–მა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ნ. ქ–სის უდანაშაულოდ ცნობა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. პროკურორ ვაჟა თოდუას საკასაციო საჩივრის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ნ. დ–ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ. დ–ს ბრალეულობას. პროკურორი მიუთითებს დაზარალებულების - ა.კ–სა და ნ. ხ–ს ის, მოწმეების - რ. გ–ს, ნ. ყ–ს, ნ. მ–ს, თ. მ–ს, ი. პ–ს და სხვა პირთა ჩვენებებს, წერილობით დოკუმენტებს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებს, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, ვებგვერდის დათვალიერების ოქმსა და სხვა წერილობით მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ დადასტურებულია ნ. დ–სა და ნ. ქ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. პროკურორის პოზიციით, საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა ნ. ქ–სა და ნ. დ–ს კრიმინალური სტატუსი, რადგან ისინი დაზარალებულებთან და მოწმეებთან, ასევე ფარულ ჩანაწერებში აფიქსირებენ კავშირს ქურდებთან, რომელთა მიერ გადაწყვეტილია ა.კ–სის კუთვნილი თანხის განკარგვის საკითხი და მოქმედებენ მათი მითითებების შესაბამისად. პროკურორი მიიჩნევს, რომ ნ. ქ–ე და ნ. დ–ე თავად ეწეოდნენ „ქურდული სამყაროს საქმიანობას“, როდესაც დავის გარჩევას უწყობდნენ ნ. ხ–ს ესა და ა.კ–ს, ასევე უკავშირდებოდნენ ა. ს–ს სწორედ „ქურდული გარჩევის“ მოწყობის მიზნით. დადასტურებულია, რომ ნ. ქ–ე და ნ. დ–ე დაზარალებულებს ეუბნებოდნენ, რომ მათი ქონებრივი დავა გადაბარებული ჰქონდათ კანონიერ ქურდებს, რომელთა გადაწყვეტილებით ნ. ხ–ს ეს უკანონოდ, ქურდული გარჩევის გზით, ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, მოსთხოვეს თანხის გადახდა. ამდენად, პროკურორის პოზიციით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ნ. დ–ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4.2. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოს არ დაუდგენია საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა აუცილებელი კომპონენტი სათანადო, ობიექტური და პირდაპირი მტკიცებულებებით. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერებით არ დგინდება ნ. ქ–სა და მოსაუბრის ხმის იდენტურობა, რის გამოც ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის გასაზიარებელი მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. არ არის დადგენილი ნ. ქ–ს კავშირი ავტომანქანასთან, რომელშიც მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედება. იმ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებში, რომელშიც დადასტურდა ნ. ქ–ს მონაწილეობა, ის არ იმყოფებოდა ავტომანქანაში და არავისთან საუბრობდა. არ არის დადგენილი ნ. ქ–სის უშუალო კავშირი ქურდულ სამყაროსთან, ასევე არ არის იდენტიფიცირებული და დაკითხული თანამოსაუბრე. დაცვის მხარის პოზიციით, საჩივარი დასაშვებია, რადგან სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და არ დაეყრდნო აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ობიექტური მტკიცებულებით დადასტურების მოთხოვნას. დაცვის მხარე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც სასამართლომ არ გაიზიარა პირის იდენტიფიკაციისათვის უვარგისი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები და დამნაშავედ მხოლოდ ის პირები ცნო, რომელთა ხმების იდენტურობა დადასტურდა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით. ადვოკატები ასევე მიუთითებენ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დაუშვებლობასთან დაკავშირებით დადგენილ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას. დაცვის მხარის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ პრეცედენტს, რომლის თანახმადაც ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების პოზიცია და მიიჩნია, რომ დნმ-ის არარსებობამ საეჭვო გახადა პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენა და სადაც ასევე, სასამართლო განმარტავს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს ბლანკეტურ ნორმას და სისხლის სამართლის კანონით აკრძალული აღნიშნული ქმედების - ქურდული სამყაროს წევრობის დასადგენად საჭიროა სპეციალური კანონის გამოყენება. „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის (2018 წლის 18 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლი ადგენს ქურდული სამყაროს, ქურდული სამყაროს წევრისა და კანონიერი ქურდის დეფინიციას, კერძოდ: „ქურდული სამყარო“ არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად და რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ქურდული სამყაროს წევრად განიხილება – ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ქურდული გარჩევა კი განმარტებულია, როგორც ქურდული სამყაროს წევრის მიერ ორ ან ორზე მეტ პირს შორის არსებული დავის გადაწყვეტა, რომელსაც ახლავს მუქარა, იძულება, დაშინება ან სხვა უკანონო ქმედება.

5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ქ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რადგან წარმოდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ. ქ–სის ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ: მოწმეების - ა.კ–ს, ნ. ხ–ს ის, ლ. თ–ს, თ. გ–ს, ი. ა–ს, დ. გ–ს, ხ. ბ–ს, ჯ. მ–ს, ს. ე–ს ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ. ქ–სის, როგორც ქურდული სამყაროს წევრის მიერ, ამ სამყაროში აღიარებული წესების შესაბამისად და დამახასიათებელი მეთოდების გამოყენებით, ქურდული გარჩევების გზით პირთა შორის არსებული დავების გადაწყვეტა.

5.4. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა.კ–სის ჩვენება არის ირიბი, ვინაიდან მას ლ. თ–მ უთხრა, რომ მისი ძმაკაცი - ნ. ქ–სე შეეცდებოდა დახმარებას, რადგან ის იყო „კაი ბიჭი“. მოწმის განმარტებით, მართალია, მან ნ. ქ–ის სტატუსის შესახებ თავდაპირველად ლ. თ-ასაგან გაიგო, თუმცა შემდგომში, ნ. ქ–სთან საუბრისას, ეს უკანასკნელი დაჰპირდა, რომ ნ–გან და ა–სგან თანხებს ამოიღებდა, პირველ ეტაპზე თავად დაელაპარაკებოდა და თუ არ დააბრუნებდნენ, საქმეში ქურდი ჩაერეოდა. ასევე, ა.კ–ი ადასტურებს, რომ რესტორან „მ–ში“ შეხვედრისას „VIBER-ის“ საშუალებით დაუკავშირდნენ კანონიერ ქურდ „ბ–ს“, კონკრეტულად რას წერდნენ, მან არ იცის, თუმცა საბოლოოდ ნ. ქ–მ უთხრა, რომ ბინა დაიხსნა, მისი ახლობლის სახელზე გააფორმა და ბანკში უნდა ჩაედოთ. ა.კ–სი ასევე ადასტურებს, რომ თანხის დაბრუნების მოთხოვნისას ნ. ქ–მ მას უთხრა, რომ ა. ს–სა და ნ. ხ–ს ისაგან ის 100000 დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან საქმე ქურდებს უნდა მოეგვარებინათ. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ დაზარალებულის ჩვენების ამგვარ შეფასებას, რადგან ა.კ–სი ცალსახად ადასტურებს ნ. ქ–სთან დაკავშირებას სწორედ იმ მოტივით, რომ ის იყო „კაი ბიჭი“ და შეძლებდა მისი დავის მოგვარებას, ხოლო შემდგომ დავაში ნ. ქ–სის ჩართვისა და მასთან კომუნიკაციის პროცესში მოწმე პირდაპირ ასახელებს იმ ფაქტებს, რაც ცალსახად მოწმობს ნ. ქ–ის კავშირს ქურდულ სამყაროსთან.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დაზარალებულ ნ. ხ–ს ის პირდაპირი ჩვენების დისკრედიტაციის თაობაზე იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ მოწმე თაღლითობისათვის ნასამართლობის მქონეა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება დამაჯერებლობასა და სანდოობას იძენს ფაქტებისა და გარემოებების გადმოცემისას სხვა მტკიცებულებებთან შინაარსობრივი თავსებადობის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება მოწმის პირადი დაინტერესება ან სხვა ქვენაგრძნობა მსჯავრდებულის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისათვის, მისი ჩვენების შინაარსი თანმიმდევრული და თანხვდენილია სხვა მოწმეთა მიერ გადმოცემულ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. ამდენად, მოწმის ნასამართლობა მოცემულ შემთხვევაში მისი ჩვენების გაუზიარებლობისათვის არარელევანტური ფაქტორია და არ უკარგავს დამაჯერებლობას მოწმის მიერ გადმოცემულ ფაქტებს ნ. ქ–სის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარწმუნო და საქმისათვის მნიშვნელოვანია მოწმე ნ. ხ–ს ის ჩვენების ის დეტალები, სადაც ის ნ. ქ–სესთან შეხვედრისა და კომუნიკაციის შესახებ საუბრობს, კერძოდ: ნ. ხ–ს ის განმარტებით, მასთან მისულნი იყვნენ ე.წ. „კაი ბიჭები“, „ქურდების ძმები“ და ასახელებს ნ. ქ–სეს, რომელმაც ნ. ხ–ს ეს დასმულ კითხვაზე, თუ სად წავიდოდა 35000 აშშ დოლარი და უყიდდა თუ არა ბინას ა.კ–ს, ნ. ქ–მ უპასუხა, რომ ეს მისი საქმე იყო, ხოლო განმეორებით დასმულ კითხვაზე „ქურდი ძმები“ ახსენა. ნ. ხ–ე ადასტურებს, რომ თანხებს ნ. ქ–ს აძლევდა, რადგან კარგად აცნობიერებდა, თუ ვინ იყო საქმეში ჩართული და პირველივე შეხვედრაზე ნ. ქ–მ უთხრა, რომ იყვნენ „კაი ბიჭები“, არჩევდნენ სამართლიან საქმეს და იყვნენ „ქურდის ძმები“.

5.6. მოწმე ი. ა–მ დაადასტურა ნ. ხ–ს ის საუბრის შინაარსი ა.კ–სთან დავის მოგვარების საკითხზე და განმარტა, რომ საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, საქმეში ჩართულნი იყვნენ ქურდები და „კაი ბიჭები“, მათ შორის - ნ. ქ–ე. მოწმე ხ. ბ–მ ასევე განმარტა, რომ გ. წ–სა და ა.კ–სგან იცნობდა ნ. ქ–ს, როგორც „კაი ბიჭს“, რომელმაც შესთავაზა ბინის გადაფორმება 1 თვეში ფულის მიცემის პირობით, რაზეც დასთანხმდა კიდეც, თუმცა ნ. ქ–სემ და ნ. ხ–მ მოატყუეს.

5.7. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ თითქოს ნ. ქ–ს ქურდული სამყაროსთან წევრობას მხოლოდ ირიბი ხასიათის ჩვენებები ადასტურებს, რადგან ზემოაღნიშნული მოწმეები ურთიერთშესაბამისად მიუთითებენ ნ. ქ–სის მათთვის ცნობად ქურდულ სტატუსზე, ასევე ადასტურებენ, რომ თავად მსჯავრდებული უცხადებდა მათ, რომ იყო „კაი ბიჭი“, ახსენდებდა თავის „ქურდ ძმებს“ და ამბობდა, რომ „საქმე ქურდებს უნდა მოეგვარებინათ“.

5.8. დაცვის მხარე მიუთითებს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გამოყენების დაუშვებლობაზე და მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, სადაც სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა იმ მოტივით, რომ სადავო ფონოგრამები ვერ აკმაყოფილებდა საიდენტიფიკაციოდ ვარგისიანობის ერთ-ერთ პირობას - რეპრეზენტატულობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ უზენაესი სასამართლოს აღნიშნული პრაქტიკის კონტექსტის გარეშე მოშველიება არ არის რელევანტური, რამდენადაც ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა განსახილველ შემთხვევაში არ ატარებს მსჯავრდებისათვის გადამწყვეტ მტკიცებულებით მნიშვნელობას, რადგან ნ. ქ–ს ბრალეულობის დადგენისას, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ სხვა, დამაჯერებელ და ურთიერთთავსებად მტკიცებულებათა ერთობლიობას. საკასაციო სასამართლოს მითითებული პრაქტიკა კი შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი მტკიცებულება დამნაშავის იდენტიფიცირებისათვის და ის არ არის საკმარისად ინფორმაციული. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ნ. ქ–ს ბრალდების ნაწილში დასაბუთებულია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც დეტალურად არის განხილული სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენში, ამასთან არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ იმავე გარემოებების გამეორების საჭიროება.

5.9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 18 დეკემბრის 324აპ-15 განაჩენში განმარტა: „საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქურდული სამყაროს წევრობა არ გულისხმობს მხოლოდ სიტყვიერი ფორმით მის აღიარებას. მეტიც, პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისთვის საერთოდ არ არის აუცილებელი, პირი ზეპირსიტყვიერად აცხადებდეს, რომ იგი აღიარებს ქურდულ სამყაროს. გადამწყვეტი პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისთვის არის ის ფაქტი, რომ პირი თავისი ქმედებებით გამოხატავდეს პატივისცემას ქურდული ტრადიციების მიმართ და ხელს უწობდეს ამ სამყაროს ფუნქციონირებასა და გაძლიერებას“. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დაკითხული მოწმეები და წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ ნ. ქ–ს დაუკავშირდნენ სწორედ მისი სტატუსისა და კრიმინალური გავლენის გათვალისწინებით, რათა მას გადაეწყვიტა კონკრეტული ქონებრივი დავა დაზარალებულებს შორის. მოწმეები თავიანთ ჩვენებებში ასევე ადასტურებენ ნ. ქ–სის მიერ ქურდული გარჩევის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, რადგან მისი დავაში ჩართვის შემდეგ და დაზარალებულ ნ. ხ–ს სთან შეხვედრისას სწორედ ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და ე.წ. „კაი ბიჭების“ დამაშინებელი სახელის გამოყენებით აიძულეს დავის ერთ-ერთი მხარე, გადაეხადა ფულადი თანხა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი მეთოდებით დაზარალებულისათვის გამორთმეული თანხა მოხმარდა არა დავის მოგვარებას, არამედ გადაეცა ნ. ქ–ს და ქურდული გარჩევის გზით მოპოვებული სარგებელი სწორედ მან მიიღო. სასამართლო ასევე არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა ქურდული სამყაროს წევრებთან ნ. ქ–ს კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაწვრილებით არის მიმოხილული ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც ერთობლივად და უტყუარად ადასტურებენ ნ. ქ–სის ქურდული სამყაროს წევრობას. გამოკვლეული მტკიცებულებების გაცნობისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, არ რჩება გონივრული ეჭვი, რომ სწორედ ნ. ქ–ა საქმის ის ფიგურანტი, რომელიც თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებითა და როლით - დაზარალებულებს შორის დავის ქურდული გარჩევის გზით აქტიურად მოქმედებდა ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს იმის შესახებ, რომ არ დასტურდება დანაშაულის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ყველა სავალდებულო კომპონენტი და მიაჩნია, რომ საქმისათვის გადამწყვეტი მაკვალიფიცირებელი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია და შეაფასა.

5.10. საკასაციო პალატა არ ეთანხმება ადვოკატთა მოტივებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

5.11. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს, ნ. დ–ს უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანისა და მისი დამნაშავედ ცნობის შესახებ - საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ. დ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ვაჟა თოდუასა და მსჯავრდებულ ნ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ტ. კ–სა და ჯ. კ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე