საქმე N 330100119003095532
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№455აპ-22 15 ივლისი, 2022 წელი
ქ–ა გ., №455აპ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ქ–ა (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის, ორი ან მეტი პირის და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 მაისს, თ–ში, თ–ს მე-.. მ/რაიონში, N.. კორპუსის ბინა N..-ში, გ. ქ–ა მივიდა მეუღლის - თ. ს–ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც მას ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში. ბავშვებმა დაიწყეს ტირილი, რის გამოც გ. ქ–მ ასევე სცემა ორ მცირეწლოვან შვილს, შემდეგ კი თ. ს–ს მოქაჩა თმაში, დააგდო საწოლზე, ყელის არეში მოუჭირა ხელები, რის შედეგად თ. ს–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 26 მაისს, დაახლოებით 10:00 საათზე, გ. ქ–აამ სცემა ორ მცირეწლოვან შვილს – ზ. და ლ. ს–ებს, თ. ს–ს დაარტყა ხელი სახის არეში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რის შედეგადაც თ. ს–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის განაჩენით გ. ქ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ქ–ს ადვოკატმა ვ. კ–მა, რომელმაც მოითხოვა გ. ქ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. კ–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი; გ. ქ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 11 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ - დავით ხვედელიძემ, რომელმაც მოითხოვა გ. ქ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3.3. 2022 წლის 18 აპრილს გამართლებულ გ. ქ–ს ადვოკატმა ვ. კ–მა წარმოადგინა შესაგებელი საკასაციო საჩივარზე, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა გ. ქ–ს მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენა. განაჩენში მითითებულია, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მტკიცებულება გ. ქ–ს საპირისპიროდ - დაზარალებულ თ. ს–ს ჩვენება და ვერ დადგინდა დაზარალებულისა და არასრულწლოვნების სხეულის დაზიანებების ხანდაზმულობა. სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ძირითადად ორი გარემოების არსებობა: 1. უპასუხოდ დარჩა კითხვები, თუ როდის შევიდა შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოთხოვნით და რა ხდებოდა მანამდე; 2. დაზიანებების ხანდაზმულობა. პროკურორი მიიჩნევს, რომ გ. ქ–ს ბრალეულობას ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ თ. ს–სა და მოწმე დ. ს–ს ჩვენებები, შემაკავებელი ორდერის ოქმი, რეზოლუცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ განხორციელებული შეტყობინების შესახებ, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის 2019 წლის 9 ივნისის წერილი, პედიატრიული პ–ს სტაციონარული სამედიცინო ბარათი, ამავე კლინიკის მიმღები გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების პაციენტებზე მეთვალყურეობის ბარათი და კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მე-5 კლინიკური საავადმყოფოს სტაციონარულ სამედიცინო ბარათი და კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებები. პროკურორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატას და მიაჩნია, რომ არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან დაზარალებულმა სრულად დაადასტურა სასამართლოში ბრალის დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო საქმეზე არცერთი გამოკვლეული მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რომ დაზარალებული სუბიექტურია და ამოძრავებს შურისძიების მოტივი. დაზარალებულის ჩვენება შეესაბამება მთელ რიგ მტკიცებულებებს, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციას. დაზიანებების არსებობის ფაქტი უდავოა, როგორც არასრულწლოვნებთან, ისე თ. ს–თან მიმართებით. რაც შეეხება ხანდაზმულობას, სამედიცინო დოკუმენტაციაში ნათლად არის მითითებული, რომ მცირეწლოვან ზ. და ლ. ს–ებს აღენიშნებოდათ როგორც ძველი, ისე ახალი დაზიანებები. დაცვის მხარემ დასვა კითხვა, ხომ შეიძლებოდა ახალი დაზიანებების იმავე მექანიზმით მიყენება, როგორც ძველის, რითაც, ფაქტობრივად, დაეთანხმა, რომ ახალი დაზიანებები არსებობს, რაც უკავშირდება ძალადობის ფაქტს. ამასთან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ დასმული კითხვა ლოგიკურია, ალბათ, ლოგიკურია ისიც ვიკითხოთ, როგორ აღმოაჩნდა ერთდროულად სამივე დაზარალებულს დაზიანებები (მათ შორის, ახალი დაზიანებები) სწორედ იმ ადგილებში, რომლებზეც უთითებს დაზარალებული თ. ს–სია და განმარტავს, რომ სწორედ გ. ქ–აას მიერ ცემის შედეგად მიიღეს დაზიანებები. ამდენად, დაზარალებულის განმარტებები და წერილობითი მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. გარდა ამისა, სასამართლო თავადვე განმარტავს, რომ ხანდაზმულობის დადგენას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ბრალად წარდგენილი დანაშაულის აუცილებელი კომპონენტი - ფიზიკური ტკივილის განცდა, როგორც შედეგი, შეფასებითია და შესაბამისად, რიგ შემთხვევებში დაზიანების არსებობას საერთოდ არ საჭიროებს. ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, რატომ აქვს არსებითი მნიშვენლობა იმ ფაქტს, თუ ვინ დარეკა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით ან რატომ განმარტავს სასამართლო, რომ სრულიად უცნობია ზარის განმახორციელებელი სუბიექტი. დაზარალებულმა განმარტა, რომ სოციალურ მუშაკს სთხოვა მისულიყო და გამოეძახებინა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ისედაც პირველწყაროა დაზარალებულის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღწერის თვალსაზრისით და, შესაბამისად, რა მდგომარეობაში იყო დაზარალებული ფაქტის ჩადენიდან რამდენიმე საათში, სრულყოფილად არის გადმოცემული სამედიცინო დოკუმენტაციაში. აღსანიშნავია ისიც, რომ გ. ქ–მ სააპელაციო ინსტანციაში მოსამართლის შეკითხვაზე, ეტყობოდა თუ არა დაზიანებები სახლში ყოფნის დროს - 2019 წლის 25 მაისს, განმარტა, რომ მას თ. ს–სთვის დაზიანებები არ შეუნიშნავს, მერე კი განმარტა, რომ თითქოს მას მაკიაჟი ჰქონდა. როგორც პირველ, ისე მეორე ინსტანციაში ჩატარებული პროცესების განმავლობაში ბრალდებულის ყველა სიტყვაში იგრძნობოდა არაგულწრფელობა და დაზარალებულის მიმართ ნეგატიური, უპატივცემულო დამოკიდებულება, რაც ადასტურებს მისი ჩვენების სიცრუეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით. ამდენად, პროკურორს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს პირდაპირი (დაზარალებულის ჩვენება) და ირიბი (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა) მტკიცებულებები, რითაც დადასტურდა, რომ გ. ქ–მ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.
5.4. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენციის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.
5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19 და 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები).
5.6. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცული იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, სადაც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, წარმოდგენილია პირდაპირი მტკიცებულება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სახით და ასევე სხვა, არაპირდაპირი მტკიცებულებები, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწევადია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.7. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტები, რომ 2019 წლის 25-26 მაისს გ. ქ–ა იმყოფებოდა თ. ს–სა და არასრულწლოვან შვილებთან: ლ. და ზ. ს–ებთან ერთად; გ. ქ–სა და თ. ს–ს შორის მითითებული დროისათვის სასამართლოში მიმდინარეობდა დავა მამობის დადგენასა და ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით; 2019 წლის 26 მაისის სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, თ. ს–ს, ლ. და ზ. ს–ებს აღენიშნებოდათ დაზიანებები. სასამართლოს მიერ დასადგენი სადავო საკითხია, მიაყენა თუ არა გ. ქ–მ თ. ს–ს და მცირეწლოვან ბავშვებს ფიზიკური შეურაცხყოფა და შეესაბამება თუ არა აღმოჩენილი დაზიანებები გ. ქ–ს მიმართ ბრალად წარდგენილ ძალადობას.
5.8. დაზარალებულმა თ. ს–მ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ გ. ქ–მ 2019 წლის 25 მაისიდან 26 მაისის დილამდე ფიზიკურად იძალადა მასზე და არასრულწლოვან შვილებზე, ხოლო 26 მაისს მან მიმართა სოციალურ მუშაკს, რომელმაც გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ბრალდებულმა სრულად უარყო თ. ს–სა და არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის ჩადენა. მოწმე დ. ს–ს ჩვენება ირიბია, რამდენადაც ირკვევა, რომ 2019 წლის 25-26 მაისის ძალადობის ფაქტის შესახებ მან თ. ს–სგან შეიტყო.
5.9. 2019 წლის 26 მაისს, 13:25 საათზე ელ-სმენით მიღებულ შეტყობინებაში დანაშაულის შესახებ განმცხადებლად მითითებულია ,,სასწრაფო“. ექიმ ს. უ–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 26 მაისს, 14:45 საათზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა პაციენტები: 28.08.2016 წელს დაბადებული ლ. ს–ა და 31.10.2017 წელს დაბადებული ზ. ს–ა; ბავშვები უჩიოდნენ ტკივილს მუცლისა და სხეულის სხვადასხვა არეში, სილურჯეები იყო ზოგი ახალი და ზოგი ძველი, სხვადასხვა სიძველის. მოწმის ჩვენებით, სასწრაფოს ექიმის გადმოცემით, მას ბავშვების დედამ უთხრა, რომ ბავშვებსაც და მასაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ, ასევე დედის გადმოცემით, სასწრაფოს ექიმმა უთხრა, რომ ბავშვები და დედა ძალადობის შემდეგ გაიქცნენ სახლიდან და ღამე გაათენეს ქუჩაში. ბრალდების მხარეს არ დაუკითხავს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები და არ დაუდგენია მათთვის ძალადობის შესახებ ცნობილი გარემოებები, რის გამოც მოწმე ს. უ–ს ჩვენება სასწრაფოს ექიმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არის ირიბი, ხოლო ინფორმაციის წყარო გადამოწმებული არ არის.
5.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამხილებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, კერძოდ, დაზარალებულის წინააღმდეგობრივ განმარტებებზე ორსულობის ფაქტის გ. ს–ს მიერ ცოდნის, ასევე 2019 წლის 26 მაისის ღამის ქუჩაში გათენების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ არცერთი ნეიტრალური მოწმის ჩვენება არ აღადგენს განვითარებულ მოვლენებს რომელიმე პოზიციის ცალსახად დადასტურების კუთხით, ხოლო მტკიცებულება, რაც საკმარისი იქნებოდა ეჭვის გასაქარწყლებლად, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
5.11. საკასაციო სასამართლომ თავის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებში შემთხვევით არ მიუთითა ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელობაზე ოჯახური დანაშაულების საქმეებში, რადგან სწორედ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მაღალი დამაჯერებლობისა და სიზუსტის მატარებელ მტკიცებულებას ძალადობის გარემოებებისა და ხანდაზმულობის დადგენასთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში თ. ს–ს, ლ. და ზ. ს–ების მიმართ შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ნამდვილად შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ფიზიკური დაზიანების არსებობის შესახებ, თუმცა სამედიცინო ცნობებში ირიბად გადმოცემულ შესაძლო ძალადობის ფაქტებსა და არსებულ დაზიანებებს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის დადგენის აუცილებლობა არ მიემართება ისეთ ნორმატიულ კატეგორიას, როგორიც არის ოჯახური ძალადობის შედეგი - ფიზიკური ტკივილისა თუ ფსიქიკური ტანჯვის ფაქტი. ხანდაზმულობის დადგენა აუცილებელია ძალადობასა და შედეგს შორის მიზეზობრივი ურთიერთკავშირის დადასტურებისათვის და ამგვარი პრეზუმფცია უნდა ეყრდნობოდეს ყოველგვარი ეჭვის გამომრიცხავ, კომპეტენტურ მტკიცებას. მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო ბარათსა და თანდართულ ცნობაში ასახული მონაცემები დაზარალებულთა სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ არასრულყოფილია, ხოლო მითითებები მათი „სიძველისა“ თუ „სიახლის“ შესახებ არ წარმოადგენს იმ რელევანტურ ინფორმაციას, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო შეძლებს დაადგინოს, რას მოიაზრებს შემფასებელი პირი „ძველ“ ან „ახალ“ დაზიანებად და მიემართება თუ არა „ახალი“ დაზიანება ბრალის დადგენილებაში ასახულ ფიზიკური ძალადობის დროსა და გარემოებებს. სასამართლო-სამედიცინო დასკვნებში ხანდაზმულობის განსაზღვრის შეუძლებლობის მიზეზად დასახელებულია სწორედ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული ჰემატომების არასრული მორფოლოგიური აღწერილობა. შესაბამისად, როდესაც სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტი ვერ ადგენს დაზიანებათა ხანდაზმულობას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმავე დოკუმენტაციაზე დაყრდნობით თავად გასცეს პასუხი ექსპერტის წინაშე დასმულ შეკითხვებს. პროკურორის განმარტებით, დაზარალებულთა სხეულზე არსებული დაზიანებების მიყენება ბრალდების დადგენილებაში მითითებულ გარემოებებში დასტურდება დაზარალებულ თ. ს–ს ჩვენებით, თუმცა საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც არ არის გამყარებული სხვა, პირდაპირი მტკიცებულებით (მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით), საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
5.12. ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი პოზიტიური ვალდებულების შესრულება მოითხოვს უპირველესად გამოძიების ორგანოს მხრიდან მყისიერ რეაგირებასა და რისკების სათანადო შეფასებას, საქმეზე არსებული სამხილების ყოველგვარი გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე მოპოვებას და სასამართლოში ისეთი ერთი პირდაპირი მტკიცებულების წარდგენას მაინც, რაც არსებითად არ იქნება დამოკიდებული და ნაწარმოები დაზარალებულის ჩვენებისგან. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა გამოძიების პროცესში დაგვიანებით დანიშნულ ექსპერტიზებსა და იმ ფაქტორებზე, რამაც განაპირობა შემდგომში საქმეზე შესაძლო პირდაპირი მტკიცებულებების მოპოვების შეუძლებლობა. შესაბამისად, გამოძიების ნაკლოვანებები არ უნდა ქმნიდეს ბარიერს მართლმსაჯულებისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს ოჯახურ დანაშაულთა აღმოფხვრისათვის სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების აღსრულება. ოჯახურ დანაშაულში ბრალდება თავისთავად არ ამართლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მტკიცების საკანონმდებლო სტანდარტის უგულებელყოფას, რამდენადაც უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას სასამართლოთა მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ. განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე