Facebook Twitter

საქმე N 190100121004705206

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №550აპ.-22 15 ივლისი, 2022 წელი

ყ–ი ბ., №550აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. ყ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 26 აპრილს, დაახლოებით 18:39 საათზე, ქ.რ–ში, კ–ს ქუჩაზე, ქ.რ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარედ, „..... ბანკის“ ბანკომატთან მყოფ მ. კ–ს სატელეფონო საუბრის დროს, ქონების განადგურებით დაემუქრა ყოფილი მეუღლე, ბ. ყ–ი და უთხრა, რომ თუ მასთან არ იცხოვრებდა, სახლში ყველა ნივთს დაუმსხვრევდა. ბ. ყ–ს მუქარა ქონების განადგურების შესახებ მ. კ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი

განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ბ. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ბ. ყ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 6 მაისს რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენის გაუქმება და ბ. ყ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთა ნაწილიც დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ, ადასტურებს ბ. ყ–ს ბრალეულობას.

4.2. კასატორის განმარტებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება ქონების განადგურების მუქარა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N801აპ-19 განჩინებაში მითითებულია, რომ ,,სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს, დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას“, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული ინფორმაცია.

4.3. კასატორი უთითებს, რომ მუქარის ფაქტი ასევე დასტურდება შემაკავებელი ორდერითა და მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ყ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. დაზარალებულმა მ. კ–მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ბ. ყ–მა კი წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა ბ. ყ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5.4. გამომძიებლებმა - გ. ა–მა და ზ. რ–მა დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და შინაარსი.

5.5. ბრალდების მხარემ დასაკითხ მოწმეთა სიიდან მოხსნა ე. ა–ი, ბ. ყ–იი და ს. ყ–ი, ხოლო სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2021 წლის 26 აპრილს 112-ში შესული შეტყობინების ინიციატორის, მ. კ–ს ინფორმაციით დგინდება, რომ მეუღლე მასზე ძალადობდა. N..... შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით კი დადგენილია, რომ ორდერის გამოცემის საფუძველია მ. კ–სიას განმარტება, რომ 2021 წლის 26 აპრილს ბ. ყ–იი დაემუქრა ქონების დაზიანებით, თუმცა ოქმში მითითებული არ არის, მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5.7. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ, 2021 წლის 27 აპრილით დათარიღებულ მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს, აღნიშნულით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2021 წლის 26 აპრილს, 18:39 საათზე, ტელეფონის ნომრიდან 5....... ფიქსირდება შემომავალი ზარი, რომლის ხანგრძლივობაა 28 წამი. ტელეფონის მესენჯერში კი არის 2021 წლის 26 აპრილს, 18:36 საათზე მიღებული შეტყობინება ტექსტით ,,სად ხარ?“ ოქმში ასევე ფიქსირდება დაზარალებულის განმარტება, რომ ამ შეტყობინების შემდეგ მას დაურეკა ბ. ყ–მა და დაემუქრა ნივთების დამსხვრევით, რაც მან აღიქვა რეალურად.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა მ. კ–მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.9. კასატორი ასევე უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის N801აპ-19 გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს შეეძლო, გამოეყენებინა დაზარალებულის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და ეთანხმება ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას, სადაც მითითებულია, რომ: ,,სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №766აპ-19)“.

5.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, შეტყობინებაში, შემაკავებელ ორდერსა და დათვალიერების ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ. ყ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე