Facebook Twitter

საქმე N 160100121004394348

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №489აპ.-22 15 ივლისი, 2022 წელი

ყ–ი ე., №489აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ყ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ–ს, ასევე, მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–სის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ყ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ე. ყ–მა შეაღწია მ–ს რაიონის სოფელ შ–ში მდებარე თ. თ–ს საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 4 ცალ დისკს, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 200 ლარს.

1.3. ე. ყ–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,1017 გრამს, რაც ამოიღეს 2021 წლის 16 თებერვალს, 15:20 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე ჩატარებული ე. ყ–ს პირადი ჩხრეკისას.

1.4. 2021 წლის 16 თებერვალს, 15:45 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი–ს ტერიტორიაზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს ე. ყ–სი, რომელიც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, პოლიციის ავტომანქანით გადაჰყავდათ მ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს - ა. დ–სა და ქ. ჰ–ს. იმავე დღეს, დაახლოებით 18:30 საათზე, თ–ში, გ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული პოლიციის ავტომანქანიდან ხელბორკილდადებულმა ე. ყ–მა მოახერხა გაქცევა.

1.5. ნ. მ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.6. ნ. მ–სმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0,10209 გრამს, რაც ამოიღეს 2021 წლის 16 თებერვალს, 15:20 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ ი–ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე ჩატარებული ნ. მ–სის პირადი ჩხრეკისას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ე. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე. ყ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

ე. ყ–სს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა ამ კანონით გათვალიწინებული უფლებები.

ნ. მ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

ნ. მ–სს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა ამ კანონით გათვალიწინებული უფლებები.

2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ყ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ლ–მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. ყ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, ასევე, მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განახევრება.

2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნ. მ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ–მა. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ნ. მ–სის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

3.3. 2022 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ყ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ლ–მ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ე. ყ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრება.

3.4. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ნ. მ–ს ბრალეულობას. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ დაუშვებელია სუბიექტურ მოწმეთა ჩვენებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი ნეიტრალური მოწმე, მათ შორის არც ტაქსის მძღოლი, რომელიც ჩხრეკისას იქვე იმყოფებოდა და შეეძლოთ, როგორც ნეიტრალური პირი, დაესწროთ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. სასამართლოს განმარტება, რომ ვინაიდან აღნიშნული ფაქტი მოხდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი, არის არასწორი.

4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ე. ყ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ე. ყ–ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ მის ბრალეულობას. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენებას იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ამავე გადაწყვეტილებით დაუშვებელია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

4.3. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ე. ყ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ყ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ასევე ნ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმე ქ. ჰ–ს ჩვენებას, რომლითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 16 თებერვალს მას და მის მეწყვილეს - ა. დ–ს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ე. ყ–ი სამსახურებრივი ავტომანქანით ნარკოლოგიური შემოწმებისთვის გადაჰყვადათ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. მანქანას მართავდა ა. დ–ი, თავად იჯდა ავტომანქანის უკანა, მარჯვენა სავარძელზე, მის გვერდით კი - ე. ყ–ი, რომლის მარჯვენა ხელი ხელბორკილით მიმაგრებული ჰქონდა თავის მარცხენა ხელზე. ისინი სამმართველოდან გამოვიდნენ 18:00 საათზე, მაგრამ ვინაიდან საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჩასაბარებელი ჰქონდათ დადგენილება, შეჩერდნენ ქ.თ–ში, გ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ, დეპარტამენტის ავტოსადგომზე. ა. დ–იი დადგენილების ჩასაბარებლად გადავიდა ავტომანქანიდან და შევიდა შენობაში. თავად კი ე. ყ–სთან ერთად დარჩა ავტომანქანაში. მოწმის განმარტებით, გზაში ე. ყ–ი ამოძრავებდა ხელბორკილიან ხელს, რის გამოც ხელბორკილი დავიწროვდა და სტკენდა ხელს. ავტოსადგომზე ყოფნისას მან გასაღებით დააპირა ხელბორკილის მოშვება. როგორც კი ხელბორკილს გასაღები მოარგო და გააღო, ე. ყ–მა მთელი ძალით მოქაჩა, რის გამოც ხელბორკილი გაიხსნა. შემდეგ ე–მ მას ხელბორკილიანი ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი, რადგან დარტყმის შედეგად დაუზიანდა თვალის მიმდებარე ადგილი. ე. ყ–სმა მარცხენა ხელით გააღო ავტომანქანის კარი და გაიქცა, ე.წ. ო–ს ციხეების მიმართულებით. იგი დაედევნა ე–ს, მაგრამ ვერ დაეწია. ე–მა გადაკვეთა სამინისტროს წინ მდებარე გზა, თვითონ კი გზის სწრაფად გადაკვეთაში შემხვედრმა ავტომანქანებმა შეუშალეს ხელი და გადაურჩა შეჯახებას. ამ დროს ე. ყ–ი კიდევ უფრო დაშორდა და დაეკარგა თვალთახედვის არედან. ამის შემდეგ იგი ტელეფონით დაუკავშირდა მ–ს შს რაიონულ სამმართველოს სამორიგეოს, დატოვა შეტყობინება და მოითხოვა დახმარება. ასევე დაურეკა ა. დ–ს და უთხრა, რომ იმყოფებოდა ს–ს მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე. ა. დ–ი მივიდა მასთან და მათ ერთად განაგრძეს ე. ყ–ს ძებნა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მათ დასახმარებლად მ–დან ჩავიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ჩაერთნენ ე. ყ–ს ძებნაში, მაგრამ მისი პოვნა ვერ შეძლეს. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ა. დ–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ თ–ში, გ–ს ქუჩაზე მდებარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანა დადგენილებები. იქიდან გამოსვლისას კი ქ. ჰ–ი და ე. ყ–სი მას ავტომანქანაში არ დახვდნენ. ამ დროს მას დაურეკა პანიკაში მყოფმა ქ–მა და უთხრა, რომ გაექცა დაკავებული. იგი მივიდა ქ–თან და ერთად განაგრძეს ე. ყ–ს ძებნა. ასევე, დარეკეს მ–ს შს რაიონულ სამმართველოში, რომლის თანამშრომლებიც დაახლოებით ნახევარ საათში შეუერთდნენ მათ და ერთად განაგრძეს ძებნა, მაგრამ ე. ყ–ი ვერ იპოვეს. როგორც მას ქ. ჰ–მა უამბო, იმის გამო, რომ ხელბორკილმა მოუჭირა და ატკინა ხელი, შეეცადა მის მოშვებას, რა დროსაც მას დაკავებულმა გამოსტაცა ხელბორკილიანი ხელი და დაარტყა სახეში, შემდეგ გააღო ავტომანქანის კარი და გაიქცა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მითითებულ დღეს იგი მონაწილეობდა მ–ს რაიონის სოფელ ი–ს ცენტრალურ გზაზე ჩატარებულ ნ. მ–ს პირად ჩხრეკაში, რა დროსაც მისი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ერთ წონაკად დაფასოებული, ცელოფანში გახვეული ფხვიერი მასა, სავარაუდოდ - ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მოთავსდა ე.წ. პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა. იმავდროულად სხვა თანამშრომლები ატარებდნენ ე. ყ–ს პირად ჩხრეკას.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ე. ბ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 16 თებერვალს სამმართველოში შესული ინფორმაციით, ქ. მ–დან ს–ს მიმართულებით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადაადგილდებოდა ავტომობილი, რომელსაც გადაჰყავდა მგზავრები - ნ. მ–სი და ე. ყ–ი, რომლებსაც თან უნდა ჰქონოდათ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და გამომძიებლებსა და თარჯიმნებთან ერთად გაემართა სოფელ ი–ს მიმართულებით, სადაც მათ შეაჩერეს ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანა. ნ. მ–სს და ე. ყ–ს თარჯიმნის მეშვეობით განუმარტეს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალების ფლობასთან დაკავშირებით და შესთავაზეს მათი ნებაყოფლობით წარმოდგენა. უარის მიღების შემდეგ მან ჩაატარა ე. ყ–ს პირადი ჩხრეკა, ხოლო ნ. მ–ს პირადი ჩხრეკა ჩაატარა მ. ჩ–მ. ე. ყ–სის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ერთ წონაკად დაფასოებული, სავარაუდოდ - ნარკოტიკული საშუალება. ექსპერტიზის დასკვნით კი დადასტურდა, რომ აღნიშნული შეიცავდა ,,ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებას. მან დააკავა ე. ყ–სი და გადაიყვანა მ–ს რაიონულ სამმართველოში. ამის შემდეგ გამომძიებლებმა ე. ყ–სი გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, მაგრამ, როგორც მისთვის არის ცნობილი, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ე. ყ–სმა ქ. ჰ–ს სახის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მოახერხა გაქცევა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ე. ყ–სი დააკავეს მისი მეუღლის საცხოვრებელ სახლში. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე მ. ჩ–მ და დამატებით განმარტა, რომ მან ჩაატარა ნ. მ–სის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ჯინსის შარვლის ჯიბიდან ამოიღეს მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ფხვიერი მასა, თუმცა ჩხრეკის ოქმს ნ. მ–სმა ხელი არ მოაწერა, რის შემდეგაც ნ. მ–სი დააკავეს. მოწმე მ. ჩ–ს ჩვენება ნ. მ–ს პირად ჩხრეკასთან დაკავშირებით თანხვდენილია მოწმე ა. დ–ს ჩვენებასთან.

5.6. მოწმებმა: ე. კ–ა, ა. გ–მა და გ. ი–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და შინაარსი.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ი. ბ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ იგი არის ტაქსის მძღოლი, ნ. მ–სი კი - მისი თანასოფლელი. 2021 წლის 16 თებერვალს იმყოფებოდა სოფელ შ–ში, რა დროსაც მასთან მივიდნენ ე. ყ–ი და ნ. მ–ი, რომელმაც უთხრა, რომ ბებიის სანახავად წაეყვანა საავადმყოფოში და შემდეგ უკან დაებრუნებინა, რაზეც დასთანხმდა და გაემართნენ ქ.მ–ს მიმართულებით. შუქნიშანთან ე. ყ–სს შეხვდა დედა და უთხრა, რომ ბებიის სანახავად საავადმყოფოში ვერ შევიდოდა, რის გამოც გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ სოფელში. ე.წ. ს–ს წრესთან, ნ–მა გააჩერებინა ავტომანქანა და გადავიდა მეგობრის სანახავად, თვითონ კი წრიული მოძრაობა განაგრძო. გზის გადაკვეთისთანავე ნ. მ–ც დაბრუნდა და უთხრა, რომ ნახა მეგობარი და გზა გაეგრძელებინათ. ისინი წავიდნენ სოფლის მიმართულებით. იმირის ხიდთან გააჩერეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციის თანამშრომლებმა და მას, ნ. და ე–ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, ასევე, გაჩხრიკეს მისი ავტომანქანა. მისი და ავტომანქანის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, მაგრამ ჩხრეკისას ესმოდა სიტყვა ,,ნარკოტიკი“, თუმცა ვისგან ამოიღეს, არ დაუნახავს. მათ ესაუბრებოდნენ ა–ლ ენაზე. ნ. და ე–ი პოლიციელებმა ჩასვეს სხვა ავტომანქანაში, მას კი პოლიციელი დაუჯდა გვერდით და გადაიყვანეს მ–ს შს სამმართველოში, საიდანაც გამოუშვეს გვიან ღამით.

5.8. პირადი ჩხრეკის ოქმებით დადგენილია, რომ 2021 წლის 16 თებერვალს, ე. ყ–სის პირადი ჩხრეკისას, მისი სპორტული შარვლის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოღებულია ერთ წონაკად დაფასოებული, ცელოფნის მონახევში გახვეული ფხვიერი მასა, სავარაუდოდ - ნარკოტიკული საშუალება. ხოლო ნ. მ–სის პირადი ჩხრეკისას, მისი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულია ერთ წონაკად დაფასოებული, ცელოფანში გახვეული ფხვიერი მასა, სავარაუდოდ - ნარკოტიკული საშუალება. დაკავების ოქმებით კი დასტურდება, რომ იმავე დღეს ბრალდებულის სახით დააკავეს ე. ყ–ი და ნ. მ–ი.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტების - ლ. ხ–სა და ლ. ე–ს ჩვენებებსა და საქართველოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2021 წლის 16 თებერვლის გამოკვლევის N..... დასკვნაზე, რომლებითაც დგინდება, რომ ე. ყ–ს ლაბორატორიული გამოკვლევისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ოპიუმის“ ჯგუფის და ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი. ამავე თარიღის N....... დასკვნით კი დადგენილია, რომ ნ. მ–ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება, ,,ოპიუმის“ ჯგუფის მოხმარების ფაქტი.

5.10. ექსპერტების - ნ. ლ–სა და პ. წ–ს ჩვენებებითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 18 თებერვლის ექსპერტიზის N....... დასკვნით კი დადგენილია, რომ ე. ყ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: თერმულად დამუშავებული, ლურჯ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, კუსტარული წესით დამზადებული ყავისფერი ფხვიერი მასა, წონით 0,2034 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ - 0,1017 გრამის ოდენობით. ამავე დეპარტამენტის ექსპერტიზის N.......... დასკვნით: ნ. მ–სის პირადი ჩხრეკისას ამოღებული: თერმულად დამუშავებული, ლურჯ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, კუსტარული წესით დამზადებული ყავისფერი ფხვიერი მასა, წონით 0,2039 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ - 0,10209 გრამის ოდენობით.

5.11. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 16 თებერვალს დათვალიერდა თ–ში, გ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც უყურებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შენობაზე დამონტაჟებული ერთი სათვალთვალო კამერა.

5.12. 2021 წლის 17 თებერვალს თ–ში, ნ–ს ქუჩა N.., კორპუსი N.. „..“, ბინა N..-ში ჩატარებული ჩხრეკისას, საძინებელი ოთახის საწოლიდან ამოიღეს მამაკაცის რუხი ფერის სპორტული შარვალი, რომლის ჯიბეშიც მოთავსებულია ,,სამსუნგ გალაქსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, საძინებელი ოთახიდან ასევე ამოღებულია ერთი ხელბორკილი. დაკავების ოქმით კი დგინდება, რომ ამავე ბინაში 2021 წლის 17 თებერვალს ბრალდებულის სახით დააკავეს ე. ყ–სი.

5.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 17 მარტის ექსპერტიზის N........ დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით ქ. ჰ–ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ყვრიმალზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა გ. ო-ლმა.

5.14. ე. ყ–მა საქმის არსებითი განხილვის დროს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, ქურდობაში თავი დამნაშავედ ცნო, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და დაკავების ადგილიდან გადაყვანისას გაქცევაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ პირადი ჩხრეკისას მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, გაქცევა კი გამოწვეული იყო პოლიციელების მხრიდან ზეწოლის, მუქარის შიშით.

5.15. ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ: დაზარალებულ თ. თ–ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - ა. ა–ს, ნ. ჯ–ს, ზ. ბ–ს, ე. მ–ს, გ. ვ–ს, ბ. ა–სა და გ. ფ–ს გამოკითხვის ოქმები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

5.16. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან ისინი სრულად შეესაბამება ერთმანეთს, არ შეიცავს წინააღმდეგობრივ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. მოწმეები სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს და არ არსებობს მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. დაცვის მხარის განმარტებები არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით და მოკლებულია დამაჯერებლობას.

5.17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულების პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ იქვე მყოფი ტაქსის მძღოლისთვის, როგორც ნეიტრალური პირისთვის შეეთავაზებინათ დასწრებოდა პირად ჩხრეკას, თუმცა ეს არ გააკეთეს და ტაქსის მძღოლი ან სხვა ნეიტრალური მოწმე საგამოძიებო მოქმედებებს არ დაასწრეს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოწმე ი. ბ-ის ჩვენებას, რომ მას შემდეგ, რაც ისინი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, ნ. მ–სა და ე. ყ–სთან ერთად მასაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და გაჩხრიკეს მისი ავტომანქანაც, შემდეგ კი გადაიყვანეს განყოფილებაში. აღნიშნული გარემოებები კი ადასტურებს, რომ დაცვის მხარის მიერ ნეიტრალურ პირად მიჩნეულ ი. ბ–თანაც მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, იგი ვერ შეძლებდა დასწრებოდა სხვა პირთა პირად ჩხრეკას.

5.18. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ,,არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტის შესაბამისად კი, „საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ „ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან“.

5.19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“. ასევე, დაადგინა, რომ ,,ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ბ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. გ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან.

5.20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“.

5.21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს“.

5.22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების გაანალიზების შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა, რომელიც ითვალისწინებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს (,,კონფიდენტი“, ,,ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავდა ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად უნდა გავრცელდეს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და დაკანონებაზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ჩატარდება, ხოლო ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დაიწყო და დასრულდა, ასევე დაკანონდა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უნდა იქნეს მიჩნეული კანონიერად. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის დათქმა, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად“, თუმცა აღსრულება გადაავადა 2021 წლის 1 ივლისამდე, რათა არ შექმნილიყო მნიშვნელოვანი სახელწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხე.

5.23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს. იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად უზრუნველყონ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საჭიროდ ჩათვალა მათთვის მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციების მიცემა. რიგ შემთხვევებში საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმება შეაფერხებდა სამართალდამცავთა ლეგიტიმურ ქმედებებს, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად განუსაზღვრა ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, გაიზიაროს კასატორის არგუმენტები.

5.24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, პირადი ჩხრეკის ოქმით), ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე. ყ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ნ. მ–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

5.25. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, რომ ე. ყ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, მოკლებულია საფუძველს, შემდეგ გარემოებათა გამო: ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ე. ყ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან ერთად, სასჯელი განსაზღვრული აქვს ამავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი კი არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რისი გათვალისწინებითაც, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის გავრცელების შესახებ.

5.26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ყ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ლ–ს, ასევე, მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე