საქმე N 050100121005115285
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №529აპ.-22 15 ივლისი, 2022 წელი
ძ–ი ნ., №529აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ი. ტ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. მ. ძ–ი დედასთან, ნ. ძ–სა და მამინაცვალ ი. ტ–სთან ერთად ცხოვრობს და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში. ი. ტ–ს მიაჩნია, რომ მისი გერი მ. ძ–ი არის მსუბუქი ყოფაქცევის, რის გამოც ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას მისი ცხოვრების წესსა და პატიოსნებაზე, მასვე მიაჩნია, რომ მ. ძ–ი არ ითვალისწინებდა ოჯახში მის მიერვე დადგენილ წესებს და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის მიზნით, იგი მ. ძ–ს სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. 2021 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ. ძ–ი თავის არასრულწლოვან დასთან, თ. ძ–თან ერთად სახლიდან გავიდა დაბა უ–ში, პარკში სასეირნოდ, რაც შეიტყო ი. ტ–მ და იმის გამო, რომ მ. ძ–ს სახლის დატოვების შესახებ მისგან ნებართვა არ უთხოვია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. მ. ძ–ს, მის მიმართ ოჯახის წევრის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის გამო, გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. მ. ძ–ი დედასთან, ნ. ძ–სა და მამინაცვალ ი. ტ–ესთან ერთად ცხოვრობს და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში. ი. ტ–ს მიაჩნია, რომ მისი გერი მ. ძ–ი არის მსუბუქი ყოფაქცევის, რის გამოც ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას მისი ცხოვრების წესსა და პატიოსნებაზე, მასვე მიაჩნია, რომ მ. ძ–ი არ ითვალისწინებდა ოჯახში მის მიერვე დადგენილ წესებს და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის წარმოჩენის მიზნით, იგი მ. ძ–ს სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. 2021 წლის 4 ივლისს ი. ტ–ე, იმის გამო, რომ მ. ძ–ს მისთვის დაეჯერებინა და ნებართვის გარეშე სახლიდან არ გასულიყო, დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, მ. ძ–ს ი. ტ–ე დაუმტვრევდა ძვლებს, თუ ის დატოვებდა საცხოვრებელ სახლს. მ. ძ–ს, მის მიმართ ოჯახის წევრის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის გამო, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. ნ. ძ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ. ძ–ი დედასთან, ნ. ძ–სთან, მამინაცვალ ი. ტ–სა და არასრულწლოვან დასთან - თ. ძ–სთან ერთად ცხოვრობს და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში. 2021 წლის 6 ივლისს მ. ძ–ის, მამინაცვალ ი. ტ–ს მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის გამო, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ვინაიდან მ. ძ–ს მამინაცვალის მუქარის გამო ჰქონდა საფუძვლიანი შიში, მან 2021 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, დარეკა 112-ში და შეატყობინა ოჯახის წევრის მიერ მისი შეურაცხყოფისა და მუქარის შესახებ და ითხოვა პოლიციის დახმარება. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ. ძ–ის დედის, ნ. ძ–სათვის, რომელიც გაღიზიანდა შვილის შეტყობინების გამო და არასრულწლოვან თ. ძ–სის თანდასწრებით, მ. ძ–ს ჯერ გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახისა და ყურის მიდამოში, შემდგომ ხელებით სწვდა თმაში და ორჯერ მოქაჩა ძლიერად. მ. ძ–მა დედის ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადასტურდა ი. ტ–ს მიერ დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენა.
2.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ი. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.3. მ. ძ–ი დედასთან, ნ. ძ–სა და მამინაცვალ ი. ტ–სთან ერთად ცხოვრობდა და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში. ი. ტ–ეე, რომელიც უკმაყოფილო იყო მ. ძ–ს ცხოვრების წესით, 2021 წლის 4 ივლისს, ჯამრთელობის დაზიანებით, ძვლების დამტვრევით დაემუქრა მ. ძ–ს, თუკი იგი არ დაუჯერებდა და საცხოვრებელი სახლიდან გავიდოდა. მ. ძ–ს, მის მიმართ ოჯახის წევრის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის გამო, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. მ. ძ–ი დედასთან, ნ. ძ–სა და მამინაცვალ ი. ტ–სთან ერთად ცხოვრობდა და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში. ი. ტ–ე უკმაყოფილო იყო მ. ძ–ს ცხოვრების წესით. 2021 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ. ძ–ი თავის არასრულწლოვან დასთან, თ. ძ–სთან ერთად, სახლიდან გავიდა დაბა უ–ს პარკში სასეირნოდ, რაც შეიტყო ი. ტ–მ და იმის გამო, რომ მ. ძ–ს სახლის დატოვების შესახებ ნებართვა არ უთხოვია, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და ჯამრთელობის დაზიანებით დაემუქრა. მ. ძ–ს, მის მიმართ ოჯახის წევრის მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის გამო, გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.5. ნ. ძ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.6. მ. ძ–ი დედასთან, ნ. ძ–სთან, მამინაცვალ ი. ტ–სა და არასრულწლოვან დასთან - თ. ძ–სთან ერთად ცხოვრობდა და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა ო–ს მუნიციპალიტეტის სოფელ შ–ში. 2021 წლის 6 ივლისს მ. ძ–ის, მამინაცვალ ი. ტ–ს მიერ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის გამო, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და 2021 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, დარეკა 112-ის სამსახურში, განაცხადა ოჯახის წევრის მიერ მისი შეურაცხყოფისა და მუქარის შესახებ და ითხოვა პოლიციის დახმარება. აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა მ. ძ–ს დედის, ნ. ძ–სათვის, რომელიც გაღიზიანდა შვილის შეტყობინების გამო და არასრულწლოვან თ. ძ–სის თანდასწრებით, მ. ძ–ის ჯერ გაშლილი ხელი დაარტყა ერთხელ სახისა და ყურის მიდამოში, შემდეგ კი ხელებით ორჯერ მოქაჩა ძლიერად თმა. მ. ძ–მა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.7. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ნ. ძ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათით.
2.8. ი. ტ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
2.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 4 ივლისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
2.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 6 ივლისის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
2.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. ტ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.12. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 8 აპრილს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან კლდიაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა - მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3.3. მსჯავრდებულების - ნ. ძ–სა და ი. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ი. ტ–მ დანაშაული ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ასევე ის, რომ იგი დანაშაულის ჩადენის დროს იყო ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი, შესაბამისად, მას სასჯელი უნდა განსაზღვროდა დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ ი. ტ–ე არის არაკანონმორჩილი პირი და მიდრეკილია ოჯახში ძალადობისკენ, მან სასჯელის მოხდიდან მალევე კვლავ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული. გარდა ამისა, სასამართლომ სწორად არ შეაფასა ნ. ძ–სის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, კერძოდ ის გარემოებები, რომ მას ბრალი ედება არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში. მან შვილზე იძალადა იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს შეატყობინა მამინაცვლის მხრიდან მასზე განხორციელებული მუქარის შესახებ და ითხოვა დახმარება. ნ. ძ–ი არის არაკანონმორჩილი და მიდრეკილია ოჯახში ძალადობისკენ. შესაბამისად, ი. ტ–სა და ნ. ძ–სთვის დანიშნული მსუბუქი სასჯელები ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ი. ტ–სა და ნ. ძ–სთვის განსაზღვრული სასჯელები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ასევე არასრულწლოვანის მიმართ ან მისი თანდასწრებით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3-4 ნაწილების შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში ნ. ძ–ს ბრალად წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ი. ტ–ს კი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლებით, რის გამოც დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა. ამასთან, ი. ტ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას სწრად იქნა გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მოთხოვნები და მას, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით, თითოეული ეპიზოდისთვის განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5.5. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ი. ტ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის გათვალისწინების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლოებმა ი. ტ–ს წარდგენილი ბრალდებიდან სწორად ამოურიცხეს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა და აღნიშნულთან დაკავშირებით ეთანხმება მათ სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, განმარტავს, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გენდერი არის სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს ამა თუ იმ სქესზე სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს. მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტ-ფსიქოლოგის დასკვნით დგინდება, რომ მ. ძ–ს მიმართ ი. ტ–ს მუქარა წარმოადგენდა ოჯახში არსებული ყოფითი ხასიათის პრობლემებიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო კონფლიქტების შედეგს, რასაც ამყარებს ის გარემოება, რომ ოჯახის სხვა წევრების, კერძოდ, მეუღლის, ნ. ძ–სისა და გერის, თ. ძ–ს მიმართ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციულ ქცევას არ ავლენდა. შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი. ტ–ს მიერ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა, რაც ვერც სასჯელის დანიშვნის დროს იქნება გათვალისწინებული.
5.6. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ნ. ძ–მა და ი. ტ–მ ჩაიდინეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნიეს მტკიცებულებები. ამასთან, ი. ტ–ე ნასამართლევია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ტ–ს და ნ. ძ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრეს. მოცემულ შემთხვევაში მათ მიმართ განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულების პიროვნებას.
5.7. რაც შეეხება ი. ტ–სთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის რომ არსებობს ი. ტ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის წინაპირობები, რადგან მას ბრალად ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენა, აღიარებს ჩადენილს, ამასთან იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათავის. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
5.8. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.10. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან კლდიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე