3კ-1505-02 6 ივნისი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: სამართალმემკვიდრედ ცნობა და ქონების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ყოფილმა საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკურმა ცენტრმა სარჩელი აღძრა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წინააღმდეგ. მოსარჩელე მოითხოვდა:
1. ბათილად იყოს ცნობილი, როგორც კანონსაწინააღმდეგო 1992წ. 28 იანვრის საქართველოს პროფკავშირების ე.წ. სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენციის დადგენილება და ამ დადგენილებიდან გამომდინარე სხვა აქტები.
2. აღდგეს საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრი სრული იურიდიული და სამართლებრივი უფლებებით.
3. ცნობილ იქნეს მისი, როგორც კანონიერი მესაკუთრის უფლებები 1992წ. 27 იანვრის მდგომარეობით საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრის ბალანსზე რიცხულ და უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებაზე (სია თან ერთვის).
4. მოპასუხის _ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ქონება.
მესამე პირმა საქართველოს თავისუფალმა პროფკავშირებმა აღძრა დამოუკიდებელი სარჩელი დავის საგანზე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიმართ და მოითხოვა:
1. საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირები ცნობილ იქნეს 1991წ. 24 აგვისტოს გაუქმებული საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების კონფედერაციის სამართალმემკვიდრედ.
2. გამოთხოვილ იქნას მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული ქონება და დაუბრუნდეს საქართველოს თავისუფალ პროფესიულ კავშირს.
3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პროფესიული კავშირების სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფედერაციის 1992წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის გაუქმების შესახებ და 1992წ. 18 დეკემბრის საქართველოს პროფესიული კავშირების რიგგარეშე ყრილობის შესაბამისი დადგენილება.
მესამე პირის სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირები რეგისტრირებულ იქნა კავშირის ფორმით ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 5ა19-197 დადგენილებით 2000წ. 20 სექტემბერს და წარმოადგენს საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის სამართალმემკვიდრეს, რომელიც რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის მიერ 1996წ. 26 დეკემბრის ¹35/8 დადგენილებით.
საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირები წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის, ყოფილი დარგობრივი კომიტეტების სამართალმემკვიდრეს, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებებით:
1991წ. 24 აგვისტოს მოწვეულ იქნა საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის რიგგარეშე საგანგებო ყრილობა. საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების საგანგებო ყრილობის 24.08.91 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად გაუქმდა საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაცია და რესპუბლიკური დარგობრივი პროფორგანოები. იმავე დღეს, იმავე შემადგენლობით, საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების დამფუძნებელი ყრილობის 24.08.91 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად შეიქმნა საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების ცენტრი (პროფცენტრი), ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად შეიქმნა რაიონული და საქალაქო ტერიტორიული პროფცენტრები, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების ცენტრი ჩაითვალა საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციისა და რესპუბლიკური დარგობრივი პროფორგანოების მემკვიდრედ. ამავე დადგენილების პირველი პუნქტით მიღებული, საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების წესდების მე-8 თავის პირველი აბზაცის თანახმად “საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირები წარმოადგენენ საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის მემკვიდრეს და პასუხს აგებენ მის კრედიტორულ-დებიტორულ დავალიანებებზე”.
იურიდიული პირის გაუქმების წესი განსაზღვრული იყო საქართველოს პროფესიული კავშირის კონფედერაციის 1990წ. 29 ივნისის წესდებით. საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა ახალი იურიდული პირი, რომელიც არის გაუქმებული იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე.
საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის გაუქმების წესი განსაზღვრულ იქნა 1990წ. 29 ივნისის საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის წესდებით, რაც პასუხობს საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 37-ე მუხლის მე-4 აბზაცის მოთხოვნებს.
მესამე პირი დამოუკიდებელი სარჩელით მიუთითებდა, რომ საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების ცენტრის, საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის და რესპუბლიკური დარგობრივი პროფორგანოების მემკვიდრედ ცნობის ფაქტი, აგრეთვე დასტურდება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის “საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში პროფესიული კავშირების უფლებების უზრუნველყოფის შესახებ” 22.11.91 ბრძანებულების პირველი პუნქტით. ზემოაღნიშნული ბრძანებულება გაუქმებული არ არის, რაც დადასტურებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2001წ. 10 მაისს გაცემული ¹11/05-151 წერილით.
მესამე პირის მითითებით, მის საკუთრებაში არსებულ ქონებას უკანონოდ ფლობს მოპასუხე _ საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაცია, რაც დადასტურებულია შემდეგი გარემოებებით:
1992წ. 28 იანვარს, დარგობრივი პროფესიული კავშირების ხელმძღვანელთა ერთმა ჯგუფმა მოიწვია სრულუფლებიან წარმომადგენელთა თავისუფალი პროფესიული კავშირების ცენტრი და აღადგინა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების პირველ დამფუძნებელ ყრილობაზე შექმნილი საბჭო, მისი გამგეობა და ასევე აღადგინა საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის სრული იურიდიული ქონებრივი უფლებები.
მოპასუხის ზემოაღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგება იმ დროისათვის მოქმედ საქართველოს სამოქალაქო სამართლოს კოდექსის და საზოგადოების წესდების მოთხოვნებს. კერძოდ, მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა 1964წ. 26 დეკემბრის სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნები.
მოპასუხის მიერ არ იყო დაცული ამავე მუხლის მე-5 აბზაცის მოთხოვნა, რომლის თანახმად იურიდიული პირის ლიკვიდაციის და რეორგანიზაციის დროს გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 1991წ. 24 აგვისტოს საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირის წესდების მოთხოვნები, ხოლო მოპასუხე არ ხელმძღვანელობდა ზემოაღნიშნული წესდებით.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით (26.12.64) იურიდიული პირის აღდგენის ინსტიტუტი გათვალისწინებული არ არის. ამავე კოდექსის 26-ე მუხლით განსაზღვრულია იურიდიული პირის წარმოშობა და არა აღდგენა, რომლის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა წესდების დამტკიცების დღიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად.
ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 აბზაცის მოთხოვნა, რომლის თანახმად, “საზოგადოებრივი ორგანიზაციები ისპობა მათ წესდებაში (დებულებაში) აღნიშნული საფუძვლით”.
ამრიგად, საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირები (24.08.1991), რომელიც წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის სამართალმემკვიდრეს გაუქმებული არ არის, ხოლო მოპასუხე ორგანიზაცია შექმნილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც აგრეთვე დასტურდება პროკურატურის მასალებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია საქართველოს პროფესიული კავშირების 1992წ. 18 დეკემბრის რიგგარეშე ყრილობა და ამ ყრილობაზე მიღებული საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის გაუქმების შესახებ 1992წ. 18 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს პროფესიული კავშირების სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენციის (1992წ. 28 იანვრის) გადაწყვეტილება საქართველოს პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის გაუქმების შესახებ და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის 1992წ. 29 იანვრის შემდეგ მიღებული ყველა დადგენილება.
მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა იმ დროს მოქმედი საქართველოს პროკურატურის შესახებ დროებითი დებულების მოთხოვნები.
კერძოდ, მოპასუხის მიერ არ იყო შესრულებული საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის 25.06.92წ. ¹30-9გ-92 პროტესტი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე საქართველოს პროფკავშირების სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენციის 1992წ. 28 იანვრის დადგენილების გაუქმების შესახებ.
მესამე პირის მითითებით მათ, თავიანთი დარღვეული უფლების დასაცავად მიმართეს სხვადასხვა ორგანოებს, კერძოდ, საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურას, საქართველოს პრეზიდენტს და სხვა. რასაც არ მოყვა არავითარი შედეგი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე ყოფილი საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრი;
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის ყოფილი საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის გამოუცხადებლობის გამო მოპასუხემ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნით ჩაბმული მესამე პირის საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირის სარჩელი არის უსაფუძვლო და ხანდაზმული და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ა) საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირი წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის მიერ, 1996წ. 26 დეკემბრის ¹35/8 დადგენილებით, ხოლო შემდგომ რეგისტრირებულია ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 5ა/19-197 დადგენილებით, 2000წ. 20 სექტემბერს. ბ) 1991წ. 24 აგვისტოს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის საგანგებო ყრილობამ მიიღო დადგენილება საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის ლიკვიდაციის შესახებ. გ) 1991წ. 24 აგვისტოს საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების დამფუძნებელმა ყრილობამ მიიღო დადგენილება საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის შექმნის შესახებ; ამავე დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრი ჩაითვალა საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის მემკვიდრედ. დ) 1992წ. 28 იანვარს საქართველოს პროფკავშირების სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენციამ მიიღო დადგენილება, საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის გაუქმებისა და საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის სრული იურიდიული ქონებივი უფლებებით აღდგენის შესახებ. ე) 1992წ. 18 დეკემბერს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის რიგგარეშე ყრილობის დადგენილებით დამტკიცდა პროფკავშირების სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენციის დადგენილება საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის გაუქმების შესახებ.
ამავე ყრილობაზე დაფუძნებული იქნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მესამე პირი, საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირი, მიიჩნევს რა თავს საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირის რესპუბლიკური ცენტრის სამართალმემკვიდრედ, მას თავისი უფლებების დარღვევის შესახებ უნდა შეეტყო 1992წ. 28 იანვარს, როცა საქართველოს პროფკავშირების სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენციამ მიიღო დადგენილება, საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის გაუქმებისა და საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის სრული იურიდიული და ქონებრივი უფლებების აღდგენის შესახებ; აქედან იწყება კიდეც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის /1964წ./ მე-80 მუხლის შესაბამისად.
კოლეგია მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის /1964წ./ 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლებების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია /სასარჩელო ხანდაზმულობა/ განისაზღვრება სამი წლით, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთირთშორის სარჩელებისათვის _ ერთი წლით.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს თავისუფალ პროფკავშირებს სასამართლოსათვის უნდა მიემართა სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან /1992წ. 28 იანვარი/ ერთი წლის განმავლობაში.
დადგენილია, რომ საქართველოს თავისუფალმა პროფკავშირებმა სასამართლოს სარჩელით მიმართა 2001წ. 12 ივნისს, ხოლო საქართველოს თავისუფალ პროფკავშირების რესპუბლიკურმა ცენტრმა 1997წ. 3 დეკემბერს.
ორივე სარჩელი წარდგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის /1964წ./ 84-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარი თქმის საფუძველი.
ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, თუ სასამართლო, არბიტრაჟი ან სამედიატორო სასამართლო საპატიოდ ცნობს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების მიზეზს, დარღვეული უფლება უნდა დაცულ იქნეს.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების მიერ მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ ის სხვადასხვა დროს მიმართავდა სხვადასხვა ორგანოებს: საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურას, პრეზიდენტს, არ წარმოადგენს მის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზებს, ვინაიდან, მესამე პირი მიუითითებს 1997წ. 3 დეკემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაზე, აღნიშნული სარჩელი წარდგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ყოფილი საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის მიერ და არა საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების მიერ, რომელიც იმ დროისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას წარმოადგენდა და დარღვეული უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის თავისი სახელით უნდა მიემართა.
მესამე პირი ასევე მიუთითებს 1992წ. მაისის თვეში საარბიტრაჟო სასამართლოში და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარდგენილ განცხადებებზე.
ორივე განცხადება ასევე წარდგენილია ყოფილი საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის სახელით; აგრეთვე საარბიტრაჟო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში მითითებული არ არის დავის საგანი, ასევე მესამე პირმა ვერ განმარტა რა ბედი ეწია საარბიტრაჟო სასამართლოში წარდგენილ სასარჩელო განცხადებას.
მესამე პირი ასევე მიუთითებს საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარდგენილ განცხადებებზე
ეს განცხადებებიც წარდგენილია საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის მიერ და განმცხადებელი ითხოვს “შრომის სასახლის” შენობაში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ 1997წ. 3 დეკემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის მიერ წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით და მოსარჩელეს აღუდგა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999წ. 30 ნოემბრის განჩინებით, რომლითაც გაუქმდა ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები სხვადასხვა ზემდგომი სამართალდამცავი ინსტანციებისადმი მიმართვის შესახებ არ იქნა მიჩნეული საპატიოდ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვებისათვის.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ვინაიდან მესამე პირის საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების მიერ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა, მის მიერ მითითებული გარემოებები კი სასამართლოს არ მიაჩნია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზად, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლიდან გამომდინარე საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მესამე პირის, საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების სარჩელი ხანდაზმულთან ერთად არის უსაფუძვლოც, შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მესამე პირი საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირი ითხოვს საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის სამართალმემკვიდრედ ცნობას, იმ საფუძვლით, რომ ის წარმოადგენს საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის სამართალმემკვიდრეს, რომელიც თავის მხრივ არის საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის სამართალმემკვიდრე.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის სამართალმემკვიდრეობის ფაქტი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების სარეგისტრაციო დოკუმენტები საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკურ ცენტრთან სამართალმემკვიდრეობის შესახებ მითითებებს არ შეიცავს.
სასამართლო კოლეგია ასევე თვლის, რომ საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრი არ წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების სამართალმემკვიდრეს. სასამართლო კოლეგიის აღნიშნული მოსაზრება ემყარება შემდეგ გარემოებებს:
ა)საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციის 1991წ. 24 აგვისტოს რიგგარეშე საგანგებო ყრილობამ მიიღო დადგენილება საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის თვითლიკვიდაციის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო სამართლის (1964წ.) კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად ლიკვიდაციით იურიდიული პირი ისპობა.
ბ) საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით საზოგადოებრივი ორგანიზაცია ისპობა მათ წესდებაში აღნიშნული საფუძვლით. საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის წესდების 13.5, 13.6 მუხლის მიხედვით, კონფედერაცია შეიძლება დაიშალოს საბჭოს ან ყრილობის გადაწყვეტილებით. კონფედერაციის დაშლის შემთხვევაში ვალდებულებათა გადაანგარიშების შემდეგ მისი ქონება იყოფა ორგანიზაციებს შორის, რომლებიც დაშლის მომენტისათვის შედიოდნენ მასში.
გ) სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არ არის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში სამართალმემკვიდრეობის საკითხი; სამოქალაქო სამართლის კოდექსის 37-ე მუხლიდან გამომდინარე სამართალმემკვიდრეობის საკითხი დგება იურიდიული პირის რეორგანიზაციისას; კერძოდ, ასეთ შემთხვევაში იურიდიული პირის ქონება /უფლებები და მოვალეობები/ გადადის ახლად წარმოშობილ იურიდიულ პირზე;
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ვინაიდან სამოქალაქო სამართლის კოდექსის ზემოთ აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ამ პირის სამართალმემკვიდრეობა არ წარმოიშობა, საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფედერაციამ გამოაცხადა რა თვითლიკვიდაცია მის სამართალმემკვიდრეს არ შეიძლება წარმოადგენდეს იმავე დამფუძნებლების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირის რესპუბლიკური ცენტრი, ხოლო ამ ცენტრის დამფუძნებელი ყრილობის დადგენილებაში მითითება იმის შესახებ, რომ ის წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის სამართალმემკვიდრეს, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და შესაბამისად არც სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ე. ბ-მა. კასატორი მიუთითებს, რომ არასწორია საოლქო სასამართლოს მითითება, რომ 1991 წელს შექმნილი თავისუფალი პროფკავშირი და ამჟამად არსებული თავისუფალი პროფკავშირი სხვადასხვა ორგანიზაციებია და დღეს არსებული თავისუფალი პროფკავშირების სამართალმემკვიდრეობა 1991 წელს არსებული თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკურ ცენტრთან არ დასტურდება. 1991წ. 24 აგვისტოს შექმნილი პროფკავშირების სახელწოდება იყო საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირები, ხოლო რესპუბლიკური ცენტრი წარმოადგენდა მის ცენტრალურ ორგანოს. 1996 წელს იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი პროფკავშირების რეგისტრაციისას რესპუბლიკური ცენტრის ნაცვლად ცენტრალურ ორგანოდ გამოცხადდა ცენტრალური საბჭო, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში 2000წ. 20 სექტემბერს რეგისტრაციისას პროფკავშირების ცენტრალური ორგანო გახდა – გამგეობა.
თავისუფალი პროფესიული კავშირი 1991წ. 24 აგვისტოდან დღემდე არსებობს, მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილებასთან ერთად იცვლება მისი სამართლებრივი სტატუსი და ცენტრალური ორგანოს სახელწოდება. კავშირად რეგისტრაციის შესახებ ვაკე-საბურთალოს სასამართლოს დადგენილებაში მითითებულია, რომ იგი წარმოადგენს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრის სამართალმემკვიდრეს. თავისუფალმა პროფესიულმა კავშირებმა დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ სასამართლოს მიმართა 1997წ. 3 დეკემბერს. მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეტანილ სარჩელს ხელს აწერდა თავისუფალი პროფესიული კავშირების ყოფილი თავმჯდომარე და იმ დროს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ი. კ-ე, რომელიც მოქმედებადა 1997წ. 16 აგვისტოს თავისუფალი პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს სხდომაზე მინიჭებული უფლებამოსილებით – ეწარმოებინა საქმე სასამართლოში თავისუფალი პროფკავშირების სახელით.
1998 წელს ი. კ-ესა და პროფკავშირების ხელმძღვანელობას შორის წარმოიშვა დავა, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით დასრულდა ამჟამინდელი თავმჯდომარის ე. ბ-ის სასარგებლოდ. იქიდან გამომდინარე, რომ ი. კ-ეს აღარ ჰქონდა უფლებამოსილება ეწარმოებინა სასამართლოში საქმე თავისუფალი პროფკავშირების სახელით, პროფკავშირების ხელმძღვანელობამ მოითხოვა მისი ჩანაცვლება კავშირის თავმჯდომარე ე. ბ-ით და მოხდა აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობის დაყენება საქმის განმხილველ სასამართლოში, მაგრამ ი. კ-ემ უარი განაცხადა შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით და სსკ-ს 84-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარე ე. ბ-ი 2001წ. 12 ივნისს საქმეში ჩაერთო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავისუფალმა პროფკავშირებმა სასამართლოს სარჩელით მიმართეს 1997წ. 3 დეკემბერს და არა 2001წ. 12 ივნისს, როგორც ეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო მითითებული.
კასატორი მიუთითებს, რომ 1992წ. 12 მაისს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება საქმის აღძვრის შესახებ თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკური ცენტრის სასარჩელო განცხადების საფუძველზე პროფკავშირების კონფედერაციის მიმართ, 1992წ. 28 იანვრის დადგენილების კანონიერების შესახებ. უნდა ვივარაუდოთ, რომ 1992წ. 18 მაისიდან საარბიტრაჟო სასამართლოს არსებობამდე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა შეწყვეტილი იყო.
ვინაიდან მოთხოვნა უძრავ ნივთებს ეხება, სკ-ს 1507 მუხლის თანახმად გამოყენებული უნდა იყოს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომლის 229-ე მუხლი უძრავ ნივთებან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადად განსაზღვრავს ექვს წელს, ნაცვლად 3 წლისა.
კასატორი ითხოვს, რომ თუ საკასაციო სასამართლო საკმარისად არ მიიჩნევს მტკიცებულებებს სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ, მაშინ აღდგენილი იყოს გაშვებული ხანდაზმულობის ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით, ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთშორის სარჩელებისათვის – ერთი წლით.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავის უფლების დარღვევა.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით. შეწყვეტის შემდეგ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა ხელახლა დაიწყება. შეწყვეტამდე გასული დრო ახალ ვადაში არ ჩაითვლება. თუ სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული მაშინ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო წესით.
დადგენილი წესით სარჩელის აღძვრა გულისხმობს იმგვარი ხარვეზის არარსებობას, რომლის დროსაც სასამართლოს მიერ სარჩელი არ მიიღება წარმოებაში, ან სასამართლოს მიერ რჩება განუხილველი.
ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. თუ მხარეთა შეთანხმების შედეგად ან შემდგომში გაგრძელების შეუძლებლობის გამო პროცესი შეწყდა, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდება მხარეთა ან სასამართლოს ბოლო საპროცესო მოქმედების დამთავრებასთან ერთად.
სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული.
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნით, საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირები მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პროფესიული კავშირების სრულუფლებიან წარმომადგენელთა კონფერენციის 1992წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების რესპუბლიკური ცენტრის გაუქმების შესახებ და 1992წ. 18 დეკემბრის საქართველოს პროფესიული კავშირების რიგგარეშე ყრილობის შესაბამისი დადგენილება. შესაბამისად გამოთხოვილ იქნეს მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული ქონება და დაუბრუნდეს საქართველოს თავისუფალ პროფესიულ კავშირებს. საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირები ცნობილ იქნეს 1991წ. 24 აგვისტოს გაუქმებული საქართველოს თავისუფალი პროფესიული კავშირების სამართალმემკვიდრედ.
კასატორი სადავოდ არ ხდის, რომ მისთვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 1992წ. 28 იანვარს. დადგენილია, რომ საქართველოს თავისუფალმა პროფკავშირებმა სასამართლოს სარჩელით მიმართა 2001წ. 12 ივნისს, ხოლო საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების რესპუბლიკურმა ცენტრმა 1997წ. 3 დეკემბერს.
კასატორის მიერ მითითებულია, რომ 1992წ. მაისის თვეში საარბიტრაჟო სასამართლოში წარდგენილი იყო სარჩელი მის მიერ, მაგრამ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა დავის საგანი. თუ ჩავთვლით, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს მოცემულ საქმეზე საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო საპროცესო მოქმედებას, ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ახალი ვადა უნდა აითვალოს ამ დოკუმენტის მიღებიდან. ამგვარი გაანგარიშების შემთხვევაშიც კი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასულია.
დადგენილია, რომ საქართველოს დამოუკიდებელი პროფკავშირების კონფერენციის 1991წ. 24 აგვისტოს რიგგარეშე საგანგებო ყრილობამ მიიღო დადგენილება საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების კონფედერაციის თვითლიკვიდაციის შესახებ. სწორედ მიუთითებს საოლქო სასამართლოს კოლეგია, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად ლიკვიდაციით იურიდიული პირი ისპობა.
იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში სამართალმემკივდრეობის საკითხი არ დგება. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 37-ე მუხლიდან გამომდინარე სამართალმემკვიდრეობის საკითხი დგება იურიდიული პირის რეორგანიზაციისას, ასეთ შემთხვევაში იურიდიული პირის ქონება გადადის ახლად წარმოშობილ იურიდიულ პირზე.
საოლქო სასამართლოს მიერ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, როგორც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ასევე უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელე ვერ მიუთითებს იმ სამართლებრივ მექანიზმზე, რომლის შესაბამისად 1997 წელს რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია უნდა ჩაითვალოს 1992 წელს ლიკვიდირებული ორგანიზაციის უფლებამონაცვლედ, მით უმეტეს, რომ მას პრეტენზია აქვს იყოს საქართველოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების სრული იურიდიული უფლებების მატარებელი.
,,პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად პროფესიული კავშირი არის საქმიანობის მიხედვით საერთო საწარმო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა ნებაყოფლობითი გართიანება, რომლის მიზანია მისი წევრების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა. პროფესიული კავშირის შექმნა და ფუნქციონირება ხდება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. პროფესიული კავშირი უნდა იყოს შექმნილი და დაფუძნებული მუშაკთა მიერ. პროფკავშირად ცნობა და აღიარება მუშაკთა მიერ სათანადო ნების გამოხატვის გარეშე არ შეიძლება განხორციელდეს.
პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოთხოვნას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენაზეც. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენის საფუძველი შეიძლება იყოს ისეთი გარემოებების არსებობა, რაც შეუძლებელს ხდის სარჩელის შეტანას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ სარჩელი შეტანილი იყო საარბიტრაჟო სასამართლოში, მაგრამ სარჩელის ბედი უცნობია, ის საჩივრით მიმართავდა პროკურატურას და ვაკე-საბურთალოს სასამართლოს. აღნიშნული გარემოებები მიუთითებდნენ, რომ მოსარჩელეს ჰქონდა შესაძლებლობა სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა საქმის განხილვა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. სარჩელის ხანდაზმულობა ნიშნავს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული ვადით გავლენავს ახდენს პირთა უფლებებზე და ვალდებულებებზე. ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება სადავო გარემოებების უტყუარად აღდგენა და პირები, რომლებსაც წაეყენებათ მოთხოვნა ვეღარ იღებენ თავის დასაცავად აუცილებელ მტკიცებულებებს. სადავო ურთიერთობის წარმოშობიდან 10 წლის შემდეგ პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოთხოვნას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.
კასატორს შეუმცირდეს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 1500 ლარამდე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.