Facebook Twitter

საქმე N 190100120003933957

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №420აპ.-22 4 ივლისი, 2022 წელი

ხ–ი გ., №420აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ხ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 3 ივლისიდან 2020 წლის 17 აგვისტომდე დროის პერიოდში, ქ.რ–ში, ..-ე მ/რ-ნი, კორპუსი N., ბინა N..-ში, გ. ხ–ი დედას - ც. ხ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ც. ხ–ი განიცდიდა ტანჯვას.

1.3. 2020 წლის 3 ივლისიდან 2020 წლის 17 აგვისტომდე დროის პერიოდში, ქ.რ–ში, ..-ე მ/რ-ნი, კორპუსი N.., ბინა N...-ში, გ. ხ–ი დედას - ც. ხ–ს სისტემატურად სთხოვდა ფულად თანხას, ვინაიდან თანხა ჰქონდა წაგებული და უნდა მიეტანა. ც. ხ–ი იძულებული იყო, მიეცა მისთვის ფული, მათ შორის - 2020 წლის ივლისის შუა რიცხვებში, ქ.რში, ..-ე მ/რ-ნი, კორპუსი N., ბინა N...-ში, გ. ხ–მა დედას - ც. ხ–ს დანა მოუღერა ყელთან და უთხრა, რომ თანხა ჰქონდა წაგებული, რის გამოც ბინა უნდა დაელომბარდებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ც. ხ–სი იძულებული გახდა, ბინა დაელომბარდებინა და მიღებული თანხა გადაეცა გ. ხ–იისთვის. ასევე, 2020 წლის ივლისის ბოლოს, ქ.რ–ში, ..-ე მ/რ-ნი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, გ. ხ–მა დედას - ც. ხ–ს უთხრა, რომ მიეტანა 5000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ც. ხ–სი იძულებული გახდა, მისთვის მიეტანა ფულადი თანხა. ასევე, 2020 წლის 16 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ. რ..ში, ..-ე მ/რ-ნი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, გ. ხ–ი დედას - ც. ხ–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოითხოვდა მისგან, რომ მიეტანა 500 ლარი. ც. ხ–მა უთხრა, რომ მეორე დღეს მიუტანდა, ვინაიდან მისი ეშინოდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განაჩენით გ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ. ს–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 4 აპრილს რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განაჩენის გაუქმება და გ. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომელთა ნაწილიც დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ, ადასტურებს გ. ხ–ს ბრალეულობას.

4.2. კასატორის განმარტებით, მოწმე გ. ხ–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ მან 2020 წლის 5 აგვისტოს ც. ხ–ს ასესხა 3000 აშშ დოლარი, ბინის უზრუნველყოფით. აღნიშნული ხელშეკრულების დადების დროს ც. ხ–ს ახლდა შვილი - გ. ხ–ი.

4.3. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ც. ხ–ს განცხადებით დასტურდება, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გ. ხ–ი არ აძლევდა მშვიდად ცხოვრების საშუალებას, ამასთან, ემუქრებოდა, რომ ფულს თუ არ მიუტანდა, მოკლავდა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ გ. ხ–ი პატიმრობაში იმყოფებოდა დედაზე ძალადობის გამო, თუმცა, ვინაიდან ც. ხ–მა სასამართლო სხდომაზე შვილის წინააღმდეგ აღარ მისცა ჩვენება, იგი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. შესაბამისად, წინა საქმიდან გამომდინარე, დაზარალებულმა იცოდა, რომ განყოფილებაში განცხადების შეტანის შემთხვევაში გ. ხ–ს დააკავებდნენ, რაც სურდა.

4.4. კასატორი ასევე უთითებს: მოწმე მ. გ–ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2020 წლის 17 აგვისტოს პოლიციამ მასთან მიიყვანა ც. ხ–ი, რომელმაც სთხოვა, რომ მასთან დარჩებოდა, რადგან შვილი - გ. ხ–ი სთხოვდა ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა. როგორც მისთვისაა ცნობილი, 2020 წლის 16 აგვისტოს გ. ხ–მა ც. ხ–ი გაუშვა 500 ლარის საშოვნელად, რა დროსაც დაზარალებულმა დახმარება სთხოვა პოლიციას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ხ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. დაზარალებულმა ც. ხ–მა უარი განაცხადა ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. გ. ხ–მა კი წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა გ. ხ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ც. ხ–ს 2020 წლის 17 აგვისტოს განცხადება იმის შესახებ, რომ გ. ხ–იი ციხიდან გამოსვლის შემდეგ არ აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას, მუდმივად სთხოვს ფულს და ემუქრება, ამიტომ ფულის მიტანის გარეშე სახლში ვერ მივა, რადგან აუცილებლად მოკლავს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის 17 აგვისტოს N...... შემაკავებელი ორდერითა და მასზე თანდართული ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის 16 აგვისტოს, გვიან ღამით, გ. ხ–მა მსხვერპლს - ც. ხ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც აქვს სისტემატური ხასიათი და დაემუქრა. იგი ვარაუდობს, რომ გ. ხ–ი მას მიაყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, რადგან წარსულში გაუსწორდა ფიზიკურად.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე გ. ხ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მან ც. ხ–სს ასესხა თანხა, კერძოდ, ნოტარიუსთან, სადაც ც. ხ–სი შვილთან - გ. ხ–თან ერთად იყო მისული, გააფორმეს სესხის ხელშეკრულება და შეთანხმდნენ, რომ თანხას 9 თვეში დაუბრუნებდა, თუმცა ც. ხ–მა მალევე დაფარა სესხი. მოგვიანებით, მან გაიგო, რომ ც. ხ–ს სესხის აღება აიძულა შვილმა, რაც გაუკვირდა, რადგან ნოტარიუსთან გ. ხ–ის მუქარა ან იძულება არ გამოუმჟღავნებია და დედა-შვილს შორის არც კონფლიქტი მომხდარა. სანოტარო აქტით კი დგინდება, რომ ც. ხ–სსა და გ. ხ–ას შორის 2020 წლის 5 აგვისტოს დაიდო უძრავი ქონების (მდებარე: ქ.რ–ი, ..-ე მ/რ-ნი N.., ბინა N..-ში) ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით.

5.6. მოწმე მ. გ-ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, გ. ხ–ისა და ც. ხ–ს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. 2020 წლის 17 აგვისტოს მასთან მივიდა ც. ხ–ი და უთხრა, რომ შვილთან კონფლიქტის შესახებ განაცხადა პოლიციაში. ც–ს ძალიან ეშინოდა შვილის, ამიტომ სთხოვა, რომ ცოტა ხანს დარჩებოდა მასთან. მას ც. ხ–მა უამბო, რომ 2020 წლის 21 ივლისს გ. ხ–იმა მუქარითა და იძულებით ჩაადებინა ბინა, შემდეგ კი - სისტემატურად სთხოვდა თანხების მოძიებას. 2020 წლის 16 აგვისტოს, ღამით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და სანამ მუქარაზე გადავიდოდა, დაჰპირდა, რომ მეორე დღისთვის უშოვიდა თანხას. მეორე დღეს კი განაცხადა პოლიციაში. გ. ხ–ს მიმართ ზომების მიღებამდე ც. ხ–ი იმყოფებოდა მასთან, რადგან სახლში დაბრუნების ეშინოდა.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოწმე მ. გ–ს გამოკითხვის ოქმი იმ ნაწილში, რომ 2020 წლის 17 აგვისტოს მასთან მივიდა ც. ხ–ი, რომელმაც უამბო შვილთან კონფლიქტების შესახებ, არის პირდაპირი, თუმცა ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით გადმოსცემს ც. ხ–ს ნაამბობს, არის ირიბი, რადგან თავად არ შესწრებია მომხდარს, ამასთან, მისი ჩვენება არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. შესაბამისად, ამ ნაწილში მ. გ–ს ჩვენება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. რაც შეეხება მოწმე გ. ხ–ს ჩვენებას და სანოტარო აქტს აღნიშნული მტკიცებულებებით დადგინდა მხოლოდ ხელშეკრულების დადებისა და სესხის აღების ფაქტი, რაც მალევე დაფარა ც. ხ–მა. დაზარალებულზე მუქარას ან იძულებას კი მოწმე გ. ხ–ა არ შესწრებია.

5.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ 2020 წლის 3 ივლისიდან 2020 წლის 17 აგვისტომდე გ. ხ–ი სისტემატურად აყენებდა დედას შეურაცხყოფას, რა დროსაც ც. ხ–ი განიცდიდა ტანჯვას, ასევე არ დასტურდება ამავე პერიოდში მისი ფსიქიკური იძულება. გარდა ამისა, ვინაიდან დაზარალებულმა ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, სათანადო ექსპერტიზა კი ჩატარებულ არ არის, იმის დადგენა, გ. ხ–იის ქმედებებით განიცადა თუ არა ც. ხ–მა ტანჯვა, არის შეუძლებელი. ამასთან, დაზარალებულის განცხადება არ შეიცავს ინფორმაციას პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ და არ წარმოადგენს კონკრეტული ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას.

5.11. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, განცხადებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ხ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე