Facebook Twitter

საქმე N 060100120003547945

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №397აპ.-22 4 ივლისი, 2022 წელი

ჯ–ე ჯ., №397აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ჯ. ჯ–ე (პირადი ნომერი:........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 ოქტომბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, დილის საათებში, ჯ. ჯ–მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ს–ში, რესპუბლიკის ქუჩა №..-ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხელების თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით სცემა მეუღლეს, ნ. ჯ–ს, რომელმაც აღნიშნულით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2020 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ჯ. ჯ–ე, უმიზეზოდ განაწყენებისას, ს–ში, რ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ. ჯ–ს, რომელსაც აღნიშნულით გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ჯ. ჯ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ჯ. ჯ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

2.3. გამართლებულ ჯ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჟ–მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 10 მარტს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ჯ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულ ნ. ჯ–ს და მოწმე ნ. ჯ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ: მოწმე ზ. კ–ს გამოკითხვის ოქმი, შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი ადასტურებს ჯ. ჯ–ს ბრალეულობას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. ჯ–ეის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. დაზარალებულმა ნ. ჯ–ემ და მოწმე ნ. ჯ–მ უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - მეუღლის და მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ჯ. ჯ–მ კი წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა და მოწმე ნ. ჯ–მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადეს ჯ. ჯ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 26 თებერვალს 112-ში შესული ნ. ჯ–ს შეტყობინება, რომ ოჯახის წევრებს, კერძოდ, ცოლ-ქმარს შორის ხდება ფიზიკური ძალადობა. მოწმე ზ. კ–ს გამოკითხვის ოქმით კი დგინდება, რომ ჯ. ჯ–ე არის მისი სიმამრი, რომელიც მეუღლის - ნ. ჯ–ს მიმართ არის აგრესიული და უმიზეზოდ ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. 2019 წლის ოქტომბერში, დაახლოებით დილის 8 საათზე, ნ. ჯ–ე და ჯ. ჯ–ე იმყოფებოდნენ სახლის უკან განთავსებულ საქათმესთან, სადაც ამ უკანასკნელმა უმიზეზოდ დაუწყო გინება მეუღლეს, შემდეგ ცალი ხელი მოჰკიდა სვიტერის საყელოში, მეორე ხელის მუჭით კი - სცემა, რის გამოც ნ. ჯ–მ დაიწყო კივილი. ის და ნ. ჯ–ე მივიდნენ მათთან და ხელი გააშვებინეს ჯ. ჯ–ს. მომხდარის გამო ნ. ჯ–ე გახდა შეუძლოდ. მართალია, მას თავიდან სისხლი არ მოსდიოდა, მაგრამ ძალიან ეტკინა, თავზე იდებდა ხელს და ძალიან წუხდა. 2020 წლის 26 თებერვალს მას დაურეკა ნ. ჯ–მ და უთხრა, რომ დაურეკა ნ. ჯ–მ და სთხოვა დახმარება, რადგან ჯ. ჯ–ე ემუქრებოდა სიკვდილით. ნ–ს შეეშინდა და დარეკა 112-ში.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2020 წლის 26 თებერვლის N....... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმზე, რომლის გამოცემის საფუძვლად მითითებულია ჯ. ჯ–ეის მიერ ნ. ჯ–ს მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ოქმში ასევე მითითებულია, რომ დაახლოებით ხუთი თვის წინ ჯ. ჯ–მ საქათმესთან ნ. ჯ–ს თავში ორჯერ ჩაარტყა მუშტი, რითაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2020 წლის 26 თებერვალს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ნ. ჯ–მ საქათმესთან მიუთითა ადგილზე, სადაც ხუთი თვის წინ სცემა ჯ. ჯ–მ, თუმცა დეტალები არ არის აღწერილი, ასევე არ არის მითითებული - განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი.

5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.8. კასატორის მიერ მითითებული მოწმის - ზ. კ–ს ჩვენება 2019 წლის ოქტომბერში სახლის უკან განთავსებულ საქათმესთან ჯ. ჯ–ს მიერ ნ. ჯ–სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში არის პირდაპირი, თუმცა მისი ჩვენება არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. ამასთან, მოწმის ჩვენება მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რადგან იგი გადმოსცემს ნ. ჯ–ს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, ამ ნაწილში ზ. კ–ს ჩვენება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამასთან, მხოლოდ ზ. კ–ს განმარტება, რომ გაშველების შემდეგ ნ. ჯ–ს სტკიოდა თავი, ვინაიდან თავზე იდებდა ხელს და წუხდა, არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ ჯ. ჯ–ს ფიზიკური ძალადობის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ნ. ჯ–მ და მოწმე ნ. ჯ–მ ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, შეტყობინებასა და შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ჯ. ჯ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე