საქმე N 330100121005167503
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №576აპ.-22 20 ივლისი, 2022 წელი
ჯ–ი ე., №576აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. ჯ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, 2021 წლის 12 სექტემბრისა და 2021 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდები), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 12 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.თ–ში, ა–ს ქუჩა №.., ბინა №...-ში, ე. ჯ–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების, მორჩილებისა და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობისა და კონტროლის პრინციპით, ეჭვიანობის მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, ორსულ - ა. ქ–ს, კერძოდ: ხელი დაარტყა თვალისა და სახის არეში, ხელებზე მოკიდა და შეანჯღრია, რის შემდეგაც მკლავებზე ძლიერად მოუჭირა ხელი. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა ა. ქ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2021 წლის 13 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.თ–ში, ა–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში, ე. ჯ–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების, მორჩილებისა და მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ასევე მამაკაცის ქალზე ბატონობისა და კონტროლის პრინციპით, ეჭვიანობის მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, ორსულ - ა. ქ–ს, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა ა. ქ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით ე. ჯ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტყაბლაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ე. ჯ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 4 მაისს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენის გაუქმება, ე. ჯ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3.3. გამართლებულ ე. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. პ–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ ე. ჯ–ს ბრალეულობას, კერძოდ: მოწმე ქ. უ–მა დაადასტურა, რომ ა. ქ–ს და ე. ჯ–ს ხანდახან მოსდიოდათ კონფლიქტი, თუმცა დეტალები არ იცის. მაგრამ იცის, რომ 2021 წლის 13 სექტემბერს მეუღლესთან კონფლიქტის გამო ა. წავიდა სახლიდან და იგი ე-ს თხოვნით მან და მისმა მეუღლემ დააბრუნეს შინ. ღამით მას დაურეკა ე. ჯ–მა და სთხოვა მათთან ასვლა, რადგან მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. იგი ავიდა მათთან სახლში და ნახა, რომ ე. ჯ–ი ორსულ მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა ,,მის წყობილებიდან გამოყვანას“. ამის გამო ა. მივარდა ე-ს და უყვიროდა, ნუ მეუბნები ასეთ სიტყვებსო, თუმცა ე. მას მაინც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი დადასტურდა, რომ ა. ქ–ს გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მხრის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებულმა მიუთითა დანაშაულის ჩადენის ადგილებზე, საგამოძიებო ექსპერიმენტისას კი დეტალურად აღწერა მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტი. გარდა ამისა, შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია დაზარალებულმა დაადასტურა ხელმოწერით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ჯ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.3. მოცემულ შემთხვევაში გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2021 წლის 14 სექტემბერს ა. ქ–ს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელებული შეტყობინება, რომ რამდენიმე დღეა, მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობს მეუღლე - ე. ჯ–ი, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა. ქ–მა უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა ე. ჯ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ე. ჯ–ის ჩვენებაზე, რომელმაც წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2021 წლის 12 სექტემბერს, სახლში დაბრუნებისას, ტელეფონზე მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება, რაც წაიკითხა მისმა ორსულმა მეუღლემ, ა. ქ–მა, რომელსაც ჰქონდა რთული ფეხმძიმობა, ძალიან გაღიზიანდა და ინერვიულა. იმისთვის, რომ გამოეფხიზლებინა და დაემშვიდებინა იგი, ხელი მოჰკიდა და შეაჯანჯღარა. ამის შემდეგ მას ა. ქ–მა უთხრა, რომ წასულიყო სახლიდან. იგი გამოვიდა სახლიდან, რადგან არ სურდა ა-ს ენერვიულა. მას მეუღლისთვის ხელი არ დაურტყამს და მასზე არ უძალადია. მეორე დღეს ა. ქ–მა ცუდად ყოფნის გამო გამოიძახა სასწრაფო დახმარება. თვითონაც მივიდა მეუღლის მოსაკითხად, მაგრამ ა–მ კვლავ გამოუშვა სახლიდან. მას არც ხსენებულ დღეს უძალადია მეუღლეზე ფიზიკურად. 4-5 დღის შემდეგ იგი მისცეს პასუხისგებაში, რაც იყო მოულოდნელი.
5.5. მოწმეების - ქ. უ–სა და მ. ს–ს გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებმა გახადეს უდავოდ, რის გამოც, ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს უდავო მტკიცებულებებზე, კერძოდ: 2020 წლის 15 სექტემბრის სამედიცინო ბარათში მითითებულია, რომ პაციენტის გადმოცემით, 2 დღის წინ მასზე იძალადა მეუღლემ, რომელმაც სახეში გაარტყა ხელი, რის გამოც დაკარგა გონება. დღეს კი კონფლიქტი გაგრძელდა სიტყვიერად. მოწმე მ. ს–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს .........ს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში შეამოწმა ა. ქ–ი, რომელმაც უთხრა, რომ მასზე იძალადა ე. ჯ–მა, რომელმაც სახეში გაარტყა ხელი და მოუჭირა ხელებზე. პაციენტი იყო ,,ემოციური გადაძაბვის ქვეშ და აღენიშნებოდა ფორიაქი, სხეულის სხვადასხვა ნაწილში აღენიშნებოდა მცირე ზომის სისხლჩაქცევები“.
5.7. N...... შემაკავებელი ორდერისა და მისი ოქმის გამოცემას საფუძვლად დაედო ა. ქ–ს განმარტება, რომ 2021 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, მასზე ფიზიკურად იძალადა ე. ჯ–მა, რომელმაც ხელები ძლიერად მოუჭირა მკლავებზე და ხელი გაარტყა სახის არეში. ამასთან, 2021 წლის 12 და 14 სექტემბერს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა სახეში და შეანჯღრია.
5.8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით კი დგინდება, რომ დათვალიერდა თბ–ში, ა–ის ქუჩა N.., კორპუს N..-ში მდებარე, ბინა N.., რა დროსაც ა. ქ–მა განმარტა, რომ 2021 წლის 12 და 14 სექტემბერს, მისაღებ ოთახში ყოფნისას, მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყუარდღებას მიაქცევს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნას, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ქ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება მარჯვენა მხრის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით დაახლოებით 5-9 დღისაა. დასკვნის თანახმად, ა. ქ–ს შემოწმება ჩატარდა 2021 წლის 15 სექტემბერს.
5.10. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ქ. უ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც დგინდება, რომ მის კორპუსში ქირით ცხოვრობენ ე. ჯ–ი და მისი მეუღლე - ა. ქ–სი, რომლებსაც 2021 წლის 13 სექტემბერს მოუვიდათ კონფლიქტი და ა. გადაწყვიტა სახლიდან წასვლა. მას ე-მა სთხოვა დახმარებოდა მეუღლესთან შერიგებაში. მან და მისმა მეუღლემ სახლში მიიყვანეს ა–ე, ურჩევდნენ არ წასულიყო სახლიდან, რადგან ორსულად იყო. იმ ღამით ა–ს გაუმზადეს საწოლი და დატოვეს ოთახში შვილთან ერთად. ღამე დაურეკა ე–მა და სთხოვა ასულიყო, რადგან კვლავ ჩხუბობდა მეუღლესთან, რაც მისთვის იყო მოულოდნელი, ვინაიდან არმინე ეგონა თავის სახლში. ბინაში შესვლისას ე–ი და ა–ე კამათობდნენ, ე–ი ა–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა მის მდგომარეობიდან გამოყვანას. შემდეგ დაწყნარდნენ და დატოვა სახლში. მეორე დღეს ა–ე ჩავიდა მასთან და უამბო, რომ მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც ე–ა მას რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის - ხელი გაარტყა სახის არეში და მკლავზე ძლიერად მოუჭირა ხელები, რისი კვალიც, სილურჯეების სახით, ეტყობოდა სხეულზე.
5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე ქ. უ-ის ჩვენება იმ ნაწილში, სადაც აღწერს 2021 წლის 13 სექტემბერს მეუღლესთან კამათის გამო ა. ქ–სის სახლიდან წასვლას, ასევე ამის შემდეგ მეუღლეებს შორის მომხდარ კამათს და ა. ქ–სის მდგომარეობას არის პირდაპირი, თუმცა ე. ჯ–ის მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, მისი ჩვენება არის ირიბი, ვინაიდან თვითონ არ შესწრებია ძალადობის ფაქტს და გადმოსცემს დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. გარდა ამისა, გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ მას ა. ქ–მა უამბო, რომ მეუღლესთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა, რის გამოც ე–მა მას რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი გაარტყა სახის არეში, ასევე ძლიერად მოუჭირა მკლავზე ხელები, რისი კვალიც დაზარალებულს სილურჯეების სახით, ეტყობოდა სხეულზე, თუმცა აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო თუ არა 2021 წლის 12 ან 13 სექტემბერს გამოკითხვის ოქმში მითითებული არ არის. დაზარალებულზე მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ასევე ირიბია მოწმე მ. ს–ს გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაციაც, შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
5.14. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, აღნიშნული წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების შემოწმებას, გარდა ამისა, მასში საუბარია 2021 წლის ივნისში ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, რომელსაც ე. ჯ–ის მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებთან კავშირი არ აქვს, რის გამოც ვერ იქნება გაზიარებული. ამასთან, მართალია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში საუბარია 2021 წლის 12-14 სექტემბერს ე. ჯ–ის მიერ მეუღლეზე ძალადობის შესახებ, მაგრამ მასში დეტალები არ არის აღწერილი.
5.15. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ე. ჯ–ს ბრალი ედება 2021 წლის 13 სექტემბერს, საღამოს საათებში, მეუღლის მიმართ ძალადობაში, შემაკავებელი ორდერი კი გამოცემულია 2021 წლის 14 სექტემბერს ჩადენილ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით. ამასთან, შემაკავებელი ორდერით არ ირკვევა, რომელ დღეს რა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა ე. ჯ–მა, შესაბამისად, აღნიშნულ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში მითითებული მწირი ინფორმაცია არ ადასტურებს ე. ჯ–ის ბრალეულობას.
5.16. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დადგინდა, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ჩატარებული გამოკვლევისას დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა მხრის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც ხანდაზმულობით არის 5-9 დღის. შესაბამისად, მისი მიყენების დრო არ შეესაბამება ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის დროს - 2021 წლის 12 და 13 სექტემბერს, რის გამოც აღნიშნული დასკვნა ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
5.17. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ე. ჯ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 13 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.20. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.21. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე