საქმე N 020100121004920094
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №526აპ.-22 15 ივლისი, 2022 წელი
ჯ–ა ნ., №526აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ნ. ჯ–ა (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს მფლობელის ხელშეუხებლობას) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 4 ივლისს ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში მდებარე ი–ა ჯ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ნ. ჯ–მ ი. ჯ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი ერთხელ დაარტყა მკერდზე, მოქაჩა საყელო და ხის ჯოხი სამჯერ დაარტყა სახის მარცხენა არეში, ასევე სახეზე მოუჭირა ხელი და ჩამოგლიჯა სათვალე. ნ. ჯ–ს მიერ განხორციელებული თითოეული ქმედების შედეგად ი. ჯ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.3. 2021 წლის 4 ივლისს ი. ჯ–მ გააფრთხილა ნ. ჯ–ა, რომ არ შესულიყო ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. მიუხედავად გაფრთხილებისა, ნ. ჯ–ა მფლობელის - ი. ჯ–ს ნების საწინააღმდეგოდ, შევიდა ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში მდებარე ი. ჯ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, რითაც დაარღვია ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ეზოს მფლობელობის ხელშეუხებლობის უფლება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ნ. ჯ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ნ. ჯ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 6 აპრილს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმება, ნ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დადასტუდა ნ. ჯ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. დაზარალებულ ი. ჯ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 4 ივლისს, მიუხედავად იმისა, რომ ნ. ჯ–ს ეუბნებოდა, არ შესულიყო, დაზარალებულის ნებართვის გარეშე, ჯოხმომარჯვებული მაინც შევიდა ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში მდებარე ი. ჯ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, კერძოდ, ნ. ჯ–ა ეუბნებოდა, რომ უფლება არ ჰქონდა, ეცხოვრა ბიძამისის სახლში. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ნ. ჯ–ა ჯოხით ხელში შეიჭრა ი. ჯ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში და ამ უკანასკნელს მოქაჩა მკერდის არეში, გაუხია ტანსაცმელი, სამჯერ ჩაარტყა ჯოხი სახეში და დაუმტვრია სათვალე. ნ. ჯ–ას თითოეული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4.2. კასატორი ასევე განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ი. ჯ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რაც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი დგინდება, რომ დაზარალებულის ტანსაცმელი ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად არის გახეული, ხოლო სათვალის შუშა - ბუდიდან ამოვარდნილი.
4.3. კასატორის განმარტებით, მართალია, მოწმე ლ. კ–ა არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ მას ი. ჯ–მას საცხოვრებელი სახლის ეზოდან ესმოდა ყვირილი. მოწმე ი. ა–ა კი შემთხვევის ადგილზე მივიდა კონფლიქტის დაწყების შემდეგ და შეესწრო დაპირისპირების ბოლო ეპიზოდს, რა დროსაც, მისი განმარტებით, ნ. ჯ–ა და ი. ჯ–მა ურტყამდნენ ერთმანეთს. კასატორი ასევე უთითებს, რომ კონფლიქტის დროს, შემთხვევის ადგილზე, ნ. ჯ–ას გვერდით იმყოფებოდნენ მისი დედა - ს. ჯ–ა და მეზობელი ი. ა–ა, ი. ჯ–ა კი იყო მარტო. ამასთან, ნ. ჯ–ა არის 39 წლის, ი. ჯ–მა - 56-ის. გარდა ამისა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. ჯ–ას სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, ი. ჯ–მას კი ჰქონდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ ნ. ჯ–ას სცემა ი. ჯ–მ, რატომ არ აღენიშნებოდა მას დაზიანებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ სწორედ ნ. ჯ–ა ურტყამდა ი. ჯ–მას.
4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის N680აპ-20 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს.
4.5. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალებულის, ასევე მოწმეების - ლ. კ–სა და ი. ა–ს ჩვენებებით კონფლიქტი მოხდა ი. ჯ–მას საცხოვრებელი სახლის ეზოში, რაც ადასტურებს, რომ ნ. ჯ–ა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ შევიდა ი. ჯ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ჯ–ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ ი. ჯ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მაზლის, მ. ჯ–ს გარდაცვალების შემდეგ, მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჩ–ს რაიონის სოფელ ხ–ში მდებარე მ. ჯ–ს საცხოვრებელ სახლში. მათ მეზობლად მდებარე სახლში ცხოვრობს მისი ქმრის გარდაცვლილი ძმის, ნ. ჯ–ს მეუღლე, ს. ჯ–ა, მათი შვილი - ნ. ჯ–ა კი ხ–შია გათხოვილია. დაზარალებულის განმარტებით, მისი მეუღლის ნათესავებს არ სურდათ, რომ მათ მ. ჯ–ს სახლში ეცხოვრათ, რის გამოც ჰქონდათ უთანხმოება. 2021 წლის 4 ივლისს მასთან მივიდა ნ. ჯ–ა, რომელიც სტუმრად იმყოფებოდა დედასთან და სთხოვა წყლის ჭურჭელი, რაზეც უპასუხა, რომ დაცლიდა და მიუტანდა. რამდენიმე ხანში ნ. ჯ–ა მივიდა მასთან სახლში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეკითხებოდა, რატომ არ აძლევდა მამამისის ნაქონ წყლის ჭურჭელს და უყვიროდა, რა უფლებით ცხოვრობდა ბიძამისის სახლში. მან ნ. ჯ–ას მოსთხოვა გასულიყო მისი ეზოდან, რაზეც ნ. გაბრაზდა, აიღო ჯოხი, წავიდა მისკენ, მკერდზე სტაცა ხელი, რის გამოც ხალათს ასძვრა ღილი და დაზიანდა, ასევე ჯოხი სამჯერ მოარტყა თვალის ქვემოთ, რა დროსაც ჩამოუვარდა სათვალე და გაუტყდა. ამის შემდეგ ნ. ჯ–ა ეზოდან გაიყვანეს ს. ჯ–მ და ი. ა–მ, თუმცა ნ–ა დაუსხლტათ და ესროლა ქვა, რომელიც ასცდა. თვითონ ნ. ჯ–ასთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ ეუბნებოდა, რომ წასულიყო მისი სახლიდან და წყლის ჭურჭელს სახლში მიუტანდა.
5.4. მოწმე ლ. კ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 4 ივლისს იმყოფებოდა ი. ა–თან ერთად, რა დროსაც გაიგეს კივილის ხმა. ი. ა–ა წავიდა ნ–ა და ი. ჯ–ბისკენ, თვითონ კი შევიდა ნ. ჯ–ას სახლში იქ მყოფი ბავშვების დასამშვიდებლად. მოწმის ჩვენება თანხვდენილია მოწმე ი. ა–ს ჩვენებასთან, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს გაიგონა, რომ ნ. ჯ–ა დაზარალებულს უყვიროდა „ჩემი რეზერვუარი მინდა“, რაზეც ი–ა პასუხობდა „არა, არ მოგცემ“. ამ დროს დაინახა, რომ ი. ჯ–მა ხელკეტს ურტყამდა ნ. ჯ–ას. მან გააშველა ისინი და ნ. ჯ–ა შეიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში.
5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე ა. გ–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2021 წლის 4 ივლისს მეზობელმა ნ. ჯ–ამ სთხოვა წყლის ჭურჭელი, მაგრამ ვერ ათხოვა, რადგან ღვინო ესხა. ამის შემდეგ იგი ნ–მ წყლის ჭურჭლის გამოსართმევად გააგზავნა ი. ჯ–მასთან, რომელმაც უთხრა, რომ დაცლიდა ჭურჭელს და მისცემდა. მან ნ–სა და ი–ს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ გაიგო სხვისგან.
5.6. მოწმეებმა - ნ. ბ–მ და ი. ფ–მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და შინაარსი.
5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს გამართლებულ ნ. ჯ–ას ჩვენებაზე, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას სჭირდებოდა წყლის ჭურჭელი, რაზეც ი. ჯ–მ უთხრა, რომ დაცლიდა და მისცემდა. გარკვეული ხნის შემდეგ კვლავ მოიკითხა ჭურჭელი, რაზეც ი–მ უპასუხა ,,შორიდან რატომ ეძახდა, მისულიყო მასთან და წაეღო“. ვინაიდან ი–ს ჰყავდა მამალი, რომელიც იკბინებოდა, იგი მსხლის ჯოხით შევიდა ეზოში, სადაც ი–მ დაუწყო ჩხუბი, სწვდა ყელში და ახრჩობდა. თვითონაც იქნევდა ხელ-ფეხს და შესაძლოა, ამ დროს მიაყენა ი. ჯ–მას დაზიანება, ვინაიდან თავს იცავდა. იგი ი– ა–მ და ს. ჯ–მ გამოსტაცეს ი. ჯ–ს და წაიყვნეს სახლში.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2021 წლის 4 ივლისს დათვალიერდა ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ–ში მდებარე ი. ჯ–ს საცხოვრებელი სახლი, რომლის წინა მხარეს, კიბიდან დაახლოებით 2-3 მეტრში აღმოაჩინეს და ამოიღეს ხის ჯოხი, რომლის ერთი მხარე დაახლოებით 20 სანტიმეტრზეა გაყოფილი.
5.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის .......... საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2021 წლის 6 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ხის ჯოხის ერთ დაბოლოებაზე არსებული დაზიანება თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმითა და განვითარებით, დამახასიათებელია მისი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისთვის, რომელიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის (ძალების) ზემოქმედების შედეგად. ამავე დასკვნის თანახმად, ი. ჯ–გან ამოღებულ ხედვის სათვალეს რაიმე სახის დაზიანება, გარდა მისი ექსპლოატაციური ცვეთისა, არ აღენიშნება. ი. ჯ–ს მწვანე ფერის კაბა-ხალათზე არსებული დაზიანება, ნაკერი ძაფისა და ქსოვილის გახევის სახით, თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმითა და განვითარებით გამოწვეულია ფიზიკური ძალის (ძალების) ზემოქმედების შედეგად.
5.10. ექსპერტ შ. თ–ს ჩვენებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ესპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 7 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის №........ დასკვნით დადგენილია, რომ ი. ჯ–ს სხეულზე გარეგნულად სახის მიდამოში (მარცხენა ყვრიმალის მიდამოში) აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით. ასევე, მარცხენა წინამხარის წინა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნება დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგინდა, რომ ი. ჯ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით, თუმცა დაზარალებულის ჩვენება, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში უნებართვოდ შეაღწია ნ. ჯ–მ, რომელმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მიიღო აღნიშნული დაზიანებები, არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. მართალია, მოწმეებმა - ლ. კ–მ და ი. ა–მ დაადასტურეს, რომ გაიგეს კივილის ხმა, რის შემდეგაც ლ. კ–ა ბავშვების დასამშვიდებლად შევიდა ნ. ჯ–ას სახლში, თუმცა ჩხუბის ფაქტს არ შესწრებია. ი. ა–მ კი ნახა, რომ ი. ჯ–მა ხელკეტს ურტყამდა ნ. ჯ–ს, მივიდა მათთან და გააშველა. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ. ჯ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე