საქმე # 010100121004724412
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №695აპ-22 ქ. თბილისი
ა. გ., 695აპ-22 27 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, რადგან გ. ა-ს მსჯავრდება დაფუძნებულია მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებაზე - დაზარალებულ ნ. ქ-ს ჩვენებაზე, რომელიც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიცემულ განმარტებებს მსჯავრდებულის სახლში მის მიერ სასმლის მოხმარებასთან დაკავშირებით და ასევე - არ შეესაბამება საქმეზე უდავოდ ცნობილ, პრეიუდიციული მნიშვნელობის სამხილებს, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ა-ს გამოკითხვის ოქმს, რომლის შინაარსი ცხადყოფს, რომ მას ბრალად წარდგენილი დანაშაულები არ ჩაუდენია და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, პირადი შემოწმებისას, ტანსაცმლით დაუფარავ არეებში დაზარალებულს ფიზიკური დაზიანების ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა; გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს ასევე დაინტერესებული პოლიციელების - ი. თ-სა და კ. დ-ს ირიბი ჩვენებები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის - მ. გ-ს ჩვენება, რომლის შინაარსი სასამართლომ დაამახინჯა, რადგან იგი ირიბადაც კი არ მიუთითებს გ. ა-ს ბრალეულობაზე; სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტი, რომ დაზარალებული იყო გ. ა-ზე განაწყენებული, რომელმაც ბინიდან გამოაგდო იგი; საყურადღებოა, რომ გ. ა. არის ნასამართლობის არმქონე, სოციალურად დაუცველი და მძიმე ავადმყოფი, რაც სასამართლოს შეფარდებული სასჯელის დასაბუთებისას მხედველობაში არ მიუღია.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა - 1000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა - 1000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და გ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 800 ლარი.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა-მ ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2021 წლის 10 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ... ალკოჰოლით მთვრალმა გ. ა-მ თვის ნაცნობს - ნ. ქ-ს ერთი ხელი დაარტყა მარცხენა ყურის არეში, ხოლო მეორე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ასევე - დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაახრჩობდა და მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო, მეორე მხრივ, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა, რომელიც ითხოვდა სასჯელის დამძიმებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. ა-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.
9. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ნ. ქ-ს ჩვენება, გ. ა-ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის, კერძოდ, ყურის არეში დარტყმასთან მიმართებით, დასტურდება მოწმეების - მ. გ-ს, ი. თ-სა და კ. დ-ს ჩვენებებით, რომლებმაც დანაშაულის ჩადენიდან მალევე პირადად ნახეს დაზარალებული, რომელსაც სწორედ იმგვარი დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა (სიწითლე ყურის არეში), რა ტიპის ძალადობაშიც ამხელდა იგი გ. ა-ს; საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ შესაძლებელია, პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც, ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ - მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება №626აპ-17 საქმეზე, პუნქტი 34), რისი მხედველობაში მიღებითაც, ასევე მნიშვნელოვანია მოწმეების - მ. გ-ს, ი. თ-სა და კ. დ-ს ჩვენებების ის ნაწილი, სადაც ისინი აღწერენ დანაშაულის ჩადენიდან მალევე, როგორ ემოციურ მდგომარეობაში ნახეს დაზარალებული, რომელიც იყო აღელვებული და შეშინებული, რაც გ. ა-სათვის მსჯავრად შერაცხული კიდევ ერთი დანაშაულის - მუქარის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია; რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ თითქოსდა, დაზარალებულის ჩვენება ეწინააღმდეგება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, ნ. ქ-ს სხეულზე დაზიანებების ობიექტური კვალი არ აღენიშნებოდა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: გ. ა-ს მსჯავრად შერაცხული აქვს - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია მისი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რისი გათვალისწინებითაც, ცალსახაა, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის შედეგის სახით მნიშვნელოვანია - დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა, რაც განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არის დადგენილი და არა - ფიზიკური დაზიანების არსებობა, რაზეც მიუთითებდა კასატორი თავის საკასაციო საჩივარში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ დაზარალებულ ნ. ქ-ს ჩვენება არის თანმიმდევრული, საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით თანხვდენილია და დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ხოლო უმნიშვნელო განსხვავებები, რომლებიც შესაძლოა შეინიშნებოდეს მის მონათხრობში, საეჭვოს ვერ გახდის მის სანდოობას, ამასთან - რაიმე დამაჯერებელი მოტივი, რატომ უნდა ემხილა დაზარალებულს არჩადენილ დანაშაულში გ. ა., ვერც დაცვის მხარემ მიუთითა და არც საქმის მასალებით დადგენილა. ამდენად, გ. ა-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი