Facebook Twitter

საქმე # 060100120003499295

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №604აპ-22 ქ. თბილისი

ა. ტ., 604აპ-22 4 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ტ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი მოტივებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ სამართლებრივად არასწორად და ცალმხრივად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; მართალია, დაზარალებულმა ლ. ც-მა და არასრულწლოვანმა მოწმემ - ს. ა-მ არ მისცეს ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის - ტ. ა-ს წინააღმდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ტ. ა-ს ბრალეულობას.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ტ. ა-ს ბრალად ედება: ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

ტ. ა-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, მთვრალმა ტ. ა-მ ურთიერთშელაპარაკებისას, ... მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილის - ს. ა-ს თანდასწრებით, ხის სკამი ესროლა მეუღლეს, ლ. ც-ს, რაც მას მოხვდა კეფაში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2020 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, მთვრალი ტ. ა. ურთიერთშელაპარაკებისას, ... მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ლ. ც-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენით ტ. ა., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა ტ. ა-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გამართლებულ ტ. ა-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გივი გოცაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ტ. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ტ. ა-ს ბრალეულობა ბრალად წარდგენილ ქმედებებში და მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ლ. ც-მა და არასრულწლოვანმა მოწმემ, ს. ა-მ, რომლებიც არიან შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები, პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და ჩვენება არ მისცეს თავიანთი ახლო ნათესავის - ტ. ა-ს წინააღმდეგ, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

10. რაც შეეხება მოწმეების - ლ. ე-სა და დეტექტივ-გამომძიებლების - მ. დ-სა და გ. მ-ს ჩვენებებს, მართალია, ლ. ე. შეესწრო მეუღლეებს შორის კამათს, მაგრამ მას არ დაუნახავს ტ. ა-ს მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი, ხოლო დეტექტივ-გამომძიებლები არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები და, შესაბამისად, არ წარმოადგენენ პირდაპირ მოწმეებს, რის გამოც მათი ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ისევე როგორც ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ვინაიდან ვერცერთი მათგანი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ტ. ა-ს მიერ ლ. ც-ს მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მის შედეგად დაზარალებულში ტკივილის, ხოლო მუქარის შემთხვევაში - საფუძვლიანი შიშის გამოწვევის ფაქტებს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი