გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-285 11 თებერვალი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
ნ.კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. პ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს …... სამმართველოს უფროსის _ ...ის თანამდებობაზე შემდეგი საფუძვლით: 1996წ. 14 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ¹60 ბრძანებით იგი უკანონოდ დაითხოვა სამუშაოდან. ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა სამუშაოზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 1999წ. 9 აგვისტოს ¹343/2 ბრძანებით სისრულეში მოიყვანა სასამართლოს გადაწყვეტილება და აღადგინა სამუშაოზე. 1999წ. 10 აგვისტოს ¹347/2 ბრძანებით საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ დაითხოვა სამუშაოდან და ჩარიცხა სამინისტროს რეზერვში. სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებაში საფუძვლად არასწორადაა მითითებული ის გარემოება, რომ ქ. მოსკოვში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს ...ის ფუნქციების განსახორციელებლად როტაციის წესით მისმა მივლინებამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გართულება, როგორც რუსეთის ფედერაციასთან, ასევე _ ავსტრიის რესპუბლიკასთან, რადგან მის მიმართ საკონსულოს საქმიანობის შემოწმების საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე არ არის დადგენილი სასამართლო განაჩენი და არ შეიძლება დადგენილად ცნობილ იქნეს მის მიერ საკონსულოს საქმიანობაში დარღვევების ფაქტები. მისი ჩარიცხვა საგარეო საქმეთა სამინისტროს რეზერვში ეწინააღმდეგება “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
1999წ. 31 აგვისტოს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში დანიშნულ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე. სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. პ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაკმაყოფილდა: ა. პ-ი აღდგა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს ...ის თანამდებობაზე.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ იგი სხდომის დროს იმყოფებოდა შვებულებაში და ამდენად, მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით არის გამოწვეული.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული მიზეზი არ მიიჩნია საპატიოდ და 1999წ. 23 სექტემბრის განჩინებით საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 31 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 16 დეკემბრის განჩინება აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმეზე გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 1999წ. 10 აგვისტოს ¹347/2 ბრძანება გაუქმდა და ა. პ-ი აღდგა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს ...ის თანამდებობაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს არ გაითვალისწინა სამინისტროს მიერ კანონის თანახმად დასაბუთებული გარემოებები, ასევე არასწორია სარჩელში მითითებული გარემოებები და მოსარჩელის მითითება “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 28 ივნისის განჩინებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: ა. პ-ის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმის განხილვის დამთავრებამდე მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება შეჩერდა. პალატამ მიიჩნია, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ა. პ-ის ბრალდებით, რომლის შედეგებს შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 16 იანვრის განჩინებით ა. პ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა განახლდა, რადგან საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს _ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 აგვისტოს განაჩენით ა. პ-ი ცნობილ იქნა გამართლებულად და განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძველი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს ადმინისტარციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება. მოცემულ დავაში მოპასუხე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და ამდენად, იგი არის ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის ამავე პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული გარიგება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ პირთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება. კონკრეტულ შემთხვევაში განხილვის საგანი ადმინისტრაციულ ორგანოსთან საჯარო სამართლებრივი შრომითი ურთიერთობა, ხოლო დავის საგანი _ ადმინისტრაციული გარიგების, საჯარო შრომითი ურთიერთობის, დადება, შეწყვეტა, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეს განეკუთვნება და იგი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად. გასაჩივრებული გაადწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით. ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის შექმნის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არაგანსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “ბ” პუნქტით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.