Facebook Twitter

საქმე # 020100118002520464

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№532აპ.-22 ქ. თბილისი

ა. რ., 532აპ.-22 5 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ყ-სა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ყ-მა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ.

2. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, ერთი მხრივ, სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო კანონის მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება არ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა წარდგენილ ბრალდებაში რ. ა-ს ბრალეულობაში; სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, უკანონოდ დაუშვა და განაჩენს საფუძვლად დაუდო ჩეხეთის რესპუბლიკაში მოპოვებული ვიდეოჩანაწერები და მათ საფუძველზე შექმნილი სხვა მტკიცებულებები, რადგან არ გაითვალისწინა, რომ სასამართლოში არ დაკითხულა თარჯიმანი, არ დადგენილა, ვინ თარგმნა ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში გამოგზავნილი საქმის მასალები, რაც საეჭვოს ხდის მათ ავთენტურობას და მხედველობაში არ მიიღო, რომ დანაშაულის ჩადენის ადგილის მიუხედავად, სისხლის სამართლის პროცესი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ცხადყოფს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკიდან სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე გამოძიება და სასამართლო განხილვა უნდა გაგრძელებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, თუმცა მასალები ისე დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რომ არც მათი ნამდვილობა გადამოწმებულა და არც საქმეზე მათი დამაგრება მომხდარა ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად; სასამართლომ მტკიცებულებები ცალმხრივად და არაობიექტურად შეაფასა, სამხილების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, უდანაშაულობის პრეზუმფციის უგულებელყოფით, მსჯავრდებულის საზიანოდ გადაწყვიტა; მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო რ. ა-ს მსჯავრდებას, არ არის საკმარისი და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენისათვის დადგენილ სტანდარტს; სასამართლოს სამხილები არ შეუფასებია მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, არ დაუსაბუთებია, რატომ არ გაიზიარა დაცვის მხარის კანონიერი და არგუმენტირებული პოზიცია და რატომ მიიჩნია წარდგენილი ბრალდება დამტკიცებულად.

3. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენის შეცვლასა და, ერთი მხრივ, რ. ა-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, ხოლო, მეორე მხრივ, დაყადაღებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას, შემდეგ სამართლებრივ არგუმენტებზე მითითებით: რ. ა-სათვის შეფარდებული სასჯელი არის უსამართლო, ვინაიდან აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და მის პიროვნებას, კერძოდ, მსჯავრდებულს არ აუნაზღაურებია ზიანი, არ უთანამშრომლია გამოძიებასთან, ანალოგიური ქმედების ჩადენისათვის წარსულში შეფარდებულმა სასჯელმა ვერ მოახდინა მასზე პრევენციული გავლენა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებული დაავადებულია იმგვარი დაავადებით, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფლების აღკვეთის მოხდას, რისი მხედველობაში მიღებით, დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანზე გაცილებით მცირე ოდენობის ჯარიმის დაკისრება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს; უკანონოდ მოპოვებულ ქონებებთან მიმართებით საყურადღებოა, რომ რ. ა-ს დაკავებიდან 4 დღეში - 2018 წლის 29 მაისს მსჯავრდებულის მეუღლემ - ჟ. ღ-მ მეუღლის სახელზე რიცხული ქონება, თითქოსდა, სესხის უზრუნველსაყოფად, დროებით გაასხვისა ზ. რ-ზე, რომლის განმარტებები სადავოდ გამხდარ უძრავ ქონებასთან მიმართებით იყო ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი; ასევე დადგენილია, რომ რ. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენიდან საეჭვოდ მალე შეიძინა მისმა მეუღლემ - ჟ. ღ-მ მეზობლის უძრავი ქონება, რომელიც, თითქოსდა, ფაქტობრივად დიდი ხანია, რაც მათ ოჯახს ეკუთვნოდა და მხოლოდ რეგისტრაცია დაემთხვა დანაშაულის ჩადენის დროს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ზ. რ-ს საკუთრებაში არსებული, .. მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - ..; მ. ა-ს საკუთრებაში .. მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით - .. და ლ. ა-ს საკუთრებაში არსებული „BMW 316“ მოდელის ავტომობილი, საიდენტიფიკაციო № (სახელმწიფო № ), როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.

4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ა-ს ბრალად დაედო თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

4.1. თაღლითობისთვის ნასამართლევმა საქართველოს მოქალაქე რ. ა-მ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითური გზით დაუფლებოდა ს. ხ. ა. ა. მ-ს ფულად თანხას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, წინასწარ მოფიქრებული გეგმის თანახმად, იგი 2014 წლის 13 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე დროის მონაკვეთში, ყოველდღე მიდიოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, .. არსებულ შპს „პ-ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, სადაც მუშაობდა ს. ხ. ა. ა. მ. და ნდობის მოპოვების მიზნით, ამ უკანასკნელისაგან, ჩეხური კრონების გამოყენებით, განსხვავებული მეთოდით ყიდულობდა სხვადასხვა, მზარდი ოდენობის ვალუტას - ევროს. 2014 წლის 17 დეკემბერს რ. ა-მ აცნობა ს. ხ. ა. ა. მ-ს, რომ მეორე დღეს კვლავ მივიდოდა მასთან და შეიძენდა 195 000 ევროს. მეორე დღეს, 2014 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, რ. ა. დაპირებისამებრ, ძველი შემუშავებული გეგმის თანახმად, რომელსაც უკვე ჰქონდა მოპოვებული ს. ხ. ა. ა. მ-ს ნდობა, მივიდა .. არსებულ შპს „პ-ს“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში და ს. ხ. ა. ა. მ-ს გამოართვა ამ უკანასკნელის კუთვნილი 140 000 ევრო, რომელიც დათვლის დროს შეცვალა წინასწარ დამზადებული, დაჭრილი, ასლგადაღებული 140000 ევროს ბანკნოტებით, შემდეგ ისინი დაზარალებულის თანდასწრებით მოათავსა მისივე მიტანილ შავი ფერის ჩემოდანში, ხოლო ს. ხ. ა. ა. მ-ს გადასცა 27 000 ჩეხური კრონი, ისევე, როგორც ამას აკეთებდა სხვა დღეებში. ამის შემდეგ შავი ჩემოდანი მასში მოთავსებული ქაღალდის ნაჭრებით დაუტოვა ს. ხ. ა. ა. მ-ს, ხოლო თვითონ, თითქოსდა, ევროების შესაძენად საჭირო დანარჩენი ჩეხური კრონების მოსატანად გავიდა სავალუტო პუნქტიდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნულის შედეგად, რ. ა. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ს. ხ. ა. ა. მ-ს 139029 ევროს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 330 763,90 ლარის (3 865 000 ჩეხური კრონის) დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

5. რ. ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით.

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განაჩენით რ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა ჯარიმა - 160000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის განაჩენითა და 2013 წლის 11 მარტის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და რ. ა-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 155000 ლარი.

6.1 გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს № განჩინებით დაყადაღებულ, გ. ზ-ს საკუთრებაში არსებულ, .. მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით - , ასევე ქონების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად 2018 წლის 29 ივნისის № ( ) განჩინებით დაყადაღებულ, ზ. რ-ს საკუთრებაში არსებულ, .. მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით - და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის № ( ) განჩინებით დაყადაღებულ, მ. ა-ს საკუთრებაში არსებულ, .. მდებარე უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით და ლ. ა-ს საკუთრებაში არსებულ „BMW 316“ მოდელის ავტომობილს, საიდენტიფიკაციო № , სახელმწიფო № , განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას ყადაღა.

6.2. ნივთიერი მტკიცებულებები - ჩემოდანი, პასპორტი და ავტომობილი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეებს, ხოლო დაჭრილი ქაღალდები, რეზინი, ცელოფნები, სუნის კვალი და ნიმუშები, ნერწყვის ნიმუშები, დაქტილოსკოპიური ფირები და დაქტილობარათი, ქაღალდის ნაჭრები და დისკები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.

7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ყ-მა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა არონიამ.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება: რ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა ჯარიმა - 100000 ლარი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 95000 ლარი.

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია რ. ა-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს. ხ. ა. ა. მ-ს, მოწმეების - რ. ჰ. ფ-ს, ფ. ბ-ს, ი. ნ-ს ჩვენებებით, ოდოროლოგიური, დაქტილოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 თებერვლის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ს. ხ. ა. ა. მ-ს ჩვენება, იმასთან მიმართებით, რომ რ. ა-მ, რომელიც შემთხვევამდე რამდენჯერმე მივიდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, სადაც ის მუშაობდა, გადაახურდავა გარკვეული თანხა, რითაც მოიპოვა დაზარალებულის ნდობა, რის შემდეგაც, წინა დღეებში გამოცდილი სქემით, თაღლითურად დაეუფლა 140000 ევროს, დაუტოვა მცირე თანხა და ჩემოდანი, ფულის კუპიურების ზომაზე დაჭრილი ქაღალდებით და, თითქოსდა, დარჩენილი თანხის მოსატანად წასული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა; ყურადსაღებია, რომ ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილა რაიმე გარემოება, რომელიც დაზარალებულის შესაძლო მიკერძოებაზე მიუთითებდა, მაშინ, როცა, მეორე მხრივ, ს. ხ. ა. ა. მ-ს განმარტებები არის დამაჯერებელი, რადგან დასტურდება საქმეში არსებული არაერთი სარწმუნო მტკიცებულებით, კერძოდ: მოწმეების - რ. ჰ. ფ-ს და ფ. ბ-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს დაზარალებულს არ ჰქონდა რ. ა-სათვის გადასაცემი ევროები სრულად, რის გამოც მათ გამოართვა თანხა, რომელსაც მოგვიანებით თაღლითურად დაეუფლა მსჯავრდებული და მიიმალა, ხოლო მოწმე ი. ნ-ს ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს დაზარალებული მსჯავრდებულთან ერთად შევიდა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში, საიდანაც მალევე შემოესმა ს. ხ. ა. ა. მ-ს ყვირილი და ტირილი, ხოლო შემთხვევის ადგილზე მისულმა ნახა დაჭრილი ფურცლებით სავსე ჩემოდანი; შემთხვევის დღეს, შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულის ყოფნა უტყუარად არის დადასტურებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებზე დაფიქსირებული პირი რ. ა-აა; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ჩემოდნიდან აღებული სუნის ნიმუში ეკუთვნის რ. ა-ს, ხოლო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ფულის კუპიურების ზომაზე დაჭრილ ქაღალდებზე აღმოჩენილია მსჯავრდებულის ხელის კვლები, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს რ. ა-ს ბრალეულობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ. ა-ს ქმედებაში გამოკვეთილი დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის შემადგენლობა და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით არის კანონიერი.

12. ჩეხეთის რესპუბლიკიდან გადმოგზავნილ, სადავოდ გამხდარ საქმის მასალებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებული იყო, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში დაცული კომპიუტერული მონაცემების მოპოვება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე და 1432-14310-ე მუხლების შესაბამისად, თუმცა განსახილველ საქმეზე ელექტრონული ფორმით არსებული ინფორმაციის მიღებისათვის რაიმე საპროცესო დოკუმენტი არ შედგენილა და მისი მიღება საპროცესო წესით, სათანადოდ არ დამაგრებულა, რისი მხედველობაში მიღებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული კომპიუტერული მონაცემები და შემდგომ მათზე ჩატარებული ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და მართებულად მიუთითა, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმეზე უცხო სახელმწიფოს მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი იურიდიული ძალა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გადმოგზავნილ სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით სამართალწარმოება გრძელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. უცხო სახელმწიფოში მოპოვებული/შექმნილი მტკიცებულების შეფასების სხვაგვარი წესი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ რ. ა-ს ბრალეულობის დასადგენად, საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ მტკიცებულებებთან ერთად, მართებულად იხელმძღვანელა იმ მტკიცებულებებით, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების კვალდაკვალ გადმოიგზავნა საქართველოში და დაუდო ისინი საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო დამატებით დასძენს: იმ პირველად საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, რომლებიც ჩატარდა ჩეხეთის რესპუბლიკაში რ. ა-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით საქმის მასალების საქართველოში გადმოგზავნაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ქართული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების გავრცელება, ერთი მხრივ, მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ, პროცესის მწარმოებელ ორგანოს აკისრებს იმგვარ ტვირთს, რომლის განჭვრეტაც ობიექტურად შეუძლებელია.

13. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, რ. ა-ს კანონიერი სასჯელი შეუფარდა, რომლის გამკაცრება და რ. ა-სათვის თავისუფლების აღკვეთა, მსჯავრდებულის ხანდაზმული ასაკისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლის მხედველობაში მიღებითაც წარიმართა სასამართლო განხილვები მის დაუსწრებლად, არ არის მიზანშეწონილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს, წამახალისებელი ნორმებია, რაც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა, ხოლო დაზარალებულისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელია ნიშანია და ვერ დაედება საფუძვლად სასჯელის გამკაცრებას. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი ქონების კანონიერებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, რისი მხედველობაში მიღებითა და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მტკიცება, რომ საქმეზე დაყადაღებული ქონება დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული, რადგან ა-ების ოჯახის მიერ ამ ქონებების ყიდვა-გაიდვა საეჭვოდ დაემთხვა რ. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის თარიღს, დარჩა მხოლოდ ეჭვად და ვარაუდად, რომელიც in dubio pro reo - პრინციპის თანახმად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ყ-სა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი