Facebook Twitter

საქმე # 190100121005179614

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №608აპ-22 ქ. თბილისი

ბ. ს., 608აპ-22 4 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და ს. ბ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი არგუმენტებით: მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი დანაშაული, პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დღის საათებში, პოლიციის თანამშრომელთა თვალწინ, შურისძიების მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო დაზარალებული არის ქალი.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ს. ბ., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

ს. ბ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 28 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

გაუქმდა ს. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ბ-მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ს. ბ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 15:45 .. ს. ბ. შურისძიების მოტივით, გაშლილი დანის სროლითა და სიტყვით ,,დაგჭრი“, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს, ე. კ-ს, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

- რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების კუთხით.

- მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და ს. ბ-სათვის ნაკლებად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს. ბ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული სასჯელი სრულად შეესაბამება მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამასთან, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ხერხი და საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი (დანაშაული ჩადენილია იარაღის გამოყენებით), ისე - შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მონანია ჩადენილი დანაშაული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია) და განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე უფრო მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რისი გათვალისწინებითაც, მისი დამძიმების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი