საქმე # 330100120003602535
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№610აპ-22 ქ. თბილისი
ბ. ბ., 610აპ-22 20 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ს-მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ბ. ბ-ს ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რადგან ბ. ბ-ს ქმედებაში გამოკვეთილია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების შემადგენლობა და არა - განზრახ მკვლელობის მცდელობა, როგორც ეს სასამართლომ მიიჩნია; ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ და ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული; აღსანიშნავია, რომ საქმეზე დაზარალებულ კ. ტ-ს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო ნაკვეთი ჭრილობა და არა - ნაჩხვლეტი, რაც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ბ. ბ-ს არ ჰქონია მისი სიცოცხლის მოსპობის სურვილი; დადგენილია, რომ ბ. ბ-მ რამდენჯერმე, კატეგორიულად მოუწოდა კ. ტ-ს დამშვიდებულიყო და დაესრულებინათ კონფლიქტი, მაგრამ დაზარალებულმა პირიქით, შეუტია მას; დადასტურებულია, რომ კ. ტ-ს მუცლის არეში მიყენებული აქვს ერთი შემავალი ჭრილობა, მაგრამ მსჯავრდებულს მის სხეულში დანის მექანიკური ზემოქმედება (ტრიალი) არ გაუგრძელებია, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, დასტურდება, რომ ბ. ბ-ს ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ბ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2020 წლის 12 მარტს, დაახლოებით 01:55 საათზე, .. კორპუსის მიმდებარედ, ბ. ბ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორი ჭრილობა მიაყენა კ. ტ-ს, კერძოდ, ერთი - შემავალი, ნაკვეთი ჭრილობა მუცლის არეში და მეორე - ნაფლეთი ჭრილობა მარცხენა წინამხრის გარე ზედაპირზე, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა, რადგან შემთხვევის ადგილზე მყოფმა ნ. წ-მ შეაკავა იგი და აღარ მისცა შესაძლებლობა, კ. ტ-სათვის კიდევ დაერტყა დანა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ს-მ, რომელიც დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და, ერთი მხრივ, ბ. ბ-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, დანაშაულის კვალიფიკაციის უცვლელად დატოვების შემთხვევაში, ალტერნატივის სახით - მსჯავრდებულისათვის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის შეფარდებას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ბ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
9. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კ. ტ-ს დაზიანებები დანით სწორედ ბ. ბ-მ მიაყენა და მისი ქმედებები მიზეზობრივად უკავშირდება დამდგარ შედეგს - კ. ტ-სათვის მიყენებულ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებას. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება. დაცვის მხარის მტკიცებით, ბ. ბ. კ. ტ-ს ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვით მოქმედებდა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადი ქმედებაა, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებით, ბ. ბ-ს კ. ტ-ს მოკვლა სურდა, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და ამდენად, მის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
11. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, №527აპ-17, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 29).
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტები, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც და რომლებიც, თითქოსდა, გამორიცხავდნენ ბ. ბ-ს ქმედებაში მკვლელობის მცდელობის შემადგენლობას, ვინაიდან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: მოწმეების - ნ. წ-ს, გ. კ-ს, მ. და ა. უ-ების ჩვენებებით ცალსახად დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს შემთხვევის მონაწილეებს შორის კონფლიქტი რამდენიმე ეპიზოდად განვითარდა, მათ შორის, თავდაპირველად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ კ. ტ. და გ. კ. და ეს ინციდენტი სადარბაზოსთან საქმის სიტყვიერი გამორკვევით ამოიწურა, ხოლო მოგვიანებით კონფლიქტი გაგრძელდა კ. ტ-სა და ბ. ბ-ს შორის, რომელსაც დაზარალებულმა უცენზუროდ მიმართა და რასაც მოჰყვა კ. ტ-ს დაჭრა; მოწმე ნ. წ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ კ. ტ-სა და ბ. ბ-ს დაპირისპირების დროს, სადარბაზოდან გასვლისთანავე შენიშნა, რომ მსჯავრდებულს ხელში ეკავა დაკეცილი, შავტარიანი დანა. მან სთხოვა გ. კ-ს, მსჯავრდებულისათვის გამოერთმია იარაღი და ამავდროულად დაინახა, როგორ გაშალა ბ. ბ-მ დანა და დაჭრა კ. ტ. იგი მყისიერად ჩადგა მათ შორის, რის შემდეგაც ბ. ბ-მ მასთან გააგრძელა ჩხუბი, რა დროსაც ხელში დანა აღარ ეკავა; საყურადღებოა მოწმე გ. კ-ს ჩვენება, რომლითაც დგინდება, რომ კ. ტ-სა და ბ. ბ-ს დაპირისპირების დროს, სადარბაზოში გასვლისას, იგი მ. უ-თან საუბარმა შეაყოვნა, რა დროსაც მასთან მივიდა ნ. წ. და უთხრა, რომ ბ. ბ-სათვის გამოერთმია დანა, რომელიც მას ხელში ეკავა. იგი მივიდა მსჯავრდებულთან, სცადა მისთვის იარაღის წართმევა, მაგრამ ვერ შეძლო და ბ. ბ-მ მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა კ. ტ-ს, რის შემდეგაც იარაღი დააგდო და განაგრძო ჩხუბი ნ. წ-სთან; მ. და ა. უ-ების ჩვენებების მიხედვით, კ. ტ-სა და ბ. ბ-ს დაპირისპირების დროს, როდესაც მათთან სტუმრად მყოფი ბიჭები გავიდნენ სადარბაზოსთან, გარედან შემოესმათ კ. ტ-ს ყვირილი: ,,დამჭრესო“ და ნ. წ-ს შეძახილი: ,,რა ქენი? ძმაკაცი მომიკალიო?“. მაშინვე გავიდნენ გარეთ და ნახეს კ. ტ., რომელსაც მუცლიდან სდიოდა სისხლი და ბ. ბ-ს ამხელდა დანაშაულში; ასევე - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ კ. ტ-ს აღენიშნებოდა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით მიყენებული ნაფლეთი ჭრილობა მარცხენა წინამხრის გარეთა ზედაპირზე და ნაკვეთი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე მეზოგასტრიუმში, შემავალი მუცლის ღრუში, განივი კოლინჯისა და დიდი ბადექონის დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნებოდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლომ მსჯავრდებულის განზრახვის დადგენისას ყურადღება მიაქცია დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის ინციდენტამდე არსებულ დამოკიდებულებას, როდესაც კ. ტ-მ უცენზუროდ მოიხსენია ბ. ბ., რასაც მოჰყვა მათი დაპირისპირება; დაზარალებულის დაზიანებების რაოდენობასა და ლოკალიზაციას, კერძოდ: კ. ტ-ს მიყენებული აქვს ნაფლეთი ჭრილობა მარცხენა წინამხარზე და ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში; დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ ცივ იარაღს, როდესაც დაპირისპირებული მხარე შეიარაღებული არ ყოფილა; მსჯავრდებულის მისწრაფებას და მის ურყევ ნებას, როდესაც გ. კ-მა, მიუხედავად მცდელობისა, ვერ შეძლო დაზარალებულისათვის დაზიანებების მიყენებამდე მსჯავრდებულისათვის დანის წართმევა; და ბოლოს, დანაშაულის შეწყვეტის წინაპირობებს, როდესაც კ. ტ-სათვის ჭრილობის მიყენებისთანავე ნ. წ. მყისიერად ჩადგა დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის და ფიზიკურად არ მისცა შესაძლებლობა ბ. ბ-ს, განზრახვა ბოლომდე მიეყვანა, რაც, ერთობლივად შეფასებისას, სარწმუნოდ მიუთითებს მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის - განზრახ მკვლელობის მცდელობის - შემადგენლობის არსებობაზე.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ს-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი