საქმე # 330100120003490426
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №704აპ-22 ქ. თბილისი
ბ. გ., 704აპ-22 26 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ბ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, კერძოდ: მოწმეების სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორების - ზ. რ-სა და შ. ა-ს ჩვენებებით დგინდება, რომ ავტომობილის მძღოლის - გ. ბ-ს ნარკოტესტით შემოწმებამ დადებითი შედეგი აჩვენა, რაზეც შეადგინეს პირის ნარკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმი; ნარკოლოგიური ექსპერტიზის № დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი გ. ბ. კლინიკური გამოკვლევისას იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიული კვლევისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების - მეტამფეტამინისა და ამფეტამინის მოხმარება. ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ე. ე-მა და თ. ბ-მა; გ. ბ-ს ჩვენება, რომ არასდროს მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება, ეწინააღმდეგება არა მარტო ბრალდების, არამედ თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს, რომლის მიხედვით, გ. ბ-ს თმის ტესტირების საფუძველზე დროის სადავო პერიოდში, არ დადასტურდა ნარკოტიკული საშუალებების - ამფეტამინის, მეტამფეტამინის, ,,MDA-ს“, ,,MDMA-სა“ და ,,MDE-ს“ რეგულარული მოხმარება, თუმცა სრულად არ გამოირიცხა არარეგულარული მოხმარება. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რ. ა-მა ვერ შეძლო იმის თქმა, იყო თუ არა გ. ბ. 2019 წლის 31 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ; სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის - № ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტების ჩვენებები, მხოლოდ გამოკვლევის ბარათის შევსების დროს ექსპერტის სავარაუდო ტექნიკური შეცდომით არასწორად მითითებული მონაცემების გამო, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში დაკითხვისას ექსპერტმა ე. ე-მა დაადასტურა, რომ გ. ბ. კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ბ-ს ბრალად დაედო ავტომობილის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2019 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 13:20 საათზე, თბილისში, .. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ. ბ. მართავდა ,,BMW-ს” მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით ), რომელიც გამოავლინეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.
3. გ. ბ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა ჯარიმა - 1000 ლარი. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები - 3 წლით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის განაჩენი გაუქმდა; გ. ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა გ. ბ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა დგინდება კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნებით, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის თქმის შემთხვევაში - მხოლოდ კლინიკური დასკვნით.
11. მხარეებს შორის დავის საგნად ქცეული საკითხის: მართავდა თუ არა გ. ბ. 2019 წლის 31 დეკემბერს ავტომანქანას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი - სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია არსებითად მნიშვნელოვან მტკიცებულებებად საქმეში წარმოდგენილი ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები და ექსპერტთა ჩვენებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვები, რაც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, მართებულად გადაწყვიტა გ. ბ-ს სასარგებლოდ, კერძოდ:
12. ნარკოლოგიური ექსპერტიზის № დასკვნის თანახმად, რომელიც აერთიანებს როგორც კლინიკურ, ასევე - ლაბორატორიულ კვლევას, გ. ბ. კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულად დაუდგინდა: ნარკოტიკული საშუალებების - მეტამფეტამინისა და ამფეტამინის მოხმარება.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ნარკოლოგიური ექსპერტიზის № დასკვნის კლინიკური გამოკვლევის ნაწილზე, რადგან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს ლაბორატორიული საექსპერტო გამოკვლევის ნაწილი საეჭვოდ არ მიუჩნევიათ.
14. მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არსებულ გამოკვლევის ბარათში მითითებულია, როგორც ექსპერტთა, გამოსაკვლევ და წარმდგენ პირთა მონაცემები, ასევე - ექსპერტიზის მიმდინარეობა, რომლის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შესახებ ნაწილი, არსებითად ეწინააღმდეგება კვლევის დასკვნით ნაწილს, კერძოდ:
15. გამოკვლევის ბარათში მოცემული გამოსაკვლევი პირის ფიზიკური და ნევროლოგიური სტატუსის მიხედვით, გ. ბ-ს სკლერები - სუფთაა; რომბერგის პოზაში ხელის თითების ტრემორი - არ აღენიშნება; რომბერგის ცდა - მყარი; გუგის რეაქცია სინათლეზე - აკომოდაციაზე, კონვერგენციაზე (შენახული); ენა - სველი, უნადებო; მუცლის კანის რეფლექსი - საშუალო ინტენსივობის; ნისტაგმი - ჰორიზონტალური, მცირე ამპლიტუდის; აკროჰიპერდროზი - არაა გამოხატული; დერმოგრაფიზმი - ზომიერი; ქუთუთოების ხელის და ენის ტრემორი - არ აღენიშნება; მყეს ძვალთა რეფლექსი - ნორმის ფარგლებში; ცხვირ-თითის ცდა - ასრულებს; რომბერგის სენსიბილაციური ცდა - მყარი; გუგები - თანაბარი, ზომიერი; გენერალიზებული ტრემორი არ აღენიშნება; სხვა - ზემო კიდურების ვენების საპროექციო არეების დათვალიერებით პოსტინექციური კვლები და ნაწიბურები არ შეინიშნება. გამოსაკვლევი პირის ფსიქიკური სტატუსი: კონტაქტურობა - თავისუფალი; ორიენტაცია - ადგილში შენახული, საკუთარ თავში შენახული, გარემოში შენახული, დროში შენახული; ასოციაციები - ჩვეულებრივი ტემპის, თანმიმდევრული; მიმიკა - ცოცხალი; ყურადღება - კონცენტრირებული; ცნობიერება - ნათელი; დისტანციურობა - იცავს; მსჯელობის პათოლოგია - არ აღენიშნება; მეტყველება - გამართული; შეკითხვებზე პასუხი - მოკლედ, ადეკვატური. პირის აღნიშნული ფიზიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა არ შეესაბამება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირის მონაცემებს.
16. ხაზგასასმელია, რომ გამოკვლევის ბარათს ხელს აწერს ექსპერტი ე. ე., რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას გამოკვლევის ბარათში აღნიშნულისაგან სრულიად განსხვავებულად აღწერა გ. ბ-ს ფიზიკური და ნევროლოგიური სტატუსი, კერძოდ, აღნიშნა, რომ გ. ბ-ს კლინიკური კვლევისას გამოხატული იყო მიდრიაზი ანუ თვალის გუგების გაფართოება; ჰორიზონტალური ნისტაგმი ანუ თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობა; ოფლიანობა; რომბერგის პოზაში ხელების ტრემორი; სენსორული სფეროს მხრივ დარღვევები; მყეს-ძვალთა რეფლექსები - გაცხოველებული; ცხვირ-თითის ცდის შესრულებისას დისმეტრია, ხოლო კანის სინჯების შემოწმებისას - წითელი დერმოგრაფიზმი; ემოციურად იყო აქტიური, აჟიტირებული, მეტყველება და ასოციაციები ჰქონდა აჩქარებული, გამოხატული ჰქონდა მრავლობითი გვერდითი ასოციაცია; რეფლექსები - გაცხოველებული, რომლებიც ისეთი მახასიათებელი ნიშნებია (სიმპტომებია), რომელთა საფუძველზე გამოიკვეთა კლინიკური ინტოქსიკაცია და რომლებიც, სხვა რაიმე ფიზიოლოგიური მდგომარეობის ან ფსიქოემოციური დაძაბულობის დროს, არ შეიძლება იყოს ასეთი კომპლექსური.
17. ამდენად, კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნის მხედველობაში მიღებით, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დადგენილი უნდა იყოს როგორც კლინიკური, ისე - ლაბორატორიული დასკვნებით, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის თქმის შემთხვევაში - მხოლოდ კლინიკური დასკვნით და იმის გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ს კლინიკური ნარკოლოგიური დასკვნა საეჭვოდ მიიჩნიეს, როგორც პირველი, ასევე - სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა, შეუძლებელია ნარკოტესტერი, რომელიც, თავის მხრივ, არ წარმოადგენს დასკვნას, ლაბორატორიული კვლევის შედეგი და დასკვნის გამცემი ექსპერტის ჩვენება, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება მის მიერვე ხემოწერილ გამოკვლევის ბარათს, ვერ დაედება საფუძვლად გ. ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებას.
18. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ბრალდების მხარემ, რომელსაც აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს გ. ბ. ავტომანქანას ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა, შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედოს მხოლოდ ბრალდების მხარის დაუდასტურებელი ეჭვები და ვარაუდები.
20. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი