Facebook Twitter

საქმე # 330100119003181232

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №589აპ-22 ქ. თბილისი

ბ. ა., 589აპ-22 26 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების - ა. ბ-სა და გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ა. ბ-სა და გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში, კვალიფიკაციის ნაწილში, ცვლილების შეტანას, ვინაიდან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ წინასწარი შეთანხებით, რაც არ დასტურდება საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით:

ა. ბ., - დაბადებული ... წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

ა. ბ-ს სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 ივლისიდან 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით.

გ. კ., - დაბადებული ... წელს, - დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

გ. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 22 ივლისიდან 2019 წლის 23 ივლისის ჩათვლით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-მა და გ. კ-მ ჩაიდინეს საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

ა. ბ-სა და გ. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

გ. კ. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ბ-თან ერთად იმყოფებოდა ბაჰრეინის სამეფოში, სადაც განიზრახეს დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა. ძვირფასი ლითონის ოქროს შენადნობი, ოქროს მონეტა და ოქროს ფირფიტა, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენდა - 20 819,06 ლარს, გაყვეს ორ ნაწილად და მოითავსეს უკანა ტანში.

2019 წლის 22 ივლისს გ. კ. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ბ-თან ერთად ბაჰრეინის სამეფოდან ავიარეისით ჩამოფრინდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. მათ გაიარეს შესაბამისი რეგისტრაცია და საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთი, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მისგან მალულად გადმოიტანეს საქართველოს ტერიტორიაზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში მათთან საგამოძიებო ორგანომ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება - პირადი ჩხრეკა. შემდეგ გ. კ. და ა. ბ. გადაიყვანეს … მდებარე შპს … სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მათგან ამოიღეს - 20 819,06 ლარის საბაჟო ღირებულების მქონე, ძვირფასი ლითონის ნაკეთობა და ჯართი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - ა. ბ-სა და გ. კ-ს ადვოკატმა გ. კ-მ. დაცვის მხარის პოზიციით, მსჯავრდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ წინასწარი შეთანხებით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულების - ა. ბ-სა და გ. კ-ს ქმედებაში არ იკვეთება წინასწარი შეთანხმების არსებობა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ეს შეთანხმება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

9. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე.

10. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია შემდეგი: გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2019 წლის 22 ივლისს დეტექტივ დ. ნ-ს მიერ მიღებული ინფორმაცია, რომ 2019 წლის 22 ივლისს ა. ბ. და გ. კ. მოფრინავდნენ ბაჰრეინის სამეფოდან და საქართველოში შემოჰქონდათ ნარკოტიკული საშუალება. 2019 წლის 22 ივლისს ა. ბ. და გ. კ. ბაჰრეინის სამეფოდან ავიარეისით ჩამოფრინდნენ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. პოლიციის მუშაკების, მოწმეების - გ. ც-სა და ი. გ-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ დაინახეს, ჩამოსვლისას როგორ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს ა. ბ. და გ. კ., რომლებიც ბარგის ასაღებადაც ერთად გამოცხადდნენ. დადგენილია ა. ბ-სა და გ. კ-ს მარშრუტი საქართველოდან გამგზავრებიდან უკან დაბრუნებამდე, კერძოდ: სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ... აეროპორტის ცვლის უფროსის, მოწმე თ. წ-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 22 ივლისს, 05:37 საათზე, საზღვარი გადმოკვეთა გ. კ-მ, რომელთან ერთადაც, ერთი წუთის ინტერვალში საზღვარი გადმოკვეთა ა. ბ-მაც. საზღვრის კვეთის მონაცემებით კი დგინდება, რომ ა. ბ. 2019 წლის 24 ივნისს, 04:45 საათზე, „…“ რეისით გაფრინდა ბაჰრეინის სამეფოში, საიდანაც დაბრუნდა 2019 წლის 22 ივლისს, 05:38 საათზე, ... რეისით. იმავე დღეს, 2019 წლის 24 ივნისს, 04:43 საათზე, იმავე „…“ რეისით ბაჰრეინის სამეფოში გაფრინდა გ. კ-ც, საიდანაც ისიც 2019 წლის 22 ივლისს, 05:37 საათზე, „…“ რეისით დაბრუნდა. დადგენილია ისიც, რომ ა. ბ. და გ. კ. წარსულშიც ასევე ერთად, კერძოდ, 2018 წლის 29 მარტს „…“ რეისით, 04:03 სააათზე გაფრინდნენ სტამბოლის, ხოლო 2019 წლის 13 აპრილს „…“ რეისით - ბაჰრეინის მიმართულებით.

11. მსჯავრდებულებს - ა. ბ-სა და გ. კ-ს შორის არსებულ წინასწარ შეთანხმებაზე, გარდა იმისა, რომ ისინი როგორც დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ასევე წარსულშიც ერთი და იმავე რეისებითა და იდენტურ დროს მოგზაურობდნენ, ასევე დამატებით მეტყველებს - მათ მიერ საბაჟო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი საგნების ერთგვაროვნება, შესაფუთი მასალა და შემოტანის ხერხი ყოველივე ზემოაღნიშნული კი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულის ერთობლივად ჩადენაზე და სრულად გამორიცხავს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულების ქმედებაში არ იკვეთება წინასწარი შეთანხმების არსებობა.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულების - ა. ბ-სა და გ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი