საქმე # 190100121004443683
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №590აპ-22 ქ. თბილისი
გ. მ., 590აპ-22 4 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ დ. ხ-სა და მ. გ-ს პიროვნებებისა და მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით, მათ მიმართ განსაზღვრული მინიმალური სასჯელები ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით მ. გ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლით.
მ. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 26 იანვრიდან.
გაუქმდა მ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
დ. ხ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
დ. ხ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 26 იანვრიდან.
გაუქმდა დ. ხ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის; დ. ხ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.
მ. გ-სა და დ. ხ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 00:15 საათზე, .. მდებარე მაღაზია „ლ-ში“ შეიჭრნენ მ. გ. და დ. ხ., რომლებიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცივი იარაღის გამოყენებით, თავს დაესხნენ ამავე მაღაზიის მოლარეს - ა. ჭ-ს, რომელსაც მოსთხოვეს სალაროს გაღება ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, რის შემდეგაც მაღაზიიდან გაიტაცეს - 162 ლარი და 40 თეთრი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, ასევე მსჯავრდებულების - დ. ხ-სა და მ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ტ-მა.
ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების შეფარდება, ხოლო დაცვის მხარემ - სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების - დ. ხ-სა და მ. გ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მათი ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა და ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა), დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა (დ. ხ. წარსულში არ არის ნასამართლევი, ხოლო მ. გ., მართალია, ნასამართლევია, მაგრამ აღნიშნული გარემოება მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, რადგან ნასამართლობა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს), ასევე - მათი ოჯახური მდგომარეობა, ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ და ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა მათ მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი