3კ-312-03 20 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. ცისკაძე
სარჩელი საგანი: ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. გ-ას მიმართ 4100 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. ამასთან ერთად მოითხოვა სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1999წ. 04 აგვისტოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება შემდეგი საფუძვლით: მოპასუხეებს 1998წ. 04 აგვისტოს სასამართლო გადაწყვეტილებით ალ.გ-ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 10528 ლარი, ხოლო გ-ეს უნდა დაებრუნებინა ს-ისათვის 2600 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთები. ალ. გ-ე უნდა გამოსახლებულიყო მოპასუხეთა კუთვნილი ბინიდან. გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო ერთდროულად ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე იგი ითვლება რა საცხოვრებელი სახლის კეთილსინდისიერ მფლობელად, საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად გასწია გარკვეული ხარჯები, რითაც გაიზარდა სახლის ღირებულება 4100 აშშ დოლარით.
მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში როგორც ყოველთვიური ბინის ქირის თვეში 100 დოლარის ოდენობით და 7328 ლარის ზარალის ანაზღაურების დაკისრება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ – 2405 ლარის ნ. გ-ასათვის გადახდის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მასვე დაერთო ნება მოეხსნა სადაო სახლზე გაკეთებული გისოსები, გარე ელექტროგანათების მოწყობილობა, სამფაზა ავტომატი გადამრთველით, ელ. მრიცხველი, ალუმინისა და სპილენძის სადენები და კაბელი. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ემ და მოითხოვა სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამწერამეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 08 ნოემბრის განჩინებით ალ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ცვლილება იქნა შეტანილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლითაც ნ. გ-ას ალ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2405 ლარის და 30 თეთრის გადახდა და ნება დაერთო ალ. გ-ეს გისოსების მოხსნაზე. გამოტანილ იქნა ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ალ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ნ. გ-ას ალ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7567 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან ნ. გ-ას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, იგი ეთანხმება სარჩელის საფუძველს. ამდენად, ალ. გ-ე სადავო სახლს მართლზომიერად ფლობდა 1998წ. 04 აგვისტოს სასამართლო გადაწყვეტილებამდე და მის შემდეგაც, რის გამოც სკ-ს 159-ე მუხლით სადავო სახლის კეთილსინდისიერი მფლობელია და მას უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს გაეუმჯობესებინა თავისი საბინაო პირობები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად უნდა ანაზღაურდეს.
ნ. გ-ას წარმომადგენელმა თ. ნ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ა. გ-ის მიერ სამუშაოები შესრულებულია 2000-2001 წლებში, მაშინ, როდესაც იგი სადავო სახლში ცხოვრობს 1996 წლიდან და მისთვის კარგად იყო ცნობილი 1998წ. აგვისტოს გადაწყვეტილება, რის შემდეგ ყველა გაუმჯობესება და აუცილებელი ხარჯების გაწევა დამოკიდებული იყო მხოლოდ მესაკუთრის ნებაზე. სასამართლო კოლეგია მთლიანად დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას, მაშინ როდესაც იგი არ მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ 2002წ. 22 აპრილის განჩინებით და დანიშნა დამატებითი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა დაუსწრებელი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლომ არასწორად სცნო ალ. გ-ის სკ-ს 159-ე მუხლზე მითითებით სადავო სახლის კეთილსინდისიერ მფლობელად. ა. გ-ე სახლს მართლზომიერად ფლობდა 1998 წლამდე, მანამდე, სანამ თვითონ არ დააყენა სარჩელი სასამართლოში ყიდვა-გაყიდვის ხეშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. 1998წ. აგვისტოდან, როდესაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა, იგი ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ მფლობელად. სასამართლოს იურიდიულად არ დაუსაბუთებია სავალდებულო ხარჯების ვადების აუცილებლობა და გადაუდებლობა. თვით მოსარჩელე მიუთითებდა სკ-ს 163-ე მუხლზე, რომ იგი იყო არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია, რა უნდა აანაზღაუროს უფლებამოსილმა პირმა, კერძოდ, აუცილებელი ხარჯები. სასამართლომ ვერ დაასაბუთა ა. გ-ის კეთილსინდისიერი მფლობელობა და მის მიერ გაწეული გაუმჯობესების აუცილებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სამტრედიის რაიონის სასამართლოს 1998წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ა. გ-ესა და მ. ს-ეს შორის დადებული გარიგება საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ; ნ. გ-ას, მ. ს-ესა და თ. ნ-ეს ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 10528 აშშ დოლარისა და 3750 ლარის გადახდა; ა. გ-ეს დაეკისრა მ. ს-ისთვის 2660 აშშ დოლარად შეფასებული ნივთების დაბრუნება, ა. გ-ე თავისი ოჯახით გამოსახლებულ იქნა ქ. სამტრედიაში, ..... არსებული ნ. გ-ას სახლზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან; გადაწყვეტილებაში მითითებული ვალდებულებები უნდა აღსრულებულიყო ერთდროულად. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაწესებული მხარეთა ვალდებულების ერთდროული შესრულება უფლებამოსილს ხდიდა ა. გ-ეს მის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის მიღებამდე ესარგებლა ნ. გ-ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლით და მხოლოდ თანხის მიღების შემდეგ იყო ვალდებული დაუყოვნებლივ გამოეთავისუფლებინა ბინა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეთა შორის მოცემული დავის აღმოცენებამდე არცერთ მხარეს ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება არ მოუთხოვია და არც შეუსრულებია იგი. აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა. გ-ის მფლობელობა ზემოხსენებულ საცხოვრებელ სახლზე ატარებდა დროებით ხასიათს და იგი ნ. გ-ას მიერ თანხის გადახდისთანავე შეწყდებოდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში ა. გ-ის მიერ ნივთზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება, რადგანაც ალ. გ-ეს, მოცემულ Dშემთხვევაში შეეძლო ნივთი მხოლოდ შემხვედრი ვალდებულების შესრულებამდე დაეკავებინა და არ უნდა ეწარმოებინა გაუმჯობესება, ვინაიდან მისთვის უკვე ცნობილი იყო მფლობელობის ხარვეზის შესახებ.
დადგენილია, რომ ა. გ-ემ, 2000-2001 წლებში შეასრულა შემდეგი სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები: კარ-ფანჯრებზე რკინის გისოსების მონტაჟი, შიგა და გარე სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი, გარე გაზმომარაგება, გარე ელექტრომომარაგება და ეზოს კეთილმოწყობა.
ა. გ-ის სასარჩელო განცხადებით და მისი წარმომადგენლის განმარტებით დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ იგი სადავო საცხოვრებელ სახლს მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ფლობდა 1996-97 წლებიდან და მას ზემოხსენებულ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე შეთანხმება სახლის ტიტულოვან მესაკუთრესთან არ ჰქონია. ა. გ-ე მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს სკ-ს 163-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, რომლითაც დადგენილია, რომ კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით.
პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობები უპირველესად ეფუძნება მხარეთა უფლებრივი თანასწორობის პრინციპს, ზემოაღნიშნული ნორმით დაწესებული ხარჯების ანაზღაურებაში მოიაზრება ის აუცილებელი ხარჯები, რაც უეჭველად იმავე ფარგლებში გაწეული იქნებოდა უფლებამოსილი პირის, მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრის მიერ, ანუ ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ნივთის ვარგის მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. ამასთან, ნივთი ვარგისად ჩაითვლება, თუ იგი ჩვეულებრივი სარგებლობისათვის გამოყენებადია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო სამუშაოების ჩატარება არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნული ხარჯების გარეშე ნივთის შემდგომი გამოყენებისათვის უვარგისობა არ დგინდება და ასეთ დასაბუთებას არც გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს. ის გარემოება, რომ სადავო ხარჯების გარეშე ნივთი თავის დანიშნულებას დაკარგავდა ან ფაქტიურად მისი გამოყენება შეუძლებელი იყო ანდა ნივთი მხოლოდ მითითებული ხარჯების გაწევის შემდეგ დაექვემდებარებოდა გამოყენებას, არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელით არაა დადასტურებული. სსკ-ს მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად დაუდო რა სკ-ს 163-ე მუხლის მეორე ნაწილი, არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რითაც არასწორად განმარტა კანონი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ა. გ-ის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ნ. გ-ას წარმომადგენლის თ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 08 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. გ-ას ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7567 ლარის და 05 თეთრის გადახდა და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ა. გ-ეს უარი ეთქვას ნ. გ-ასათვის 5990 ლარის დაკისრებაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
ნ. გ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 240 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.