Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-1470-1045 (2კ-05) 25 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2004წ. 31 დეკემბერს დ. ღ.-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათუმის ... ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ. ბ.-ის 2004წ. 29 დეკემბრის ბრძანების ¹4 გაუქმება, ...-ის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ბათუმის სახელმწიფო ... ინსტიტუტის საქმიანობა რეგულირდება აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1996წ. 13 თებერვლის ¹10 დადგენილებით დამტკიცებული წესდებით, ამასთან, მითითებული ორგანიზაცია ხელმძღვანელობს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით და ის წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, რომლის დაფინანსება ხორციელდება ბიუჯეტიდან. წესდების 2.9 პუნქტის შესაბამისად, ბათუმის ... ინსტიტუტში დაშვებულია ორი ადმინისტრაციული თანამდებობის შეთავსება, ხოლო აჭარის ა/რ 2003წ. 27 ივნისის დადგენილებით განისაზღვრა მოპასუხე ორგანიზაციის საშტატო ერთეული და სახელფასო დავალიანება.

2004წ. 29 დეკემბერს მოპასუხემ მიიღო ¹34 ბრძანება, რომლის საფუძველზე გათავისუფლდა დ. ღ.-ი დაკავებული თანამდებობიდან ისე, რომ მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული კანონით განსაზღვრული დისციპლინური ღონისძიებები.

2004წ. 31 ოქტომბერს მოპასუხემ მიიღო ¹13 ბრძანება მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული სასჯელის გამოყენების შესახებ, რაც დ. ღ.-ის პროტესტის საფუძველზე გაუქმდა 2004წ. 16 ნოემბრის ¹21 ბრძანებით. აღნიშნული, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა კეთილსინდისიერად შესრულების ფაქტს.

სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, გასაჩივრებულ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად არასწორად არის მითითებული შრომის კანონთა კოდექსის 34. «ბ» და «თ», აგრეთვე‚ 40.1. მუხლი, ვინაიდან მითითებული ნორმები ითვალისწინებს ერთ შემთხვევაში მუშაკთან ვადამდე ადრე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას მუშაკის არაკვალიფიციურობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასევე‚ მუშაკის ბრალეული ქმედების გამო, რომელიც პასუხისმგებელია ფულად და სასაქონლო ფასეულობებზე, თუ ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს, ან სამუშაო ადგილზე ქონების დატაცებისას, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება, ხოლო მეორე შემთხვევაში მუშის ან მოსამსახურის გადაყენება შესაძლებელია იმ ორგანოების წინადადებით, რომლებიც საამისოდ უფლებამოსილნი არიან კანონით დადგენილი წესით.

მოსარჩელე თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემისას შრომის კანონთა კოდექსის მითითებული მუხლებით განსაზღვრული არცერთი პირობა, ვინაიდან მოსარჩელე დ. ღ.-ი, როგორც ...-ი, არ წარმოადგენდა მატერიალურად პასუხისმგებელ პირს და მის მიმართ არ არსებობდა არც სასამართლოს მიერ დადგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი კონტროლის პალატის 2004წ. 2 დეკემბერს შედგენილი წარდგინების მოპასუხე ორგანიზაციაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ და ბათუმის... ინსტიტუტის რექტორატის 2004წ. 29 დეკემბრის ¹6 სხდომის ოქმის საფუძველზე, მიეღო გადაწყვეტილება დ. ღ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან ამ დოკუმენტებში დაფიქსირებული დარღვევები ეხება მთლიანად ბათუმის სახელმწიფო ინსტიტუტს, კერძოდ, ბათუმის ... ინსტიტუტი არ არის რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ორგანიზაციაში არ არის ხარჯთაღრიცხვა დამტკიცებული, ინსტიტუტის რექტორი არ იყო დანიშნული თანამდებობაზე კანონით დადგენილი წესით, ორგანიზაციას ერიცხებოდა დავალიანებები, საბუჯეტო თანხები არაკანონიერად იხარჯებოდა. მოსარჩელის აზრით, აღწერილი დარღვევები არ წარმოადგენდა მის კომპეტენციას, რის გამოც მითითებული საფუძვლებით დ. ღ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლება კანონსაწინააღმდეგოა.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხემ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 75-ე და 135-ე მუხლები, კერძოდ, ბრძანება გამოცემულია პროფკავშირების თანხმობის გარეშე, ამასთან‚ მოსარჩელის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მოპასუხე ვალდებული იყო გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული თანმიმდევრობით სასჯელები, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელდა.

მოსარჩელე «სალაროს მეურნეობის შესახებ» დებულების მე-6 მუხლის საფუძველზე თვლის, რომ სალაროს ყოველდღიური ნაშთის ლიმიტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და კონკრეტულ შემთხვევაში სალაროს არასრულყოფილი მუშაობისათვის პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციის რექტორი, რომელიც დაინიშნა კანონსაწინააღმდეგოდ და შესაბამისად, იგი არ იყო უფლებამოსილი, გაეთავისუფლებინა მოსარჩელე თანამდებობიდან.

მოპასუხე ბათუმის ... ინსტიტუტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:

დ. ღ.-ს არ გააჩნია უმაღლესი განათლების მქონე ბუღალტერ-ეკონომისტის სპეციალობა, რაც აუცილებელი და საჭიროა აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად, კერძოდ, მას 1988 წელს დამთავრებული აქვს საქართველოს ვ.ი. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სრული კურსი სპეციალობით მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია, ლითონსაჭრელი ჩარხები და იარაღები, ხოლო «აჭარის ა/სსსრ კომუნალური მეურნეობის და საყოფაცხოვრებო მომსახურების სამეცნიერო და საინჟინრო ტექნიკურ საზოგადოებათა კავშირის» აჭარის საოლქო გამგეობის მიერ გაცემული მოწმობა ¹26, რომლითაც 1992წ. 27 ნოემბერს მოსარჩელეს მიენიჭა ...-ის პროფესია, არ წარმოადგენს დ. ღ.-ისათვის ...-ის თანამდებობის დასაკავებლად საჭირო აუცილებელ დოკუმენტს.

მოპასუხეს მიაჩნია, რომ კონტროლის პალატის კომპლექსური რევიზიის შედეგად გამოვლენილი საფინანსო-ეკონომიკური დარღვევები საბუღალტრო-ეკონომიკური სამსახურის არადამაკმაყოფილებელი მუშაობის შედეგია. მითითებულ სამასახურს ხელმძღვანელობდა მთავარი ბუღალტერი და საგეგმო განყოფილების გამგე მოსარჩელე დ. ღ.-ი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა არაჯეროვნად, უხარისხოდ და გულგრილად, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი რევიზიის მასალებით. მოპასუხე თვლის, რომ დ. ღ.-მა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაარღვია «საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ» დებულების მე-17 და მე-19-ე მუხლები, რომლის მიხედვით მთავარი ბუღალტერი ემორჩილება დაწესებულების ხელმძღვანელს, რასაც მოსარჩელე რეალურად არ ახორციელებდა და ხელს უშლიდა ინსტიტუტის სასწავლო პროცესს.

მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტს ადასტურებს 2001წ. 10 დეკემბრის ინსტიტუტის რექტორის ¹10 ბრძანება, რომლითაც მთავარ ბუღალტერ დ. ღ.-ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური 2001წ. 17 იანვრის ¹7 ხელშეკრულების შედგენისას დაშვებული შეცდომების გამო.

მოპასუხე თვლის, რომ კონტროლის პალატის კომპლექსური რევიზიის აქტი წარმოადგენს დ. ღ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაარღვია რა «განათლების შესახებ», «საბიუჯეტო სისტემის შესახებ» კანონები, საგადასახადო კოდექსის რიგი მუხლები და «სალაროს მეურნეობის შესახებ» დებულების მოთხოვნები.

მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერებაზე პასუხისმგებელი იყო ინსტიტუტის რექტორი და არა ბუღალტერი, ვინაიდან, ფინანსთა სამინისტროს ინსტრუქციის «საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ» მე-8 მუხლის თანახმად, ბუღალტერი ვალდებულია‚ განახორციელოს წინასწარი კონტროლი საბუთების თავისდროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების კანონიერებაზე, ამასთან, იგი ვალდებულია განახორციელოს კონტროლი სახსრების სწორად, ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე.

მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელე კანონის მოთხოვნათა კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის «თ» პუნქტი და მე-40 მუხლის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართულ მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ პირვანდელ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად მოითხოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2 თვის სახელფასო ანაზღაურების ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ღ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის ... ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2004წ. 29 დეკემბრის ¹34 ბრძანების მე-3 პუნქტი, მოსარჩელე დ. ღ.-ი აღდგენილი იქნა იმავე ინსტიტუტის მთავრი ბუღალტრისა და საგეგმო განყოფილების გამგის თანამდებობაზე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ღ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების გამოცემისას მოპასუხემ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე და მე-40 მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რამდენადაც მოპასუხე ბათუმის ... ინსტიტუტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რის გამოც მას უნდა გამოეყენებინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 98-ე მუხლი.

სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დისციპლინური გადაცდომები არ ჩაუდენია, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე ბათუმის ... ინსტიტუტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. ღ.-ის განცხადება მითითებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბათუმის ... ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 28 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხე ბათუმის ... ინსტიტუტის კერძო საჩივარი და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის განჩინება უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის ... ინსტიტუტის წარმომადგენელმა ა. დიასამიძემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება, შემდეგი მოტივით:

აპელანტი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 244-ე, 248-ე და 249-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ შელახა მოპასუხის კანონიერი საპროცესო უფლება და შესაგებელზე თანდართული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებებულებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, სასამართლომ სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა ბათუმის ... ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2004წ. 29 დეკემბრის ¹34 ბრძანების გაუქმებას და ბუღალტრის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენას, მაშინ როცა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე დ. ღ.-ი აღდგენილი იქნა ინსტიტუტის მთავარი ბუღალტრისა და საგეგმო განყოფილების გამგედ.

აპელანტი არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ ბათუმის ... ინსტიტუტი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რის გამოც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებისას მას უნდა გამოეყენებინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი, რომელიც არ გამოიყენა, მით უფრო, რომ ბათუმის ... ინსტიტუტი არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ვინაიდან მისი შექმნა, საქმიანობა და ორგანიზაცია არ მომხდარა «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის 1-ლი და მე-2 მუხლების სავალდებულო მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, ბათუმის ... ინსტიტუტი შექმნილია აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1995წ. 29 სექტემბრის ¹78-ე დადგენილებით, ხოლო მისი წესდება და სტრუქტურა დამტკიცებულია აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1996წ. 13 თებერვლის ¹10 დადგენილებით.

აპელანტი თვლის, რომ ბათუმის ... ინსტიტუტი წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, რომლის წესდება «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» კანონის მე-6-ე მუხლის შესაბამისად არ შეიცავს ამ პირის სახელწოდებას, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის წესსა და კომპეტენციას, ამასთან‚ მოპასუხე ორგანიზაციის წესდება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდება‚ არ არის დამტკიცებული და მას ასეთი სახის წესდება არ გააჩნია, ხოლო აჭარის ა/რ კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2004წ. 2 დეკემბრის ¹29/2 დადგენილების მიხედვით, ბათუმის ... ინსტიტუტი აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით შექმნილია 1996 წლიდან, მაგრამ დღემდე არ არის რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს რეესტრში.

აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას გამოიყენა «საჯარო სამასახურის შესახებ» კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რამდენადაც ბათუმის ... ინსტიტუტი არ წარმოადგენს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 2.2. მუხლით განსაზღვრულ საჯარო სამსახურს, რის გამოც დ. ღ.-სა და ინსტიტუტის ადმინისტრაციას შორის არსებული შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი დებულებებით.

აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 244-ე და 249-ე მუხლები, კერძოდ, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ განსაზღვრა თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი, ასევე არ მიუთითა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებები, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას.

მოწინააღმდეგე მახარემ დ. ღ.-მა სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილებით ბათუმის ... ინსტიტუტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ღ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის ... ინსტიტუტის 2004წ. 29 დეკემბრის ¹34 ბრძანების მე-3 პუნქტი, დ. ღ.-ი აღდგენილი იქნა მთავარი ბუღალტერის თანამდებობაზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ღ.-მა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ბათუმის ... ინსტიტუტის წარმომადგენელმა ა. დიასამიძემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 30 ივნისის განჩინებით დ. ღ.-ისა და ბათუმის ... ინსტიტუტის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათუმის ... ინსტიტუტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება _ დ. ღ.-ი აღდგენილი იქნა ქ. ბათუმის ... ინსტიტუტის მთავარი ბუღალტრისა და საგეგმო განყოფილების გამგის თანამდებობაზე და აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არც ინსტიტუტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების შესახებ კონტროლის პალატის 2004წ. 23 სექტემბრის აქტში და არც მის საფუძველზე ბათუმის ... ინსტიტუტის მიერ 2004წ. 29 დეკემბერს გამოცემულ ¹34 ბრძანებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა სამსახურებრივი გადაცდომა აქვს ჩადენილი მოსარჩელე დ. ღ.-ს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ინსტიტუტის რექტორატმა სადავო ბრძანების გამოცემისას დაარღვია, ასევე, მოსარჩელესა და მოპასუხე ორგანიზაციის ადმინისტრაციას შორის 2001წ. 10 სექტემბერს მხარეთა მიერ დადებული, ¹54-ე შრომითი ხელშეკრულების 3.5 მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში «რექტორატი» და «მოსამსახურე» ვალდებული იყო, დაეცვა შრომის კანონთა კოდექსის 32-ე, 37-ე, 42.1. და 42.2. მუხლები, რაც რეალურად არ განხორციელდა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ინსტიტუტის ადმინისტრაციამ მოსარჩელე დ. ღ.-თან შრომითი ხელეკრულება შეწყვიტა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის დარღვევით, პროფკავშირებთან შეთანხმების გარეშე.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას პაექრობის დროს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 2004წ. 29 დეკემბრის ინსტიტუტის პროფკომიტეტის სხდომის ოქმის ამონაწერი არ მიიღო მტკიცებულებად, რამდენადაც ის მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარუდგენია. ამასთან, პროფკომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა დ. ღ.-ი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სხდომა ჩატარდა არასრულფასოვნად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 202.1. მუხლი, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა 10 დღის ვადაში გაესაჩივრებინა პროფკომიტეტის გადაწყვეტილება, რაც დ. ღ.-მა ვერ განახორციელა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დ. ღ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისას ინსტიტუტის ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 136.2. მუხლი, რომლის თანახმად, «საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია დისციპლინურ სასჯელს იყენებს გადაცდომის გამოვლენისთანავე, მაგარამ არა უგვიანეს ერთი თვისა მისი გამოვლენის დღიდან, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელდა და სადავო ბრძანება ინსტიტუტის ადმინისტრაციამ გამოსცა მხოლოდ კონტროლის პალატის 2004წ. 10 დეკემბრის წარდგინების შემდეგ ანუ გადაცდომის გამოვლენიდან 3 თვის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ბათუმის ... ინსტიტუტის დირექტორის 2004წ. 29 დეკემბრის ბრძანება ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი‚ თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ კონტროლის პალატის მიერ სარევიზიო აქტში მითითებული ბრალდებები ორგანიზაციის ხარჯთაღრიცხვასთან და თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით არ წარმოადგენდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, რამდენადაც საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 6 თებერვლის ¹70 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ» დებულების მე-17 მუხლის და ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 26 ივნისის ¹341-ე ბრძანებით დამტკიცებული «საბიუჯეტო ორგანიზაციაში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ‚‚ ინსტრუქციის მე-7 პუნქტის შესაბამისად «ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს, დაწესებულების ხელმძღვანელობას.»

სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებული შრომის კანონთა კოდექსის 34. «ბ» და «თ» პუნქტები არ წარმოადგენდა დ. ღ.-ის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს, რამდენადაც კონტროლის პალატის აქტში არ არსებობს არც ერთი ფრაზა იმის შესახებ, რომ ბუღალტერი დ. ღ.-ი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, ხოლო მუშაკის კვალიფიკაციის შემოწმება არ წარმოდგენს კონტროლის პალატის კომპეტენციას. ამასთან, დ. ღ.-ის ბრალეული ქმედება ინსტიტუტის ფულად სასაქონლო ფასეულობაზე არ არის დადასტურებული არცერთი ორგანოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას არასწორადაა გამოყენებული შრომის კანონთა კოდექსის 40.1. მუხლი, ვინაიდან მითითებული ნორმის მიხედვით მუშის ან მოსამსახურის სამუშოდან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ ორგანოს წინადადებით, რომელიც საამისოდ უფლებამოსილია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღნიშნული უფლებამოსილებით კონტროლის პალატა არ არის აღჭურვილი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოტივი იმის თაობაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან, დ. ღ.-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე აღდგენა, მაგრამ დ. ღ.-მა როგორც საქალაქო სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა წინანდელ თანამდებობაზე აღდგენა, რასაც სააპელციო სასამართლოს აზრით ადასტურებს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სადავო 2004წ. 29 დეკემბრის ¹34 ბრძანების მესამე პუნქტის, რომლითაც დ. ღ.-ი გათავისუფლდა მთავარი ბუღალტრისა და საგეგმო განყოფილების გამგის თანამდებობიდან, გაუქმების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 381-ე და 83.4. მუხლის საფუძველზე დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 19 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. ღ.-ის განცხადება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილების სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 29 სექტემბრის განჩინებით ბათუმის ... ინსტიტუტის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის ... ინსტიტუტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება, შემდეგი მოტივით:

კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსკ-ის მე-3, მე-4, 83.2, 83.3, 105-ე, 178.1. «ე‚‚, 244-ე, 248-ე, 377.1. და 377.2., 382-ე, 393-ე მუხლების უხეში დარღვევით.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ თვითნებურად, არაკანონიერად შეცვალა და გაადიდა მოსარჩელის მოთხოვნა და გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რამდენადაც დ. ღ.-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სამუშაოზე აღდგენა, რაც არ გულისხმობს მთავარი ბუღალტრისა და საგეგმო განყოფილების თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის არსებობას. მით უფრო, რომ დ. ღ.-ი აცხადებს არა საგეგმო განყოფილების გამგის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს, არამედ საფინანსო განყოფილების გამგის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს, მაშინ, როცა მითითებული თანამდებობიდან მოსარჩელე გათავისუფლდა 2001წ. 1 ივლისს.

ასევე, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსის 136.2. მუხლი და არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 136.3. მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები(დებულება, ინსტრუქცია), რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამასთან, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც კასატორს სსკ-ის 394-ე მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლად მიაჩნია.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ზემდგომი სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითება, რომ საქმის არსებითად განხილვისას სასამართლოს უნდა ემსჯელა დ. ღ.-ის სამუშაოდან დათხოვნის მოტივებსა და სამართლებრივ საფუძვლებზე აჭარის ა/რ კონტროლის პალატის აქტებში მითითებული დარღვევების მიხედვით, ასევე უნდა ემსჯელა ¹34 ბრძანებაში Mმითითებული საფუძვლებით, შრომის კანონთა კოდექსის 34. «ბ» და «თ» ქვეპუნქტებით დ. ღ.-ის დათხოვნის მართებულობაზე, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის სამართლებრივად სწორად გადაწყვეტისათვის.

კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოსარჩელე დ. ღ.-ის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ კონტროლის პალატის აქტებს (დადგენილება, წარდგინება), არასწორად შეაფასა ინსტიტუტის ¹34 ბრძანება და არ შეამოწმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის გარგლებში, რის გამოც დაარღვია სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მიუკერძოებლობის პრინციპი, კერძოდ, მან საქმის განხილვისას მტკიცებულებად არ დაუშვა საქმეში არსებული და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინსტიტუტის პროფკომიტეტის ოქმი ¹2, მაშინ, როცა ამავე სხდომაზე მოსარჩელისაგან ახალი მტკიცებულების სახით არათუ მიიღო ე.წ. «ღონისძიებების წერილი ბათუმის ... ინსტიტუტში ჩატარებული საფინანსო-ეკონომიური კომპლექსური რევიზიის შედეგების შესახებ», არამედ, სასამართლო გადაწყვეტილებაშიც ასახა იგი.

კასატორი არ დაეთანხმა საპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კონტროლის პალატის აქტები არ წარმოადგენდა დ. ღ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს, ვინაიდან «კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, რევიზია-შემოწმებით გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კონტროლის პალატა წარდგინებას უგზავნის შემოწმებულ ობიექტს ან მის ზემდგომს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად და მისი განხილვის ვადა განსაზღვრულია 20 დღით, თუ მასში სხვა ვადა არ არის მითითებული. ამავე კანონის 53-ე მუხლის თანახმად, კონტროლის პალატის კანონიერი მოწერილობისა და წარდგინების შეუსრულებლობის შემთხვევაში კონტროლის პალატას უფლება აქვს დასვას შემოწმებული საბიუჯეტო ობიექტის ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი. კასატორს მიაჩნია, რომ კონტროლის პალატის აქტებში მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ დამტკიცებული საშტატო განრიგით გათვალისწინებული არ იყო კონსულტანტის საშტატო ერთეული და ხელფასზე რექტორ გ. ჟორდანიას, როგორც კონსულტანტს ეძლეოდა დანამატი 480 ლარის ოდენობით, ადასტურებს დ. ღ.-ის მიერ საფინანსო დისციპლინის უხეში დარღვევის ფაქტს და აღნიშნული მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.

კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 6 თებერვლის ¹70 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ» დებულების მე-17 მუხლი და ფინანსთა სამინისტროს 2003წ. 26 ივნისის ¹341-ე ბრძანებით დამტკიცებული «საბიუჯეტო ორგანიზაციაში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ‚‚ ინსტრუქციის დებულებები, რომელთა მიხედვით, საწარმოს, ორგანიზაციის მთავარ ბუღალტერს ეკრძალება მიიღოს შესასრულებლად და გასაფორმებლად დოკუმენტები ისეთ ოპერაციებზე «რომლებიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და არღვევს სახელშეკრულებო და საფინანსო დისციპლინას», რაც დ. ღ.-ის მიერ უგულვებელყოფილი იქნა.

კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ დ. ღ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რამდენადაც თვლის, რომ მითითებული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დისციპლინური სასჯელი არ შეიძლება დადებულ იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა იგუვიანეს 2წ.ა მისი ჩადენის Dდღიდან, რაც დაცული იქნა ბათუმის ... ინსტიტუტის ადმინისტრაციის მხრიდან.

კასატორი არ დაეთანხმა ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებს, ვინაიდან დ. ღ.-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან კომპეტენტური ორგანოს მიერ კონტროლის პალატის კომპლექსური რევიზიის შედეგებსა და კონტროლოს პალატის ზემოთ აღნიშნულ სამართლიან დადგენილებასა და წარდგინებაზე დაყრდნობით, რომლებიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია და არ გაუსაჩივრებია.

კასატორს მიაჩნია, რომ დ. ღ.-თან 2001 წელს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ¹54 წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, რომელზედაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად ვრცელდება სკ-ის ნორმები, ხოლო სკ-ის 405.2. მუხლის «გ» პუნქტის თანახმად, განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

მოწინააღმდეგე მხარემ დ. ღ.-მა საკასაციო საჩივარი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

დ. ღ.-ს მიაჩნია, რომ კასატორმა საკასაციო საჩივარში ვერ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელი ვერცერთი არგუმენტი, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა კასატორის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ თვითნებურად, არაკანონიერად შეცვალა და გაადიდა მოსარჩელის მოთხოვნა და გასცდა სასრჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან დ. ღ.-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა უკანონო ბრძანების გაუქმება და თანამდებობაზე აღდგენა და პირველი ინსტანციის, ხოლო მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოში სარჩელის საფუძველში მითითებული გარემოებების დაზუსტება და შეცვლა არ გულისხმობს სარჩელის საგნის შეცვლას, შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სსკ-ის 105-ე მუხლი და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სწორად იმსჯელა დავის საგანზე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა და მართებულად გამოიყენა სსკ-ის 380-ე მუხლი, რომლის თანახმად ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო მოეყვანა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარმოდგენილი, თუ მათი მიღება ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულად განხილვას და მხარემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო არ წარუდგინა ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოს.

მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა კასატორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ შეასრულა საკასაციო სასამართლოს მითითებები, ვინაიდან დ. ღ.-ი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს

დ. ღ.-ს მიაჩნია, რომ «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად‚ კონტროლის პალატის მიერ შესამოწმებელი ობიექტისათვის გაგზავნილი წარდგინება შესასრულებლად სავალდებულო იყო დაწესებულების ხელმძღვანელისათვის და არა მოსარჩელისათვის, რომელიც წარმოადგენდა ორგანიზაციის ბუღალტერს, რის გამოც წარდგინების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა მოსარჩელეს ვერ დაეკისრებოდა, მით უფრო მაშინ, როდესაც კონტროლის პალატის მიერ მიღებულ დადგენილებასა და წარდგინებაში მითითებულია ისეთი გარემოებები, რომლებიც მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს არ წარმოდგენს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 6 თებერვლის ¹70 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების მე-17 მუხლის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს, დაწესებულების ხელმძღვანელს. მითითებული დებულების მე-19 მუხლით განსაზღვრულია, რომ მთავარი ბუღალტერი უშუალოდ ემორჩილება ხელმძღვანელს და თავის საქმიანობას წარმართავს არსებული კანონმდებლობით, ამ დებულებით, აგრეთვე‚ სხვა ნორმატიული დოკუმენტებით, რომლებიც დამტკიცებულია დადგენილი წესით და პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის საერთო მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვისათვის, ამასთან, კონტროლს უწევს საწარმოს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ყველა სამეურნეო ოპერაციის საბუღალტრო ანგარიშებზე ასახვის სისრულეს, უზრუნველყოფს ოპერატიული ინფორმაციისა და ბუღალტრული ანგარიშგების დროულ შედგენასა და წარდგენას.

მოწინააღმდეგე მხარეს მითითებული დებულების მე-20 მუხლის საფუძველზე მიაჩნია, რომ საწარმოს, ორგანიზაციის მთავარ ბუღალტერს ეკრძალება მიიღოს შესასრულებლად და გასაფორმებლად დოკუმენტები ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და არღვევს სახელშეკრულებო და საფინანსო დისციპლინას. ამგვარი დოკუმენტაციის თაობაზე მთავარი ბუღალტერი წერილობით აცნობებს ხელმძღვანელს, რომლის წერილობითი განკარგულების შემდეგ მთავარი ბუღალტერი ასრულებს მას.

დ. ღ.-ს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რადგან გასაჩივრებული 2004წ. 29 დეკემბრის ¹34 ბრძანების გამოცემისას მოპასუხემ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის «ბ» და «თ» პუნქტები, ვინაიდან სახეზე არ არის მითითებული ნორმებით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, არ არსებობს იმ თანამდებობის პირის ბრალეული ქმედება, რომელიც პასუხისმგებელია ფულად ან სასაქონლო ფასეულობებზე, რამდენადაც აღნიშნული არ არის დადასტურებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება. ასევე, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეს არა აქვს საკმარისი კვალიფიკაცია თანამდებობის დასაკავებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის ... ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, დ. ღ.-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ბათუმის ... ინსტიტუტის 2004წ. 29 დეკემბრის ¹34 ბრძანების მე-3 პუნქტი დ. ღ.-ის მთავარი ბუღალტრისა და საგეგმო განყოფილების გამგის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393.2 და 394. «ე» მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ. ღ.-ი არასწორად აღადგინა ინსტიტუტის მთავარი ბუღალტრისა და საგეგმო განყოფილების გამგედ და ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ დააზუსტა მისი მოთხოვნა განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და საგეგმო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, რაზეც მოპასუხეს პრეტენზია არ განუცხადებია, ვინაიდან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ დ. ღ.-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ბათუმის ... ინსტიტუტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ. ბ.-ის მიერ 2004წ. 29 დეკემბერს მიღებული ¹34 ბრძანების ბათილად ცნობა და ბუღალტრის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2005წ. 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა და 2 თვის განაცდურის ანაზღაურება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია სსკ-ის 83.3 მუხლი, რომლითაც იმპერატიულად არის დადგენილი, რომ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა, რასაც სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება, მეტიც, მიიჩნია, რომ მოსარჩელის თავდაპირველი სარჩელი შეიცავდა ორივე თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნას, თუმცა არ დაასაბუთა თუ რას ემყარება აღნიშნული დასკვნა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუშაკის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება და სამუშაოზე აღდგენა დამოუკიდებლად წარმოადგენს სარჩელის ობიექტს, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ბრძანების გაუქმებას და მხოლოდ ერთ _ ბუღალტრის თანამდებობაზე აღდგენას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ღ.-ის სარჩელი ნაწილობრივ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები ბათუმის ... ინსტიტუტის რექტორის მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას უგულებელყოფილი იქნა. კერძოდ, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე დ. ღ.-ი გათავისუფლდა ბათუმის ... ინსტიტუტის მთავარი ...-ის თანამდებობიდან საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაში დაშვებული სერიოზული დარღვევებისათვის, შრომის ორგანიზებისა და საგადასახადო დისციპლინის არასწორი წარმართვისათვის «განათლების შესახებ», «საბიუჯეტო სისტემის შესახებ» კანონების, საგადასახადო კოდექსის რიგი მუხლების და «სალაროს მეურნეობის შესახებ» დებულების მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის, რაც გამოვლინდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიერ ბათუმის ... ინსტიტუტში 2003წ. 1 თებერვლიდან 2004წ. 1 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარებული კომპლექსური რევიზიის შედეგად. მოპასუხე ბათუმის ... ინსტიტუტის მიერ დ. ღ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის «ბ» და «თ» პუნქტები (იხ.ს.ფ 23), «თ» პუნქტის თანახმად ცალსახად განისაზღვრა, რომ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა იმ მუშაკის ბრალეული ქმედების გამო, რომელიც პასუხისმგებელია ფულად და სასაქონლო ფასეულობაზე თუ ეს ქმედება ადმინისტრაციის მხრიდან ქმნის მის მიმართ ნდობის დაკარგვის საფუძველს ან სამუშაო ადგილზე ქონების დატაცებისას (მათ შორის წვრილმანი დატაცებისას), რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის კომპეტენციაშიც შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ დ. ღ.-ის მიერ რეალურად ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ბრალეული ქმედება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კანონთა კოდექსის მითითებული მუხლით იმპერატიულად განისაზღვრა ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება.

საკასაციო სასამართლო შრომის კანონთა კოდექსის 135. «დ» მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენს დისციპლინური სასჯელის უკიდურეს ღონისძიებას, რომლის გამოყენებისას მითითებული ნორმის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნას ჩადენილი გადაცდომის სიმძიმე, მისი ჩადენის გარემოებები, მუშის ან მოსამსახურის წინანდელი მუშაობა და ყოფაქცევა. ამასთან, შრომის კანონთა კოდექსის 135.1. მუხლით განისაზღვრა, რომ დისციპლინურ სასჯელს იყენებს ის ორგანო, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს მუშაკი სამსახურში, ხოლო შრომის კანონთა კოდექსის 1351.2 მუხლის შესაბამისად მუშაკებს, რომლებიც პასუხს აგებენ დისციპლინის შესახებ წესდებით, დებულებებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, დისციპლინური სასჯელი შეიძლება დაადონ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ორგანოების ზემდგომმა ორგანოებმა. აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ სარევიზიო აქტში აღწერილი საფინანსო დარღვევები ადასტურებს დ. ღ.-ის ბრალეულობას და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში კონტროლის პალატა არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ბათუმის ... ინსტიტუტის ზემდგომ ორგანოს, არამედ მან თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა საჯარო სამართლის იურიდიული პირის კომპლექსური რევიზია, რომლის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად წარდგინებით მიმართა ბათუმის ... ინსტიტუტს, რომელსაც წინადადება მიეცა განეხილა მთავარი ბუღალტრისა და შეთავსებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც არ გულისხმობს მუშაკის თანამდებობიდან უპირობო გათავისუფლებას, მით უფრო‚ რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას მოსარჩელის დარღვევების თაობაზე, თუ კონკრეტულად რა გარემოებები (დარღვევები) დაედო საფუძვლად მის გათავისუფლებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია‚ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას მიიღოს დასაბუთებული და კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო‚ შეეფასებინა და ემსჯელა იმ გარემოებაზე, რეალურად არსებობდა თუ არა მოსარჩელე დ. ღ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის «თ» პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, ბრალეული ქმედება, რომელიც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ან იმ ორგანოს გადაწყვეტილება, რომლის კომპეტენციაში შედის ადმინისტრაციული სახდელის დადება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე დაუსაბუთებელია სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად «შრომის კანონთა კოდექსის» 34-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მითითება, ვინაიდან ბრძანება არ შეიცავს მოტივაციას თუ რა გარემოებების გამოკვლევა დაედო საფუძვლად მის გამოყენებას მუშაკის გათავისუფლებისას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით გაურკვეველია თუ რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ემყარება მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კონტროლი საჯარო დაწესებულებათა გადაწყვეტილებების შემოწმებისას ვრცელდება ამ გადაწყვეტილებების კანონიერება-დასაბუთებულობაზე და არცერთ შემთხვევაში, მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას იღებს კანონიერების და მიზანშეწონილობის მიხედვით, რის გამოც საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს გასაჩივრებულ ბრძანებაზე შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე დ. ღ.-ის გათავისუფლების მართებულობის შესახებ, ვინაიდან მუშაკის კვალიფიციურობის საკითხს მისი ამა თუ იმ თანამდებობაზე გამწესების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე განსაზღვრავს უშუალოდ დაწესებულების ადმინისტრაცია, რომლის შეფასება არ განეკუთვნება სასამართლო იურისდიქციის სფეროს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან მოსარჩელეს შეზღუდული აქვს შრომის უფლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1. მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათუმის ... ინსტიტუტის 2004წ. 29 დეკემბრის ¹34 ბრძანების მესამე პუნქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, რამდენადაც იგი ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ექვემდებარება ბათილად ცნობას, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, ზემოთმითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო სასასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2. მუხლის DDდა სსკ-ის 53.1 მუხლის საფუძველზე თვლის, რომ დ. ღ.-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, მოპასუხე ბათუმის ... ინსტიტუტს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2., 10.2, 32.4, სსკ-ის 53.1, 399-ე, 408-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ბათუმის ... ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. ღ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბათუმის ... ინსტიტუტის 2004წ. 29 დეკემბრის ¹34 ბრძანების მესამე პუნქტი დ. ღ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და დაევალოს მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

5. ბათუმის ... ინსტიტუტს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.