გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-313-03 18 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 15 ნოემბერს ტ. ა-ემ ნ. პ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა თ. კ-სა და მ. ბ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების და ნ. პ-ზე გაცემული გენერალური მინდობილობის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
თ. კ-მა ხალხური შემოქმედების ცენტრის დასაფუძნებლად ქ. თბილისში, ... შეიძინა მშენებარე ნაგებობები. აღნიშნული ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის ხელმძღვანელობის განხორციელება თ. კ-მა დაავალა ტ. ა-ეს. 1998წ. 20 აგვისტოს დამოწმებული მინდობილობით რწმუნებულს ქონების მართვასთან დაკავშირებით მიენიჭა სრული უფლებამოსილება, გადანდობის უფლებით. მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო გახდა ... ი. ტ-ის და ნ. ტ-ის სახელზე რიცხული სახლმფლობელობის ტერიტორიის ათვისება. 1999წ. 31 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით თ. კ-ის სახელით შეძენილ იქნა ი. ტ-ის კუთვნილი სახლის ½1/2 ნაწილი. სახლის ამ ნაწილის ერთ ოთახში მცხოვრებმა ვ. ს-ის ოჯახმა მესაკუთრის მიერ სამაგიერო ბინის შესაძენად საკომპენსაციო თანხის შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა ბინის გამონთავისუფლებაზე.
1999წ. ოქტომბერში თ. კ-ის წარმომადგენელმა ტ. ა-ემ სარჩელი შეიტანა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში საცხოვრებელი ბინიდან ვ. ს-ის გამოსახლების შესახებ.
იმავე უბანში მცხოვრები ნ. პ-ი შეუთანხმდა თ. კ-ს, რომ უზრუნველუყოფდა ს-ის მიერ დაკავებული ბინის თაობაზე სასამართლო დავის მოგვარებას, ბინის გამოთავისუფლებას და მშენებარე ობიექტის დაცვას. თ. კ-მა ტ. ა-ეს და სამუშაოთა მწარმოებელს თ. გ-ეს დაავალა ნ. პ-ისათვის გასამრჯელოს გადახდა. თ. კ-ი ასევე დაპირდა ნ. პ-ს მშენებლობის დამთავრების შემდეგ ობიექტის დაცვის სამსახურში დასაქმებას.
ადვოკატის მიერ მიცემული კონსულტაციის შესაბამისად ტ. ა-ემ და ნ. პ-მა საპროცესო უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის გასაფორმებლად მიმართეს ქ. თბილისის სანოტარო ბიუროს. ნოტარიუს ნ. ჯ-ის მიერ 1999წ. 1 დეკემბერს დამოწმებული მინდობილობით ნ. პ-ს მიეცა თ. კ-ის კუთვნილი სახლის გასხვისების უფლება.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 4 ივლისს მიიღო განჩინება მხარეთა მორიგების გამო ს-ეების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მორიგების საფუძველზე თ. კ-ის წარმომადგენელმა ტ. ა-ემ მოპასუხეებს გადაუხადა 5000 აშშ დოლარი, ხოლო ვ. ს-ის ოჯახმა ბინა გამოანთავისუფლა ერთი თვის ვადაში.
შეთანხმების შესაბამისად ნ. პ-ს მშენებარე ობიექტის დაცვის უზრუნველყოფისათვის ყოველთვიურად ეძლეოდა 150 აშშ დოლარი, შემდგომში რამდენიმე თვის გასამრჯელოს მიუღებლობა გახდა მხარეთა შორის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი. დავალების შეწყვეტის თაობაზე თ. კ-მა აცნობა ნ. პ-ს. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა თვით ნ. პ-მა 2000წ. ოქტომბერში ისანი-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოში მიცემული ახსნა-განმარტებით.
აღნიშნული სახლის 1/2½ ნაწილის თ. კ-ის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან გაცემული იყო 1999წ. 13 ოქტომბერს ტ. ა-ეზე, რომელიც ამ უკანასკნელთან ინახებოდა.
2000წ. 27 სექტემბერს ნ. პ-მა გაზეთ “ს-ში” გამოაქვეყნა განცხადება, რომ თითქოს “დაიკარგა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (დედანი), რომელიც არის თ. კ-ის საკუთრება”, რაც დაედო საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერის დუბლიკატის გაცემას.
2000წ. 27 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნ. პ-მა, როგორც ტ. ა-ის რწმუნებულმა თ. კ-ის კუთვნილი სახლის ნაწილი 20000 აშშ დოლარად გაასხვისა თავის მეგობარ მ. ბ-ეზე.
ნ. პ-მა სანოტარო ბიუროში სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას განცხადებით დაადასტურა, რომ თითქოს თ. კ-ს არ ჰყავდა მეუღლე, მაშინ როდესაც მოსარჩელე 1994წ. 10 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საფრანგეთის მოქალაქე დ. ლამბერთან.
ნ. პ-ის მიერ ჩადენილ ქმედებებზე ტ. ა-ემ 2000წ. 23 ოქტომბერს საჩივრით მიმართა ისანი-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოს, ხოლო 2000წ. 15 ნოემბერს აღძრა სარჩელი მინდობილობის და სადავო ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო საჩივრით ნ. პ-მა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლს გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოქმედებდა მინდობილობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და რომ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება კანონიერად იყო გაფორმებული.
სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის პერიოდში გარდაიცვალა ტ. ა-ე, რის შემდეგ სასამართლოს 2001წ. 30 ივლისის განჩინებით საქმეში მოსარჩელედ ჩაება გარდაცვლილის მარწმუნებელი თ. კ-ი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თ. კ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 მარტის განჩინებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. კ-მა ნ. პ-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუწყვიტა ჯერ კიდევ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, 2000წ. ზაფხულში და ნ. პ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტამდე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში გაუფორმებლობით ეს ხელშეკრულება იქცა კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებად, რაც სკ-ს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობის უცილო საფუძველს წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. პ-სა და მ. ბ-ეს შორის სახლის ნასყიდობის მოჩვენებით გარიგებად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში იყო დაუსაბუთებელი, არ იყო შეფასებული ნ. პ-ის მიერ 2000წ. ოქტომბერში ქ. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოში მიცემული ახსნა-განმარტებები, რომლებშიც იგი ფაქტობრივად ადასტურებდა სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. პ-ის სააპელაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1998წ. 20 აგვისტოს თ. კ-მა ტ. ა-ეზე გასცა მინდობილობა ქონების მართვასთან დაკავშირებით, მათ შორის, მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების, გაჩუქების და სხვა უფლებით. ეს მინდობილობა გაცემული იყო 2001წ. 20 აგვისტომდე ვადით. მინდობილობის მიხედვით ტ. ა-ეს უფლება ჰქონდა მთლიანად, ან ნაწილობრივ გადაეცა რწმუნება სხვა პირისათვის.
აღნიშნული მინდობილობის მოქმედების ვადაში, 1999წ. 7 დეკემბერს, ტ. ა-ემ ნ. პ-ზე 2001წ. 20 აგვისტომდე ვადით გასცა მინდობილობა სადავო ბინის გასხვისების უფლების გადაცემის შესახებ.
ამ მინდობილობის შესაბამისად კი ნ. პ-მა სადავო ბინა გაასხვისა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა და ვერც მოსარჩელემ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ნ. პ-ზე გაცემული მინდობილობა და ამ მინდობილობის საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი ან თვალთმაქცური იყო. ის გარემოება, რომ 2000 ლარად შეფასებული ბინა 20000 აშშ დოლარად იყო გაფორმებული და ხელშეკრულება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ვერ დაედებოდა საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობას.
2002წ. 27 დეკემბერს თ. კ-ის წარმომადგენელმა ვ. ს-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. პ-ზე 1999წ. 1 დეკემბერს გაცემული მინდობილობის და მის საფუძველზე ნ. პ-სა და მ. ბ-ეს შორის დადებული ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე ნ. პ-ის და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან გამოსახლება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მან არასწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლომ არ გაარკვია სკ-ს 72-ე, 73-ე მუხლების შესაბამისად ნ. პ-ზე მინდობილობის გაცემის დროს დაშვებულ იქნა თუ არა შეცდომა.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა საქმეში არსებული მტკიცებულებანი ნ. პ-სა და მ. ბ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებითობის თაობაზე და სათანადო შეფასება არ მისცა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ნ. პ-მა ამ საკითხთან დაკავშირებით შსს სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონულ სამმართველოს მისცა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სკ-ს 183-ე მუხლს.
ამ ნორმის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მესამე პირი მ. ბ-ე არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში სადავო ბინის შემძენად. აქედან გამომდინარე, ბინის გამსხვისებლის დავალება ნ. პ-ის მიერ არ არის შესრულებული და ბინა გასხვისებულად არ ითვლება.
კასატორი მიუთითებს, რომ 1999 წელს თ. კ-სა და ნ. პ-ს შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. ამ ხელშეკრულების შესაბამისად ნ. პ-ს თ. კ-ის სახელითა და ხარჯით უნდა უზრუნველეყო ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ფართის გამოთავისუფლება და ხალხური შემოქმედების ცენტრის მშენებარე ობიექტის დაცვა. ტ. ა-ეს, როგორც თ. კ-ის წარმომადგენელს, უფლება ჰქონდა გადაენდო დავალება ნ. პ-ისათვის, მაგრამ ასეთი დავალება არ უნდა მოსულიყო წინააღმდეგობაში თ. კ-სა და ნ. პ-ს შორის სადავო ბინასთან დაკავშირებით დადებულ დავალების ხელშეკრულებასთან. ტ. ა-ესა და ნ. პ-ს შორის დადებული ხელშეკრულება თავისთავად ცილდებოდა ამავე ბინასთან დაკავშირებით თ. კ-სა და ნ. პ-ს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებს, რაც თავისთავად ამ ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ბინის ნასყიდობისა და 1999წ. 1 დეკემბერს პ-ზე გაცემული მინდობილობის ბათილობა.
ასევე დადგენილია, რომ 1998წ. 20 აგვისტოს მინდობილობის საფუძველზე, თ. კ-მა ტ. ა-ეს გადასცა მინდობილობა მთელი თავისი ქონების განკარგვის თაობაზე. ამავე ხელშეკრულებით ტ. ა-ეს ამ უფლების სხვა პირზე გადაცემის უფლებაც მიეცა.
მითითებული მინდობილობის შესაბამისად, 1999წ. 1 დეკემბერს, ტ. ა-ემ მასზე დელეგირებული ყველა უფლება გადასცა ნ. პ-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა 2000წ. 27 სექტემბერს ხელშეკრულების საფუძველზე თ. კ-ის კუთვნილი ბინა მიჰყიდა მ. ბ-ეს, თუმცა მისი რეგისტრაცია არ მომხდარა საჯარო რეესტრში და ბინის მესაკუთრედ კვლავ თ. კ-ი დარჩა.
მოცემულ საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ტ. ა-ემ საპროცესო უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის ნაცვლად ნ. პ-ს შეცდომით გადასცა მინდობილობა სხვისი ქონების განკარგვის უფლებამოსილების შესახებ, ხოლო ამ უკანასკნელმა ისარგებლა რა ამ შეცდომით, სადავო ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა მ. ბ-ეს.
სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით ტ. ა-ესა და ნ. პ-ს შორის 1999წ. 1 დეკემბერს დადებული მინდობილობის ხელშეკრულება, როგორც შეცდომით დადებული გარიგება, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო 2000წ. 27 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ბინის მესაკუთრე თ. კ-ი გასულად უნდა ჩაითვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. დადგენილია, რომ თ. კ-ი სადავო ბინის მესაკუთრე გახდა 1998წ. 31 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მისი 1998წ. 20 აგვისტოს მინდობილობის საფუძველზე განახორციელა ტ. ა-ემ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 1999წ. 1 ოქტომბერს საჯარო რეესტრში მითითებული ბინის მესაკუთრედ რეგისტრაიაში გატარდა თ. კ-ი.
სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
მოცემულ შემთხვევაში კანონის მითითებული ნორმა დაცულია და თ. კ-ი ითვლება სადავო ბინის მესაკუთრედ.
2. დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული სადავო ბინის შეძენასთან დაკავშირებით ბინის ყოფილი მესაკუთრის მხრიდან თ. კ-ს წარმოეშვა პრობლემები და ეს სამოქალაქო დავა განიხილებოდა სასამართლოს მიერ. ამ საკითხის მოგვარებაში თ. კ-ის სრულუფლებიან წარმომადგენელ ტ. ა-ეს დახმარება შესთავაზა ნ. პ-მა. ამ დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღების მიზნით ტ. ა-ემ, როგორც თ. კ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირმა, მინდობილობის ხელშეკრულება გააფორმა ნ. პ-თან, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გადაეცა მისთვის საპროცესო წარმომადგენლობის უფლებით აღჭურვის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეცდომით გაუფორმა მინდობილობა თ. კ-ის მიერ მისთვის გადაცემული უფლებების სრულად გადაცემის თაობაზე.
სკ-ს 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ტ. ა-ემ საპროცესო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების ნაცვლად ნ. პ-ს შეცდომით გადასცა სხვისი საკუთრების განკარგვის შესახებ რწმუნება, ნ. პ-ს არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა ისეთი მოქმედება, რომელიც ტ. ა-ის მიერ გამოხატული ნებიდან არ გამომდინარეობდა, ამიტომ მითითებული ხელშეკრულება დადების მომენტიდანვე საცილო იყო.
სკ-ს 72-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, ცხადია, რომ ტ. ა-ემ ეს გარიგება დადო არსებითი შეცდომის საფუძველზე. კერძოდ, მას სურდა, ნ. პ-თან დაედო გარიგება სადავო ბინასთან დაკავშირებით სასამართლოში საპროცესო წარმომადგენლობის შესახებ, მაგრამ შეცდომით გააფორმა მინდობილობა სხვისი ქონების განკარგვის უფლების მიცემის თაობაზე.
1999წ. 1 დეკემბრის მინდობილობა ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებების განხორციელების მიზნით რომ არ გაცემულა და იგი შეცდომით დადებული გარიგებაა, დასტურდება თვით ნ. პ-ის განმარტებითაც. იგი მიუთითებს, რომ მას გარკვეული სამუშაოების შესრულებისათვის თ. კ-ისაგან უნდა მიეღო სოლიდური თანხა, მაგრამ ვერ მიიღო, რის გამოც ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე ტ. ა-ემ მისცა მას მინდობილობა და თან უთხრა: “თუ მისი არ სჯეროდა, რომ ვალს დაუბრუნებდა, მაშინ ბინა გადაეფორმებინა ვისზეც უნდოდა და როცა მიიღებდა ვალს, მაშინ დაებრუნებინა ბინა”. ამ განმარტებიდანაც ჩანს, რომ 1999წ. 1 დეკემბრის თარიღით შედგენილი მინდობილობა მართლაც არ იყო შედგენილი იმ განზრახვით, ანუ იმ მოქმედებათა შესრულების ნებართვის თაობაზე, რაც მინდობილობაში იყო მითითებული, ანუ თუ მივიჩნევთ, რომ ნ. პ-ს მინდობილობა თუნდაც გადაცემოდა თ. კ-ის ვალის უზრუნველყოფის მიზნით, მისივე განმარტებით, მას უფლება არ ჰქონდა ბინის გაყიდვისა. ასეთ შემთხვევაშიც კი ამგვარი მინდობილობის გაცემა ტ. ა-ის მხრიდან წარმოადგენდა მხოლოდ უზრუნველყოფის საშუალებას და არა ნებართვას სხვისი ქონების რეალიზაციის თაობაზე.
ამრიგად, დადგენილია, რომ ტ. ა-ემ ამ მინდობილობის გაცემის დროს დაუშვა შეცდომა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ნაცვლად სასამართლო საპროცესო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტისა, მის მიერ გაიცა სხვისი ქონების გასხვისების უფლების დოკუმენტი.
სკ-ს 73-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, არსებით შეცდომად ითვლება გარემოება, როდესაც პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადება მას სურდა.
ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. ამ ნორმის შესაბამისად, შეცილება ხდება მეორე მხარის წინაშე ნების გამოვლენით – განცხადების გაკეთებით.
მოცემულ შემთხვევაში 1999წ. 1 დეკემბრის ხელშეკრულების შეცილების უფლება ტ. ა-ეს მიეცა მაშინ, როცა ნ. პ-მა წარუდგინა 2000წ. 27 სექტემბრის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ტ. ა-ისათვის ცნობილი გახდა, რომ 1999წ. 1 დეკემბერს ნ. პ-ზე გაცემულ მინდობილობაში მას დაშვებული ჰქონდა შეცდომა გარიგების შინაარსში, რის გამოც ნ. პ-ს შეცილების თაობაზე მაშინვე განუცხადა და ამასთან განუმარტა, რომ მისი მოქმედება წარმოადგენდა თაღლითობას, მუქარას, შანტაჟს და ამის თაობაზე მიმართავდა პოლიციას. მან ამ გარემოების გამო 2000წ. 23 ოქტომბერს მიმართა პოლიციას, აქედან გამომდინარე შეცილება განხორციელებულია კანონით დადგენილ ვადაში.
გარიგების ბათილობას იწვევს მხოლოდ არსებითი შეცდომა, რომელიც სერიოზული შეცდომაა. მისი შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები. ერთ-ერთ ასეთ კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ როგორ ზომებს მიიღებდა გონიერი ადამიანი, დადებდა თუ არა მსგავს ურთიერთობაში, ასეთ შემთხვევაში სხვაგვარ გარიგებას.
საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში ნ. პ-თან ტ. ა-ე არცერთ შემთხვევაში არ დადებდა ხელშეკრულებას მისთვის მინდობილი სხვისი ქონების განკარგვის ნებართვის მიცემის თაობაზე, ვინაიდან მას სურდა ამ ქონებასთან დაკავშირებით სასამართლო დავაში მხარის წარმომადგენლად ნ. პ-ის დაშვების თაობაზე მხოლოდ საპროცესო წარმომადგენლობის მინდობილობის გაცემა. საპროცესო წარმომადგენლობის უფლების მიცემისათვის კი საჭირო არ იყო ნ. პ-ისათვის გადაეცა სხვისი ქონების გასხვისების უფლებაც.
სკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუ კი იგი შეცილებული იქნება.
ვინაიდან მითითებული გარიგება შეცილებულ იქნა შეცილების უფლების მქონე პირის მიერ, იგი ბათილია მისი დადების მომენტიდან, ანუ 1999წ. 1 დეკემბრიდან.
3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. პ-სა და მ. ბ-ეს შორის 2000წ. 27 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან თ. კ-ი გასულად უნდა ჩაითვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.
სკ-ს 709-ე მუხლის საფუძველზე, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ნ. პ-ი უფლებამოსილი არ იყო განეკარგა თ. კ-ის ქონება მიუხედავად იმისა, რომ ამის განხორციელების შესახებ გააჩნდა თ. ა-ის მიერ გაცემული მინდობილობა, ვინაიდან ნ. პ-მა იცოდა, რომ ამ შინაარსის მინდობილობა გაცემული იყო შეცდომით.
მართალია, სკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც, მაგრამ ამ ნორმის მეორე წინადადების შესაბამისად, წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს, ანდა წარმოშობილი უნდა იყოს დავალების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან 1999წ. 1 დეკემბრის დავალების ხელშეკრულება კანონიდან არ გამომდინარეობდა და არც დავალების საფუძვლიდან, კერძოდ, ნ. პ-ისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო მინდობილობა მას გადაეცა მხოლოდ სასამართლოში საპროცესო უფლებამოსილების განსახორციელებლად და არა სხვისი ქონების გასხვისებისათვის, ნ. პ-ს ამ მინდობილობის საფუძველზე არ გააჩნდა უფლება თ. კ-ის ქონების გასხვისებისა. მინდობილობა შეიძლება გაიცეს როგორც ზეპირად, ისე – წერილობით. მინდობილობის შინაარსი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის ურთიერთობა უდევს საფუძვლად ამ უფლებამოსილებას. წარმომადგენელი მოქმედებს წარმოდგენილი პირის ინტერესებისათვის და შესაბამისად, მის მიერ დადებული გარიგება უნდა შეესაბამებოდეს წარმოდგენილის ინტერესებს. თუ კი იგი არ შეესაბამება წარმომდგენის ინტერესებს, მაშინ გარიგება უნდა ჩაითვალოს წარმომადგენლობით უფლებამოსილების გარეშე დადებულ მოქმედებად.
სკ-ს 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
მოცემულ შემთხვევაში ნ. პ-ს გააჩნდა რა საცილო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ შეცდომით დადებული გარიგება, რის შესახებაც მისთვისაც ცნობილი იყო ამ გარიგების დადებისთანავე, ჯერ ერთი, მას უფლება არ ჰქონდა, ბათილი მინდობილობის საფუძველზე დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება მარწმუნებლის სახელზე, მეორეც, როცა ნ. პ-მა ნასყიდობის ხელშეკრულება დადო მ. ბ-ესთან თ. კ-ისა და მისი რწმუნებულის ტ. ა-ის სახელით, იგულისხმება, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულება მ. ბ-ესთან გააფორმა ისე, რომ არ გააჩნდა საამისო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.
სკ-ს 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
ვინაიდან 2000წ. 27 სექტემბრის ხელშეკრულებაში წარმოდგენილი პირები არიან რა თ. კ-ი და მისი რწმუნებული ტ. ა-ე, რომლებმაც არ მოიწონეს ეს ხელშეკრულება, თავისთავად იგი არ არის ნამდვილი. ამ შემთხვევაში სახეზე შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთარი სახელით დადებულ ხელშეკრულება და გამორიცხულია მისი კავშირი ამ სახელის ნამდვილ მატარებელ თ. კ-თან.
სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა შეიძლება ნასყიდობის ხელშეკრულებით.
სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად საკმარისი არ არის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება, აუცილებელია ნივთის გადაცემა და ამ ნივთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
სკ-ს 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოცემულ შემთხვევაში გაფორმებულია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულების შესაბამისად არ მომხდარა ნივთის ღირებულების გადახდა და ნივთის გადაცემა, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულება დასრულებული არ არის.
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბინა რომ არ გადასცემია ხელშეკრულებაში აღნიშნულ მყიდველს, ეს დადასტურებულია საქმის მასალებით, კერძოდ იმ გარემოებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მყიდველის ნაცვლად ეს ბინა დაიკავეს ნ. პ-მა და მისმა ოჯახის წევრებმა, სადაც დღემდე ცხოვრობენ.
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბინა რომ არ გადაფორმებულა მის მყიდველზე, დადგენილია საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, რომლიდანაც ირკვევა, რომ ბინა კვლავ თ. კ-ის სახელზეა რეგისტრირებული. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდას მყიდველისთვის, არც ეს განხორციელებულა. მართალია, ნ. პ-ი განმარტავს, რომ თითქოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მან გადასცა თ. კ-ის წარმომადგენელ ტ. ა-ეს, მაგრამ ეს გარემოება არ დასტურდება თვით თ. კ-ის და ტ. ა-ის განმარტებებით. თ. კ-ი და ტ. ა-ე კატეგორიულად უარყოფენ ბინის ღირებულების მიღების ფაქტს.
სკ-ს 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ვინაიდან ნ. პ-ს არ გააჩნია თ. კ-ის ან მისი რწმუნებულის ტ. ა-ის მიერ გაცემული დოკუმენტი ბინის ღირებულების მიღების თაობაზე, ამასთან, ისინი უარყოფენ თანხის მიღებას და ნ. პ-ს, გარდა მისი განმარტებისა, სხვა არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია თანხის გადაცემის შესახებ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. პ-ს სადავო ბინის ღირებულება მათთვის არ გადაუცია.
მართალია, სკ-ს 185-ე მუხლი იცავს შემძენის ინტერესებს და ამ მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე და, აქედან გამომდინარე, არ არსებობს ნ. პ-სა და მ. ბ-ეს შორის 2000წ. 27 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, მაგრამ სკ-ს 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვინაიდან ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ თ. კ-ს, ანუ წარმოდგენილ პირს, მას უფლება აქვს უარი თქვას 2000წ. 27 სექტემბრის ხელშეკრულებაზე და გავიდეს ხელშეკრულებიდან.
სკ-ს 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად, არ არის აუცილებელი დროის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა და ცხადია, რომ თ. კ-ის მხრივ დამატებითი ვადის დაწესებას სადავო ხელშეკრულებაში მითითებული ნივთის ღირებულების დაბრუნების შესახებ არავითარი შედეგი არ მოჰყვება და ხელშეკრულებიდან გასვლა დამატებითი ვადის მიცემის გარეშეც შესაძლებელია.
სკ-ს 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, თ. კ-ი უფლებამოსილია გავიდეს 2000წ. 27 სექტემბრის ხელშეკრულებიდან, რის შემდეგაც მას დაუბრუნდება თავისი ნივთი, ხოლო იგი არ არის ვალდებული დაუბრუნოს ხელშეკრულებაში მითითებული ნივთის ღირებულება მ. ბ-ეს, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ამ ნივთის ღირებულება მიღებული აქვს თ. კ-ს ან მის წარმომადგენელ ტ. ა-ეს.
4. მიუხედავად კასატორის მოთხოვნისა, საკასაციო სასამართლო სადავო ბინიდან ნ. პ-ის და მისი ოჯახის წევრების გამოსახლების საკითხს ვერ გადაწყვეტს, ვინაიდან ბინიდან გამოსახლების თაობაზე მოსარჩელეს დადგენილი წესით არ მიუმართავს სასამართლოსათვის და არ არსებობს საამისო სასარჩელო მოთხოვნა.
სსკ-ს 406-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
ვინაიდან სადავო ბინიდან გამოსახლების საკითხი მოსარჩელეს ქვემდგომ სასამართლო ინსტანციაში არ დაუყენებია და ამ საკითხთან დაკავშირებით ქვემდგომ სასამართლოს მსჯელობა არ ჰქონია, ცხადია, ამ საკითხზე საკასაციო სასამართლოც ვერ იმსჯელებს, რადგან დავის საგნის გადიდება საკასაციო სასამართლოში დაუშვებელია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თ. კ-ის წარმომადგენელთა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი 1999წ. 1 დეკემბერს ტ. ა-ესა და ნ. პ-ს შორის დადებული დავალების ხელშეკრულება, ხოლო თ. კ-ი გასულად ჩაითვალოს ნ. პ-სა და მ. ბ-ეს შორის 2000წ. 27 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, თ. კ-ის მიერ ამ ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო.
ნ. პ-ს და მ. ბ-ეს თ. კ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარი.
ნ. პ-სა და მ. ბ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ 1450 ლარი სოლიდარულად, რომელიც ჩაირიცხოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹ 000 141 107 ანგარიშზე, კოდი 59.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.