Facebook Twitter

საქმე # 190100121004960814

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№581აპ-22 ქ. თბილისი

მ. თ., 581აპ-22 14 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა თ. მ-ს ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად; მართალია, დაზარალებულმა მ. ზ-მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და გაეთვალისწინებინა დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებული მოტივები, რომელთა მხედველობაში მიღებითაც, ცალსახაა, რომ მ. ზ. არ მიმართავდა სამართალდამცავებს, რეალურად რომ არ აღექვა მეუღლის მუქარა, რომელიც არის დაზარალებულის მიმართ აგრესიულად განწყობილი, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევი და ნარკოდამოკიდებული პირი, რაც ერთობლივად შეფასებისას, ქმნის წარდგენილ ბრალდებებში მისი მსჯავრდებისათვის საკმარის საფუძველს.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. მ-ს ბრალად დაედო: გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის აპრილიდან 2021 წლის 24 ივლისის ჩათვლით, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2021 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით ნასამართლევი თ. მ. მეუღლეს - მ. ზ-ს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მასზე გავლენისა და დაშინების, ასევე - ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის დემონსტრირების სურვილით, ყოველდღიურად მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინებდა და ამავდროულად არ აძლევდა უფლებას, გაეპროტესტებინა მისი შეურაცხყოფა. თ. მ. მიიჩნევდა, რომ მეუღლის მოვალეობა იყო მხოლოდ საოჯახო საქმეების კეთება, მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, ერეოდა მეუღლის პირად ცხოვრებაში, აკონტროლებდა მის სამოსს, საკონტაქტო პირთა წრეს, ქუჩაში გადაადგილების დროსა და მიზანს. აღნიშნული ქმედებების გამო მ. ზ. განიცდიდა ტანჯვას.

2.2. 2021 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 01:00 საათზე, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2021 წლის 31 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა თ. მ-მა მეუღლეს - მ. ზ-ს უთხრა, რომ მოკლავდა, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. თ. მ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენით თ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლებიც, თითქოსდა, ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა თ. მ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა; დაზარალებულმა მ. ზ-მა და მოწმეებმა - ა. და მ. მ-ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საქმეში არსებული სხვა არცერთი მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს თ. მ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაზე, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუძლებელია ისინი საფუძვლად დაედოს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურებას ან/და უარყოფას და მითუფრო - გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას; ბრალდების მხარის ვარაუდი, რომ დაზარალებული მ. ზ. დახმარებისათვის არ მიმართავდა სამართალდამცავებს, რომ არ ეგრძნო ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევი თ. მ-საგან მომდინარე რეალური საფრთხე, ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით და, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს თ. მ-ს სასარგებლოდ.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი