Facebook Twitter

საქმე # 170100121004899551

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №657აპ-22 ქ. თბილისი

მ. გ., 657აპ-22 21 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების - 2021 წლის 1 ივლისის ეპიზოდშიც და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით: პროკურორს მიაჩნია, რომ ბრალდების მითითებულ ეპიზოდშიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. მ-ს ბრალეულობას, მაგრამ სასამართლომ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება და გ. მ. უსაფუძვლოდ გაამართლა ამ ნაწილში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

გ. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 1 ივლისს, საღამოს, .. მდებარე მ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, გ. მ-მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თუ რატომ ეკონტაქტება დაზარალებული თავის დედას, რადგან მიაჩნია, რომ მას შეუძლია აკონტროლოს ცოლის ქცევები, გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმებით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ლ. თ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2021 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, .. მდებარე მ-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, გ. მ-მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თუ რატომ ეკონტაქტება დაზარალებული თავის დედას, რადგან მიაჩნია, რომ მას შეუძლია აკონტროლოს ცოლის ქცევები, მარჯვენა ხელის მუშტის ტუჩის არეში დარტმით, წაქცევითა და შემდეგ ფეხის ზურგში დარტყმებით შემდეგ საწოლზე წაქცევით, კბენითა და მუშტების ზურგში დარტყმებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ლ. თ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გ. მ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 2 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა გ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთ თვეში გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 1500 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - ა. მ-ს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ. მ-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (ორი ეპიზოდი) და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განაჩენით მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 1 ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 2 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 3 ივლისიდან 2021 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით, ჩაეთვალა სრულად მოხდილად.

გ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმეულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 1 500 (ათას ხუთასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს - ა. მ-ს (პირადი № ).

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეების - ს. კ-ს, მ. მ-სა და ზ. მ-ს ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, დაზარალებულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ გ. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2021 წლის 2 ივლისის ეპიზოდი), მაგრამ ამავე დროს ეს მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ. მ-ს დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი - 2021 წლის 1 ივლისის ბრალდების ეპიზოდში, ვინაიდან საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებსა და წერილობით მტკიცებულებებში საუბარია დაზარალებულის მდგომარეობაზე ფიზიკური ძალადობის 2021 წლის 2 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით და ამ მტკიცებულებებში გადმოცემული ინფორმაცია დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ შეესაბამება ფიზიკური ძალადობის იმ სახესა და ხასიათს, რომელიც გ. მ-მა, ბრალდების ფორმულირების მიხედვით, გამოიყენა 2021 წლის 2 ივლისს, ხოლო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. მ-ს ბრალეულობას 2021 წლის 1 ივლისის ეპიზოდთან მიმართებით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი