¹ 3კ-317-03 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. გ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ ი. შ.-ს სარჩელის საფუძველზე ამავე სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ი.შ.-ს სახელზე აღრიცხული ქ.თბილისში, ... მდებარე სახლთმფლობელობის თანამფლობელია. მისი აზრით, სასამართლოს არ გამოურკვევია ფლობდა თუ არა ვინმე ი.შ.-სათან ერთად სადავო ფართს და აღნიშნული საქმის განხილვისას ვ.გ.-ე მხარედ არ გამოუძახია. ვ.გ.-ის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2001წ. 2 ნოემბერს, როდესაც მიიღო სასამართლო უწყება ი.შ.-ს სარჩელზე მის მიერ დაკავებული ფართიდან გამოსახლების შესახებ.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 იანვრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ამავე სასამართლოს 2001წ. 4 სექტემბრის გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, ხოლო 2002წ. 2 ივლისის გადაწყვეტილებით ი.შ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დადგინდა ქ.თბილისში, ... მდებარე ლიტ “ა”-ს ¹1, მე-3 და მე-4 ოთახების ი. შ.-ს მიერ ფლობის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი. ვ.გ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ¹1 ოთახის წინ მდებარე “ა” სათავსოს ნახევარი 2,7X2,8 ფართით და მოპასუხეს დაეკისრა საკუთარი ხარჯით მისი პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
აღნიშნული გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ვ. გ.-მ, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო ი. შ.-ს სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ, ბათილად ცნო რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, არ უნდა დაედგინა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი. საოლქო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო სახლი უკანონო ნაგებობაა და არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, ამიტომ მისი განაწილება სასამართლო გადაწყვეტილებით არ უნდა მომხდარიყო.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ი.შ.-სათვის ¹1 ოთახის ნაწილის მიკუთვნებისა და აღნიშნული ფართის ვ.გ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ მტკიცდება ი.შ.-ს საკუთრების ან კანონიერი მფლობელობის უფლება სახლთმფლობელობის ¹1 ოთახის სადავო ნაწილზე. ამრიგად, სკ-ს 172-ე და 160-ე მუხლების მიხედვით ი.შ.-ს ფართის გამოთხოვის მოთხოვნის უფლება არ აქვს.
თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. შ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ ნაცვლად სსკ-ს 311-ე მუხლისა, არასწორად მიუთითა 310-ე მუხლი. პალატამ მიუთითა, რომ რაიონულ სასამართლოს უკანონო ნაგებობის გადაცემა არ უნდა მოეხდინა. რაიონულმა სასამართლომ მხოლოდ მფლობელობის ფაქტი დაადგინა. მოპასუხე გ.-ე მფლობელს არ წარმოადგენდა, იგი მხოლოდ მოსარგებლე იყო. საქმის მასალებით, მოწმეთა ჩვენებით და ადგილობრივი დათვალიერებით დადგენილია, რომ სადაო ¹1 ოთახის წინ მდებარე სათავსი კასატორის მფლობელობაში იყო მისი დაბადების დღიდან. ამ ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ ამ სათავსში გადის კასატორის ბინაში შემავალი კარი და ფანჯარა, რომლებიც გ.-მ აგურის კედლის ამოშენებით ამოქოლა, რითაც შ.-ს არსებული კარებიდან შესვლა აერძალა. ამასთან, ბინის განათება, რაც ფანჯრიდან და კარების შემინვიდან ხდებოდა, გაუქმდა. კასატორმა მოპასუხეს – თავის დისშვილს დროებით ათხოვა სადავო სათავსი. მან კი უკანონოდ მიისაკუთრა და აღარ გამოათავისუფლა ფართი. სკ-ს 160-ე და 621-ე მუხლებით სადავო ფართი კასატორს ეკუთვნის ამჟამად ბინაში შესვლა კასატორს უხდება სათავსში არსებული კარებიდან, რომლის სიგანე არ აღემატება 50 სმ, საიდანაც რაიმე ნივთის შეტანა და გატანა შეუძლებელია, რაც დადასტურებულია ადგილობრივი დათვალიერებითაც.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი ლიტერ “ა” და “ა2” ირიცხება ლ. ვ.-ის სახელზე სახლის კანონიერებისა და მფლობელობის იურიდიული საბუთის გარეშე. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ი. შ.-ა არის ზემოხსენებული სახლის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამ სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია, რაც საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სადავო სახლი, როგორც უკანონო ნაგებობა, არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს და იგი სასამართლო გადაწყვეტილებით ვერ განაწილდება. სკ-ს მე-7 მუხლის თანახმად, კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ნივთი – ნაგებობა, რომელიც სამოქალაქო სამართლის ობიექტად მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუ იგი კანონიერი საფუძვლითაა აშენებული. ამდენად, სამოქალაქო სამართლის ობიექტად უძრავი ნივთის მიჩნევისათვის მხოლოდ მისი ფლობა, თუნდაც მართლზომიერი, საკმარისი არ არის.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორადაა მითითებული სსკ-ს 310-ე მუხლი, ნაცვლად 311-ე მუხლისა. სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გამოიყენა ნორმის შინაარსი და განმარტა, რომ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა ხდება უდავო წარმოების წესით და სასარჩელო წარმოების გზით. აღნიშნული წარმოადგენს რა სსკ-ს 311-ე მუხლის დანაწესს, ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, იგი ვერ გახდება საქმეზე მიღებული სწორი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. შ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.