საქმე # 190100121005019511
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №629აპ-22 ქ. თბილისი
მ. ზ., 629აპ-22 22 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ზ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ. მ-მა ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების სამივე ეპიზოდი, რასაც ადასტურებს მოწმეების - ს. კ-ს, გ. ფ-ს, მ. ლ-ს, ა. ქ-სა და ხ. ხ-ს ჩვენებები, ასევე: ზ. მ-ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა და უკანონოდ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. მ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
ზ. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2021 წლის 9 აგვისტოს, საღამოს საათებში, .. ზ. მ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მეუღლეზე - თ. მ-ზე, კერძოდ: ზ. მ-ს აქვს სტერეოტიპული შეხედულებები ოჯახში ქალის როლთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მას, როგორც მამაკაცს, აქვს უპირატესი როლი და მათი საერთო საკუთრება მხოლოდ მას ეკუთვნის. აღნიშნულიდან გადმომდინარე, თ. მ-ს უთხრა, რომ უწესო ქალია, არ ეხმარება საოჯახო საქმეებში და წავიდეს სახლიდან, რომ იგი არის უპატრონო და რომ მოკლას, მაინც ვერავინ გაიგებს ამის შესახებ - მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფეხები და ხელები რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე მოქაჩა თმა. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად თ. მ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2021 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, .. ზ. მ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, იძალადა მეუღლეზე - თ. მ-ზე, კერძოდ: ზ. მ-ს აქვს სტერეოტიპული შეხედულებები ოჯახში ქალის როლთან დაკავშირებით, თვლის, რომ მას, როგორც მამაკაცს, აქვს უპირატესი როლი და მათი საერთო საკუთრება მხოლოდ მას ეკუთვნის. აღნიშნულიდან გადმომდინარე, თ. მ-ს უთხრა, რომ არის უწესო ქალი, არ ეხმარება საოჯახო საქმეებში და წავიდეს სახლიდან, არის უპატრონო და რომ მოკლას, მაინც ვერავინ გაიგებს ამის შესახებ - მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოქაჩა თმა, სახეში დაარტყა ხელი, ხოლო ნიჩაბი - ფეხში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- 2021 წლის 13 აგვისტოს, დილის საათებში, .. ზ. მ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს - თ. მ-ს უთხრა, რომ არ ეხმარება საოჯახო საქმეებში და მოსთხოვა, წასულიყო მათი საერთო საცხოვრებელი სახლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და განიცადა თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ზ. მ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი - 2021 წლის 9 აგვისტოსა და იმავე წლის 12 აგვისტოს ეპიზოდები) და სსკ-ის 111, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 13 აგვისტოს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა ზ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გირაოს თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს.
ზ. მ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: ზ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორ ეპიზოდში) და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 მაისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ზ. მ-ს ბრალეულობა ბრალად წარდგენილ ქმედებებში, ვინაიდან მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, კერძოდ:
9. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, დაზარალებულმა თ. მ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა მეუღლის, ზ. მ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს მტკიცებულებად და საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა არცერთი მოწმე არ წარმოადგენს რომელიმე ფაქტის თვითმხილველ პირს, შესაბამისად, მათი ჩვენებებები ირიბია და საფუძვლად ასევე ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, ისინი საკმარისი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ზ. მ-ს ბრალეულობას, რის გამოც არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი