Facebook Twitter

საქმე # 050100121004521580

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №447აპ-22 ქ. თბილისი

მ. რ., 447აპ-22 22 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ფ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ფ-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ რ. მ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, შემდეგი არგუმენტებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს ბოდიში მოუხადა, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით რ. მ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რ. მ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ მიემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. მ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ რ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2021 წლის 2 მარტიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. მ-მ ჩაიდინა: ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; განზრახი მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

რ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2021 წლის 2 მარტს, დილის საათებში, რ. მ-მ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა .. მყოფ ბ. პ-ს, რომელსაც ჰკითხა, თუ რატომ თქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები სოფელ ბ-ს მოსახლეობაზე. ბ. პ-საგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ რ. მ. განაწყენდა მასზე, ჯიბიდან ამოიღო დანა და დანის დემონსტრირებით ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ბ. პ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- რ. მ-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით. ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე, 2021 წლის 2 მარტს, რ. მ. .. ატარებდა ცივ იარაღს - მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობის მქონე დანას.

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ფ-მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრებით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. მ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემცირების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელი განსაზღვრულია როგორც მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების სრული გათვალისწინებით, ასევე - ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და საზოგადოებრივი საშიშროების, მისი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით (წარმოდგენილი საქმის მასალებით იკვეთება, რომ მსჯავრდებული მიდრეკილია განზრახი დანაშაულის ჩადენისკენ, სახელდობრ, მან ორი ახალი, დამოუკიდებელი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, რაც ასევე ცხადყოფს, რომ მის მიმართ გამოყენებულმა საშეღავათო გარემოებამ სათანადო ზემოქმედება ვერ მოახდინა მის ყოფაქცევაზე და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაულები), მისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია, სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მისი შემსუბუქება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ფ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი