Facebook Twitter

საქმე # 110100120004208698

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №606აპ-22 ქ. თბილისი

ნ. ზ., 606აპ-22 4 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად შეფარდებული სასჯელის - 4 წლამდე შემცირებას, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განაჩენით ზ. ნ., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე განესაზღვრა რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 9 (ცხრა) თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლით გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ზ. ნ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2022 წლის 18 იანვრიდან.

გაუქმდა ზ. ნ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ზ. ნ-ს დაეკისრა მოვალეობა, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ნ-მ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფება, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.

ზ. ნ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული შპს „ე-ს“ (ს/კ ) ბენზინ-გასამართი სადგურების უფროსმა ოპერატორმა ზ. ნ-მ 2020 წლის ოქტომბერში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, როგორც შპს „ე-ს“კუთვნილი საწვავი, ასევე - საწვავის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, რის შედეგადაც შპს „ე-ს“ მიადგა 56 150,04 ლარის - დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ. ნ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ-მ. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება, ან მისი ნაწილის პირობითად ჩათვლა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ. ნ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას სრულად გაითვალისწინა სასჯელის განსაზღვრის ზოგადსავალდებულო გარემოებები, მათ შორის - მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა, წარსულში ნასამართლობის არარსებობა), ასევე: მისი პიროვნება (ხასიათდება დადებითად), მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, მიყენებული ზიანი, რომელიც არ არის ანაზღაურებული და ის გარემოება, რომ მას განსაზღვრული აქვს მსჯავრად შერაცხული ქმედების სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი და, ამასთან, მის მიმართ გავრცელდა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, რის შედეგადაც სასჯელის ნაწილი ჩაეთვალა პირობით. ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლიანია და მისი კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი