Facebook Twitter

საქმე # 190100121004706340

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№611აპ-22 ქ. თბილისი

ს. კ., 611აპ-22 25 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ ზურაბ კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, კ. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, მოწმე შ. წ-ს გამოკითხვის ოქმით, პაციენტის სამედიცინო ბარათითა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება კ. ს-ს ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. ს-ს ბრალად დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 2 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე, .. მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა კ. ს-მა მეუღლეს - ი. ვ-ს უთხრა, რომ აღარ სურდა მასთან ცხოვრება და ფინჯანი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. კ. ს-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით კ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, კ. ს-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში და მკაცრი, კანონიერი და სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 აპრილის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა კ. ს-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა; დაზარალებულმა ი. ვ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან: სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის - შ. წ-ს გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაცია, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად კ. ს-ს მსჯავრდებას; საყურადღებოა, რომ წინააღმდეგობრივია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და პაციენტის სამედიცინო ბარათი, რომელიც საფუძვლად უდევს საექსპერტო კვლევას, კერძოდ: სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი № -ის თანახმად, დაზარალებულს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული დაზიანება, რომელიც დაუმუშავდა წყალბადის ზეჟანგითა და ,,ბეტადინის“ ხსნარით, ხოლო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი № -ის მონაცემებით, ი. ვ-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა; ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდა ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ირიბადაც კი არ მიუთითებს კ. ს-ს ბრალეულობაზე, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა კ. ს-ს მიერ მეუღლეზე ფიზიკურ ძალადობას.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი