Facebook Twitter

საქმე # 340100121004687345

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №630აპ-22 ქ. თბილისი

ქ. მ., 630აპ-22 22 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მ. ქ-ს გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა და შედეგად გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდებულის განმარტება საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას, რომ მან ჩაიდინა არა ქურდობა, არამედ დაეხმარა თავის მეგობარს ბანკიდან გადახდის აპარატის გამოტანაში, რომელსაც სურდა მხოლოდ მისი დაზიანება ბანკზე შურისძიების მოტივით; ბრალდების მხარის მოწმეები, პოლიციის თანამშრომლები არიან დაინტერესებული პირები, რის გამოც მათი ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენით მ. ქ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, 10 (ათი) თვითა და 29 (ოცდაცხრა) დღით და საბოლოოდ მ. ქ-ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.

მ. ქ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 3 მარტიდან.

გაუქმდა მსჯავრდებულ მ. ქ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ქ-მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

მ. ქ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 3 მარტს, დაახლოებით 00:45 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მ. ქ-მა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, .. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის შენობიდან გაიტანა „ .. “ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის ძალაყინის გამოყენებით, მისი კარის გახსნისა და მასში უკანონო შეღწევით ცდილობდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა აპარატში არსებულ ფულად თანხას. ამ დროს მ. ქ. ამხილეს შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. მ. ქ-ს აღნიშნული ქმედების შედეგად სს „ .. “ შეექმნა 733,50 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის მიყენების საფრთხე.

4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. ქ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 20 მაისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ქ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენელ ზ. რ-ს ჩვენებით, მოწმეების - ვ. ჩ-ს, დ. უ-ს, ბ. ჯ-ს, ს. ჩ-ს, ა. ბ-ს, დ. ყ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ჩასარიცხი აპარატის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ. ქ-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

9. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მ. ქ-ს არ ჰქონდა ქურდობის განზრახვა და რომ სურდა მხოლოდ მეგობრისათვის დახმარება ჩასარიცხი აპარატის დაზიანებაში, ვინაიდან ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლების, „ .. “ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის დაუფლების მცდელობის უშუალო შემსწრე პირების, მოწმეების - ვ. ჩ-ს, დ. უ-სა და ბ. ჯ-ს ჩვენებებით დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის შენობიდან განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, ისინი ადგილზე გამოცხადდნენ მითითებულ შენობასთან. ამ დროს მათ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი შენობაში აღარ დახვდათ, რის გამოც დაიწყეს მისი ძებნა, რომელიც იპოვეს ცენტრიდან დაახლოებით 50-70 მეტრში, ხოლო მასთან ერთად დაინახეს მ. ქ., რომელსაც ხელში ეჭირა რკინის საგანი და ცდილობდა მის გატეხვას. პოლიციის თანამშრომლებმა იგი გაქცევის მცდელობისას დააკავეს. დაკავებულს ეკეთა ნიღაბი - თვალებთან ამოჭრილი ქუდი, ხელებზე ეცვა ხელთათმანი, ხოლო ფეხსაცმელზე ზემოდან წინდები ჰქონდა ამოცმული. ყოველივე აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს მსჯავრდებულის განზახვაზე - ჩასარიცხი აპარატიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ფულად თანხას, რომლის სისრულეში მოყვანა ვეღარ შეძლო პოლიციის თანამშრომელთა მიერ დანაშაულის ფაქტზე წასწრებისა და დაკავების გამო. ამასთან, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ საეჭვოდ მიიჩნიოს მოწმე პოლიციელთა თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ერთმანეთთან სრულად თანხვდენილი ჩვენებები. ამავდროულად, წარმოდგენილი საქმის მასალებით არ იკვეთება, რომ მათ გააჩნდათ რაიმე ინტერესი მ. ქ-ს მიმართ, რის გამოც მას აბრალებენ დანაშაულის ჩადენას.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი