Facebook Twitter

საქმე # 180100121004607923

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№609აპ-22 ქ. თბილისი

შ. გ., 609აპ-22 25 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და გ. შ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული ქმედების ჩადენაში, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდების ამ ნაწილში უკანონოა; გ. შ-ს ბრალეულობა სადავოდ გამხდარ დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით დაფუძნებულია მხოლოდ დაზარალებულ ნ. ლ-სა და ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. ხ-ს ჩვენებებზე; საეჭვოა დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც ცისფერი თვალებით ამოიცნო გ. შ., თუმცა თვალის ფერი არ არის ისეთი განსაკუთრებული ნიშანი, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეს ერთ პირს და არ ჰქონდეს სხვას; არასანდოა ასევე გ. ხ-ს ჩვენება, რადგან იგი გადმოსცემს არა იმ ფაქტებს, რასაც თავად შეესწრო, არამედ იმას, რაც თითქოსდა, უამბო გ. შ-მა, ამასთან - თანაბრალდებულის მამხილებელი ჩვენების სანაცვლოდ გ. ხ-ს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც პირობითად ჩაეთვალა სასჯელი; სადავოდ გამხდარ ყაჩაღობის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებას არ ჩაუტარებია რაიმე ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა შემთხვევის ადგილზე გ. შ-ს ყოფნას და ასევე არ გამოუთხოვია გ. ხ-ს ავტომანქანის ,,ჯიპიესის“ მონაცემები მისი ადგილმდებარეობის დასადგენად.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით გ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 29 იანვრის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (2021 წლის 30 იანვრის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. შ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. ამავე განაჩენით საქმის არსებითი განხილვის გარეშე გ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 29 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად. მასვე დამატებით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 30 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ხ-ს საბოლოოდ მიესაჯა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით დაეკისრა ჯარიმა - 4000 ლარი.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. შ-მა ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათის (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

4.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი გ. შ. 2021 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 20:30 საათზე, .. ყაჩაღურად დაესხა თავს ნ. ლ-ს მისსავე კუთვნილ მაღაზიაში და ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული, მაგრამ ვინაიდან დაზარალებულს არ ჰქონდა ფული, გ. შ-მა დატოვა მაღაზია და მიიმალა.

4.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი გ. შ. 2021 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, გ. ხ-თან წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა .. მდებარე შპს „ „ სასურსათო მაღაზიიდან - 21,95 ლარად ღირებულ ,,სარაჯიშვილის“ ფირმის კონიაკს, რითაც დაზარალებულს მიაყენა - 21,95 ლარის ქონებრივი ზიანი.

4.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი გ. შ. 2021 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ. ხ-თან წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა .. მდებარე შპს „ “ სასურსათო მაღაზიიდან - 109,95 ლარად ღირებულ ერთ ბოთლ ,,ჯეკ დენიელსის“ ფირმის ვისკისა და 19,99 ლარად ღირებულ ,,ჯაკობსის“ ფირმის ყავას, რითაც დაზარალებულს მიაყენა - 129,94 ლარის ქონებრივი ზიანი.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. შ-მა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. შ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: მოწმეების - ნ. ლ-ს, გ. ხ-სა და ა. მ-ს ჩვენებებიდან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოცნობის ოქმებიდან და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: გ. ხ-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 1 თებერვალს გ. შ-მა სთხოვა, ავტომანქანით წაეყვანა სადმე, რათა შეეძინა სათამაშო იარაღი, რომელსაც ხელსაყრელ დროს ყაჩაღობის ჩასადენად გამოიყენებდა. ისინი მივიდნენ კაფე ,,ბ-თან“, სადაც გ. შ-მა შეიძინა პისტოლეტის ფორმის სანთებელა; კაფე ,,ბ-ს“ ოპერატორის - ა. მ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 1 თებერვალს გ. ხ-მა კაფე ,,ბ-ში“ ნამდვილად შეიძინა პისტოლეტის ფორმის სანთებელა; გ. ხ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს გ. შ-მა მანქანა გააჩერებინა სოფელ .. სასურსათო მაღაზიიდან დაახლოებით 20-30 მეტრში, პისტოლეტის ფორმის სანთებელა ჩაიდო ჯიბეში და წავიდა; დაზარალებულ ნ. ლ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მაღაზიაში შესულმა გ. შ-მა ჯიბიდან ამოიღო იარაღისმაგვარი საგანი, რომლის დემონსტრირებით მოსთხოვა ფული, მაგრამ ვინაიდან დახლზე მხოლოდ ხურდები ჰქონდა და მისი საფულეც ცარიელი იყო, დაემუქრა, მომხდარი არავისთვის გაემხილა და თეთრი ავტომანქანით მიიმალა, რომელიც ქუჩაში ელოდებოდა. წასვლამდე თავდამსხმელმა სთხოვა სიგარეტი, რაზეც ასევე უთხრა უარი, რადგან თამბაქოთი არ ვაჭრობდა; გ. ხ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ გ. შ. ავტომანქანაში დაახლოებით 4-5 წუთში დაბრუნდა და უამბო, როგორ დაემუქრა მაღაზიის გამყიდველს და მოსთხოვა ფული, მაგრამ მას მხოლოდ ხურდა ფული აღმოაჩნდა, ასევე ცარიელი იყო მისი საფულეც. წამოსვლამდე გამყიდველს მოსთხოვა სიგარეტიც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თამბაქოთი არ ვაჭრობდნენ; ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულმა ნ. ლ-მ გამოძიების დროს მისთვის ამოსაცნობად წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო გ. შ., რომელმაც 2021 წლის 1 თებერვალს იარაღის მუქარით მოსთხოვა ფული და სიგარეტი.

11. დაზარალებულის ჩვენების სანდოობის შეფასებისას საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ლ-ს განმარტებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ასევე - თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. ამასთან, ვერც დაცვის მხარე უთითებს რაიმე დამაჯერებელ მოტივზე და არც საქმის მასალებით დადგენილა, რატომ უნდა ემხილა დაზარალებულს არჩადენილ დანაშაულში გ. შ. კასატორის მტკიცება, რომ თითქოსდა, დაზარალებულმა მხოლოდ თვალის ფერით ამოიცნო თავდამსხმელი, ეწინააღმდეგება საქმის მასალებით უტყუარად დადგენილ გარემოებას, რომ ნ. ლ-მ ამოცნობისას მიუთითა, რომ გ. შ. ამოიცნო ,,მკვეთრად შეწეული, ჩვეულებრივი ფორმის, ცისფერი თვალებით“, რაც წარმოადგენს ისეთ ინდივიდუალურ ნიშანს, რომელიც საკმარისია ამოსაცნობი პირის იდენტიფიკაციისათვის, რისი ერთობლივად მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის ჩვენება არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხველი და აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ გამოძიების პროცესში გარკვეული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა, რომელთა საფუძველზეც, თითქოსდა, გაქარწყლდებოდა შემთხვევის ადგილზე გ. შ-ს სადავოდ გამხდარ ყოფნა/არყოფნის საკითხთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, ვერაფრით შეფასდება დაცვის სასარგებლო მოცემულობად, ვინაიდან, ერთი მხრივ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, მხარეებს ჰქონდათ თანასწორი შესაძლებლობა, წარმოედგინათ მტკიცებულებები, გამოეთქვათ საკუთარი და გაექარწყლებინათ საპირისპირო მხარის მოსაზრებები, ჰქონოდათ პოზიციები როგორც თავისი, ისე - მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სამხილებსა და საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებით, რისი მხედველობაში მიღებითაც, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, თავად მოეპოვებინა ის მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის ინტერესებში შედიოდა და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულ ნ. ლ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ. შ-ს დანაშაულის ჩადენის დროს ეკეთა სამედიცინო ხელთათმანები, რაც, თავის მხრივ, აზრს უკარგავს რაიმე სახის ექსპერტიზის ჩატარებას შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელის მაიდენტიფიცირებელი კვალის არსებობის დასადგენად.

13. გ. ხ-ს ჩვენების სანდოობის შეფასებისას საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: თანაბრალდებულის ჩვენების გამოყენება შეუთავსებელი არ არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებთან, მითუფრო, როდესაც ეს ჩვენება დასტურდება სხვა მტკიცებულებებით და დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, ჯვარედინი დაკითხვით შეემოწმებინა მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე: Luca v. Italy, no 33354/96, §40-41). დაცვის მხარის მტკიცებასთან მიმართებით, რომ გ. ხ-ს ჩვენება მოტივირებული იყო ბრალდების მხარის მიერ მასთან დადებული საპროცესო გარიგებით, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პოზიციაზე უპირატესობით სარგებლობის სანაცვლოდ მიცემული ჩვენების გამოყენებისადმი ფრთხილი მიდგომის საჭიროების შესახებ. იმავდროულად, ასეთი ჩვენებების გამოყენება თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ სამართალწარმოების პროცესი უსამართლოდ იქნეს მიჩნეული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, no 9043/05, § 90-92; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: Scoppola v. Italy (No. 2), [GC], no 10249/03, § 135). ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში გ. შ-ს მსჯავრდებას საფუძვლად დაედო გ. ხ-ს მიერ სასამართლოში მოწმის სახით მიცემული ჩვენება, რომელიც სასამართლომ შეაფასა კრიტიკულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების კვალდაკვალ და დამაჯერებლად მიიჩნია. ამასთან, დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდების მხარესთან თანაბარ პირობებში, ჯვარედინად დაეკითხა თანაბრალდებული და გამოეკვლია ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც გ. შ-ს ბრალეულობაზე მიუთითებდა. მნიშვნელოვანია, რომ გ. ხ-ს მამხილებელი ჩვენება არ ყოფილა ერთადერთი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულება გ. შ-ს მსჯავრდებისათვის, ვინაიდან იგი გამყარებულია და დასტურდება საქმეში არსებული სხვა, პირდაპირი და უტყუარი არაერთი სამხილით. მეტად საყურადღებოა, რომ გ. ხ-თან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა და იგი იმთავითვე, გამოძიებაში, როგორც გამოკითხვისას, ასევე - საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, უთითებდა გ. შ-ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, რაც ცალსახად გამორიცხავს მასზე იძულებას, ზეწოლას ან/და წინსწრებით რაიმე სახის უკანონო დაპირებას, ვინაიდან გამოძიების საწყის ეტაპზევე გ. შ-ს მხილებისას გ. ხ-ს ვერაფრით ექნებოდა ბრალდების მხარისაგან რაიმე სარგებლის ან/და შეღავათის მიღების გონივრული მოლოდინი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. შ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ისევე, როგორც - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) მსჯავრდება კანონიერია და სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.

15. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. შ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი