საქმე # 330100120003659227
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№656აპ-22 ქ. თბილისი
ც. ი., 656აპ-22 26 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის შეცვლას, ი. ც-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას; კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებები და გამოიტანა დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი, რადგან საქმეში წარმოდგენილი სამხილებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ი. ც-ს მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, რასაც თან ახლდა ძალადობა და ძალადობის მუქარა, კერძოდ: დაზარალებულ ნ. ზ-ს, მოწმეების - ა. ტ-ს, ნ. ხ-სა და ზ. მ-ს ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ცალსახად მიუთითებენ ი. ც-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. ც-ს ბრალად დაედო პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 17 მარტს, დაახლოებით 08:55 საათზე, .. მდებარე, შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის’’ №… განყოფილებაში მეთადონის ჩანაცვლების პროგრამაში ჩართული პაციენტი - ი. ც. გამოეყო კუთვნილი ულუფის მისაღებად რიგში მყოფ პაციენტებს და უნებართვოდ შევიდა საპროცედურო ოთახში, რომელსაც შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ….. მთავარი სამმართველოს უმცროსმა ინსპექტორმა ნ. ზ-მა მოუწოდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ. ნ. ზ-ს მოწოდებაზე ი. ც. გახდა აგრესიული, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ დაარტყა ხელი კისრისა და ყელის არეში, ორივე ხელი მოუჭირა ყელში, ჩაავლო სამსახურებრივ ფორმაში და ძლიერად ურტყამდა გულმკერდის არეში. ი. ც-ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ნ. ზ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და არ მიეცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.
3. ი. ც-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის განაჩენით ი. ც. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა: 2020 წლის 17 მარტს, დაახლოებით 08:55 .. მდებარე, შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის’’ №… განყოფილებაში, ი. ც-ს მიერ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, … მთავარი სამმართველოს უმცროსი ინსპექტორის - ნ. ზ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობით, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარით წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ანა კვიჟინაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ი. ც-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში და რელევანტური სასჯელის განსაზღვრას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და ამასთან - განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადგინდა ი. ც-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სააპელაციო სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ დაზარალებულ ნ. ზ-სა და მოწმე ა. ტ-ს ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერს, რომელსაც ამ მტკიცებულების ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, სამხილების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, კერძოდ: დაზარალებულ ნ. ზ-სა და მისი მეწყვილის, ა. ტ-ს განმარტებებით, ი. ც. თავიდანვე იყო აგრესიული, განსაკუთრებით - პოლიციელების მიმართ; იგი გააღიზიანა ნ. ზ-ს მოწოდებამ, დაეცვა კუთვნილი ულუფის მისაღები რიგი და მოქცეულიყო დადგენილი წესის შესაბამისად; მიუხედავად დაზარალებულის მოწოდებისა, იგი გამოეყო რიგში მყოფ სხვა პაციენტებს, ჩაარტყა დაზარალებულს, რომელსაც ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოაწევინა ხელი და შევიდა საპროცედურო ოთახში, რაც განსხვავდება შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის შინაარსისაგან, სადაც ნათლად ჩანს ი. ც., რომელიც ცენტრში შესვლისთანავე დგება საპროცედურო ოთახთან მყოფი პაციენტების რიგში; მალე საპროცედურო ოთახთან მომლოდინეთა შორის რჩება მხოლოდ იგი, თუმცა არ იძვრის ადგილიდან; მიუხედავად იმისა, რომ საპროცედურო ოთახს ტოვებს ერთი ბენეფიციარი და ოთახში თავისუფლდება პაციენტის ადგილი, ნ. ზ-ს კვლავ მიბჯენილი აქვს ხელი კარის ჩარჩოზე, რა დროსაც ი. ც. იწყებს მოძრაობას საპროცედურო ოთახის მიმართულებით, დაზარალებულს ხელზე ჰკიდებს ხელს, ჩამოსწევს და შედის ოთახში, რის შემდეგაც დაზარალებული კვლავ აბჯენს ხელს კარის ჩარჩოს, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს ნ. ზ-სა და ა. ტ-ს განმარტებებს და უკარგავს მათ მონათხრობს სანდოობას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერში, სადაც ასახულია საპროცედურო ოთახში მყოფი ი. ც-ს მოქმედებები, რომელიც ჯერ აგრესიული ჟესტიკულაციით საუბრობს, ხოლო შემდეგ მიიწევს კარისკენ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ სათვალთვალო კამერის არეალში არ ხვდება კარის ზღურბლი, სადაც ნ. ზ-სა და ა. ტ-ს მტკიცებით, ი. ც. ფიზიკურად გაუსწორდა დაზარალებულს, ხოლო მათი მონათხრობი ი. ც-ს საპროცედურო ოთახში ძალადობრივ შესვლასთან დაკავშირებით არსებითად ეწინააღმდეგება ვიდეოჩანაწერის შინაარსს, ეს ჩვენებები ერთობლივად შეფასებისას ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
11. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ ჩატარებულა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად, ხოლო დაზარალებულ ნ. ზ-სა და მისი მეწყვილის - ა. ტ-ს ჩვენებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვები მართებულად გადაწყვიტა ი. ც-ს სასარგებლოდ, კერძოდ: ცალსახაა, რომ საპროცედურო ოთახში, გარდა ბენეფიციარებისა, იმყოფებოდნენ პრევენციის ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ემსახურებოდნენ პაციენტებს; ვიდეოჩანაწერის შინაარსი ცხადყოფს: მაშინ, როდესაც ი. ც-მა მიაშურა საპროცედუროს, მომსახურების ცენტრის შესასვლელში შევიდა ორი ბენეფიციარი და ამავდროულად, შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია იმ პაციენტს, რომელიც საპროცედურო ოთახიდან ი. ც-ს შესვლამდე გამოვიდა; ჩანაწერში გარკვევით ჩანს ქალი, რომელიც დაზარალებულისა და ი. ც-ს კამათის დროს ფიზიკურად იჭერდა ნ. ზ-ს, მაგრამ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, გამოძიებას არ გამოუკითხავს არცერთი შესაძლო თვითმხილველი მოწმე, რომლის ჩვენებას შესაძლოა, არსებითი მნიშვნელობა ჰქონოდა სადავოდ გამხდარი გარემოებების ობიექტურად გამორკვევისათვის.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი