საქმე # 020100121005353652
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №605აპ-22 ქ. თბილისი
ხ. ი., 605აპ-22 5 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ხ-მ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანასა და მის მიმართ სასჯელის ზომის შემსუბუქებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის ზედმეტად მკაცრი, რადგან შეფარდებული ჯარიმა მკვეთრად აღემატება როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის შემოსავალსა და ვალდებულებებს; სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - აღიარა დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, სრულად აანაზღაურა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი, არის პენსიონერი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არ არის ნასამართლევი.
2. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორი დავით პაპავა საკასაციო შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განაჩენით ი. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა ჯარიმა - 15000 ლარი.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ხ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
4.1. ი/მ „ი. ხ.“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია 2008 წლის 18 ივნისს.
4.2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და ი/მ „ი. ხ-ს“ შორის 2018 წლის 26 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № ხელშეკრულება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში № საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოებზე, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა - 49987 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბოლოო ანგარიშსწორებისათვის ი. ხ-მ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინა - 49805,69 ლარის შესრულებული სამუშაოს აქტი. მოთხოვნილი თანხა სრულად აანაზღაურა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ მაშინ, როდესაც ი. ხ-მ ფაქტობრივად შეასრულა - 2969,17 ლარით ნაკლები სამუშაო. აღნიშნულით, ი. ხ. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ - 2 969,17 ლარს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ხ-მ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მისთვის შეფარდებული სასჯელის ზომის შემსუბუქებას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება; ი. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა ჯარიმა - 11250 ლარი.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულ ი. ხ-ს მითითებას, რომ მისთვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას, აანაზღაურა ზიანი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ი. ხ-ს, ერთი მხრივ, მსჯავრად შერაცხული დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მსუბუქი სახის სასჯელი - ჯარიმა შეუფარდა, ხოლო, მეორე მხრივ, შეუმსუბუქა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქება და სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება არ არის მიზანშეწონლი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი