საქმე # 050100120003802771
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №603აპ-22 ქ. თბილისი
ჯ. შ., 603აპ-22 21 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. გ-სა და ზ. ჯ-ს, ასევე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ შ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. გ-მ და ზ. ჯ-მ, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ.
- დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და შ. ჯ-ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით:
გამამტყუნებელი განაჩენი ცალსახად უნდა ეფუძნებოდეს, სულ მცირე, ორ პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები და, შესაბამისად, განაჩენიც ეფუძნება ირიბ მტკიცებულებებს, რაც წარმოადგენს როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე ადამიანის უფლება ევროპული კონვენციის მოთხოვნების დარღვევას; ა. კ-ს განზრახ მკვლელობის ფაქტს არ ჰყავს შემსწრე პირები, არ ამოღებულა მკვლელობის იარაღი, ექსპერტიზის არცერთი დასკვნა და სასამართლოში დაკითხული ექსპერტი, ასევე არცერთი ვიდეოჩანაწერი და კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია პირდაპირ არ ადასტურებს, რომ დანაშაული სწორედ შ. ჯ-მ ჩაიდინა; მართალია, შ. ჯ-ს ჰქონდა კონფლიქტი მ. ს-სთან, მ. და ს. კ-ებსა და აწგარდაცვლილ ა. კ-სთან, მაგრამ როგორც არაერთი მოწმის ჩვენებით ირკვევა, მ. ს-მ და მ. კ-მ თავიანთი ქმედებებით სხვა არაერთი ადამიანი მიიყვანეს სასოწარკვეთამდე და ქონების დაკარგვამდე, რაც დასტურდება იმ ფაქტით, რომ მსჯავრდებული არ არის ერთადერთი პირი, რომელსაც მათ მიმართ შურისძიების სურვილი გააჩნდა, შესაბამისად, არ გამოირიცხება ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე შ. ჯ-სთან ერთად, შესაძლოა, იმყოფებოდა სხვა პირიც, რომელსაც შესაძლოა, ჩაედინა დანაშაული; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მ. ს-ს ჩვენება, ვინაიდან იგი არათანმიმდევრული და არასარწმუნოა; სასამართლოს შ. ჯ-ს საწინააღმდეგოდ მტკიცებულებად ასევე არ უნდა მიეჩნია მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ვინაიდან მან ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით; რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდს, ბრალდების აღიარების შემთხვევაშიც კი იკვეთება მხოლოდ ჯანმრთელობის მსუბუქი და არა - ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტი, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, თუ კონრეტულად რამ გამოიწვია დაზარალებულის მხედველობის დაქვეითება, ხოლო დაზარალებულის ასაკისა (60 წლის) და ავადმყოფობის გათვალისწინებით (მას ხშირად აწუხებდა ჰიპერტონიული წნევა), მ. ს-ს მხედველობის დაქვეითებას ცალსახად ვერ გამოიწვევდა შ. ჯ-ს მიერ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობა, რასაც დამატებით ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ჩვენებაც, რომელიც განმარტავს, რომ მხედველობის დაქვეითება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ასაკმა და ავადმყოფობამ; ამდენად, არ იკვეთება მიზეზობრივი კავშირი შ. ჯ-ს მიერ ჩადენილ ქმედებასა და დაზარალებულის მხედველობის გაუარესების ფაქტთან მიმართებით.
- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგი არგუმენტებით:
სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ასევე, მისი ყოფაქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კერძოდ, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თავიდან მოიშორა დანაშაულის იარაღი და არ უცდია დაზარალებულთან შერიგება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მისთვის შეფარდებული სასჯელი არასამართლიანია, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით შ. ჯ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით; სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ, შ. ჯ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლით.
მსჯავრდებულმა შ. ჯ-მ დანიშნული სასჯელი გამოჯანმრთელებამდე უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება) სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში, კერძოდ: აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ხონი-ქუტირი), ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.
გაუქმდა მსჯავრდებულ შ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 21 მაისიდან.
4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ჯ-მ ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით; განზრახ მკვლელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
შ. ჯ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
შ. ჯ-ს ვალთან დაკავშირებული სადავო ურთიერთობები გააჩნდა მ. ს-სთან, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ მ. და ს. კ-ებთან, რომლებსაც წლების განამვლობაში სთხოვდა ვალის დაბრუნებას, რაც შ. ჯ-ს უკმაყოფილებას იწვევდა.
- განაწყენებული შ. ჯ. 2019 წლის 24 დეკემბერს, ნაშუადღევს, „მერსედესის“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით , რომელსაც თვითონ მართავდა, მივიდა .. სადაც შეხვდა მ. ს-ს, მის მიერ სამეწარმეო საქმიანობისთვის ნაქირავებ სასაწყობე შენობის ტერიტორიაზე. შეხვედრისას შ. ჯ-მ ვალთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე საუბარი დაუწყო მ. ს-ს, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. განაწყენებულმა შ. ჯ-მ მ. ს-ს მარცხენა თვალბუდის არეში დაარტყა მოკუმშული ხელის მტევანი, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რასაც მარცხენა თვალში მხედველობის სიმახვილის 0,4-მდე დაქვეითება და საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა მოჰყვა.
- განაწყენებული შ. ჯ., რომელმაც იცოდა, რომ მ. და ს. კ-ების შვილი- ა. კ. .. მდებარე სახლში იმყოფებოდა, 2020 წლის 21 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ვალთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე სასაუბროდ, „მერსედესის“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო სანომრე ნიშნით , რომელსაც თვითონ მართავდა, მივიდა ა. კ-ს საცხოვრებელ სახლთან. მან ავტომანქანა გააჩერა ეზოს გარეთ, შესასვლელ ჭიშკართან ახლოს და ავტომანქანის ხმოვან სიგნალზე სახლიდან ეზოში გამოსულ ა. კ-სთან დაიწყო საუბარი, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც შ. ჯ-მ გადაწყვიტა, მოეკლა ა. კ. ამ მიზნით, შ. ჯ-მ, იქვე გაჩერებული ზემოაღნიშნული ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და მოკვლის განზრახვით, მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით, სახლის ეზოში მყოფ ა. კ-ს მიმართულებით ორჯერ ისროლა, რის შედეგადაც სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის - გულმკერდისა და ზურგის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი დაზიანებები. მიყენებული დაზიანებების შედეგად ა. კ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო შ. ჯ-მ თან წაიღო მკვლელობის იარაღი და შემთხვევის ადგილიდან, ავტომანქანით მიიმალა.
5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
- ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ - მალხაზ სირაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ შ. ჯ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
- მსჯავრდებულ შ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: გ. შ-მ, გ. გ-მ, ზ. ჯ-მ და მ. კ-მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და შ. ჯ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ბრალდების ყველა ეპიზოდში.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მარტის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ცნობად იქნა მიღებული, რომ მსჯავრდებული შ. ჯ. 2021 წლის 24 აგვისტოს გაწერეს აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრიდან და სასჯელის საერთო წესით შემდგომი მოხდის მიზნით, გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ შ. ჯ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების შესახებ არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, განზრახ მკვლელობის ეპიზოდში: მოწმეების - ს. (ს.) კ-ს, მ. კ-ს, მ. კ-ს, მ. ს-ს, გ. ს-ს, ნ. ბ-ს, თ. ს-ს, ა. ე-ს, პ. ნ-ს, გ. ნ-ს, მ. დ-ს, თ. კ-ს, ნ. ნ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოილუსტრაციით, ა. კ-ს გვამის დათვალიერების ოქმით, შ. ჯ-ს ავტომანქანის დათვალიერების ოქმითა და ფოტოილუსტრაციით, შ. ჯ-საგან ნიმუშების აღების ოქმებით, ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის მოწმობის ამოღების 2020 წლის 22 მაისის ოქმით, შპს „ს. პ. ჯ-დან“ ინფორმაციის გამოთხოვის 2020 წლის 2 ივნისის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების „ს. პ. ჯ-ს“ ავტოგასამართი სადგურიდან გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 8 ივნისის ოქმით, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში შ. ჯ-ს სახელზე არსებული ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის 2020 წლის 24 ივნისის დასკვნითა და ფოტოცხრილით, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვის 2020 წლის 17 ივნისის ოქმით, სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტის ოზურგეთის მომსახურებს ცენტრის უფროსის 2020 წლის 29 ივნისის წერილით, ნივთიერი მტკიცებულების - შ. ჯ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 2 ივლისის ოქმით, შ. ჯ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების - სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან გამოთხოვილი ინფორმაციის შემცველი CD დისკის გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 4 ივლისის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების - სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოთხოვილი CD დისკის გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 6 ივლისის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების - თრ. ჯ-საგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 26 ივლისის ოქმით, ა. კ-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 23 ივლისის დასკვნით, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2020 წლის 26 ნოემბრის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 27 ივლისის ოქმით, სასამართლო-ბიოლოგიური (სეროლოგიური) ექსპერტიზის 2020 წლის 5 აგვისტოს დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ეპიზოდში: დაზარალებულ მ. ს-ს, მოწმეების: შ. ბ-ს, შ. გ-ს, ა. ე-ს, გ. ს-ს, თ. ს-ს, გ. ნ-ს, დაზარალებულ მ. ს-ს სამედიცინო დოკუმენტაციითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 17 ივლისის დასკვნით, მოწმე შ. ბ-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოილუსტრაციით, ასევე - საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი უცვლელად დატოვა და ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომელთა შესახებაც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აპელირებს.
10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ შ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, მათ შორის - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ შ. ჯ-ს განუსაზღვრეს ისეთი სასჯელი, რომელიც მის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების სანქციის ფარგლებშია, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. ჯ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. გ-სა და ზ. ჯ-ს, ასევე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი