საქმე # 010142222700497991
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №20აგ-22 5 ივლისი, 2022 წელი
დ. შ., 20აგ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის განაჩენით შ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- შ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შ. დ-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 15 წლით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ შ. დ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ შ. დ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ: შ. დ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით, რასაც დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - 6 წლითა და 9 თვით და შ. დ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 12 წლითა და 9 თვით.
8. 2022 წლის 18 მარტს მსჯავრდებულმა შ. დ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ შ. დ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
10. მსჯავრდებული შ. დ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ქ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შ. დ-ს სასჯელისაგან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს და იმისათვის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურად უზრუნველეყოთ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საჭიროდ ჩათვალა, რომ მათ ჰქონოდათ მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციები, ასევე - რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, საჭირო გამხდარიყო სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული სტანდარტები ემსახურება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა თვითნებობის რისკების პრევენციას, თუმცა ჩხრეკის ჩატარების სათანადო ინსტრუქციისა და ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმებას შესაძლოა შეეფერხებინა სამართალდამცავთა ლეგიტიმური ქმედებები, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს უნდა მისცემოდათ გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის, რომელიც უშვებდა ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდებოდა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და ამავე დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად ცნობა გადავადებულიყო - 2021 წლის 1 ივლისამდე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, შ. დ-ს მიმართ საპროცესო კანონმდებლობის უკუძალით გამოყენებასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას: ,,საპროცესო კანონმდებლობის კავშირი რეტროაქტიულობასთან, ძირითადად, საფუძველშივე გამოირიცხება, რადგან ის არეგულირებს პროცედურებს, რომლებიც, დამოუკიდებლად იმისგან, როდის მოხდა დანაშაულის ჩადენა, მიმდინარეობს დროში, განგრძობადია, დინამიკურია. ამ პროცედურების მიზანია, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, არსებობდეს საკმარისი და ეფექტური მექანიზმები, ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დანაშაულის ფაქტის დადასტურებას ან გამორიცხვას. [...] მიმდინარე ურთიერთობებზე აუცილებელია, გავრცელდეს მათი (ურთიერთობების) განვითარებისას მოქმედი კანონი. [...] საპროცესო-სამართლებრივ ნორმებს უკუძალით გამოყენებასთან კავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ კონკრეტული საპროცესო ნორმები, თავისი არსით იქნება დაკავშირებული ქმედების დანაშაულებრიობისა და დასჯადობის გაუქმებასთან ან სასჯელის შემსუბუქებასთან“ (იხ.: mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13/01//2014 წლის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლეიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-73-74; 77), რაც განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება მსჯავრდებულ შ. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება მსჯავრდებულ შ. დ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი