საქმე # 010142222700611099
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №26აგ-22 28 ივლისი, 2022 წელი
დ. ი., 26აგ-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ს საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 6 მარტის განაჩენით ი. დ., - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლითა და 67-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (1992 წლის 2 აგვისტოს რედაქცია), მე-17 მუხლითა და 69-ე მუხლით (1991 წლის 2 აგვისტოს რედაქცია), 78-ე მუხლით (1991 წლის 2 აგვისტოს რედაქცია), მე-17 მუხლითა და 104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), 104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) და საბოლოოდ მიესაჯა - სიკვდილით დასჯა.
2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ბრძანებულებით ი. დ-ს სიკვდილით დასჯა შეეცვალა - 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 10 აგვისტოს განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1995 წლის 6 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: ი. დ-ს მოეხსნა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლით, მე-17 და 67-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-17 და 69-ე მუხლით შერაცხული ბრალდებები და ამ ნაწილში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო იმავე კოდექსის მე-17 და 67-ე მუხლის პირველი ნაწილით (1991 წლის 2 აგვისტოს კანონის რედაქციით) შეფარდებული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 5 წლით და მოსახდელად დარჩა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მე-17 და 104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 4 წლით და მოსახდელად დარჩა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; 104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით განესაზღვრა - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (1999 წლის კანონის რედაქციით) განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა - 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 1992 წლის 3 სექტემბრიდან.
4. ი. დ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა 2002 წლის 4 სექტემბერს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 იანვრის განაჩენით ი. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. დ-ს განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 26 აპრილიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე.
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. დ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ¼-ით შეუმცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ი. დ-ს მიესაჯა - 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2009 წლის 26 აპრილიდან.
9. 2016 წლის 27 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. დ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში შეტანილი ცვლილების საფუძველზე.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. დ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
11. 2022 წლის 30 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ი. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. კ-მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქართველოს პარლამენტის ,,1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ 2005 წლის 11 მარტის დადგენილების მხედველობაში მიღებით, ი. დ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა, დადგენილების პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებთან გადაწყვეტილების შესაბამისობაში მოყვანა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ი. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
13. მსჯავრდებული ი. დ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. კ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ი. დ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტას ან მსჯავრდებულის სასარგებლო სხვა გადაწყვეტილების გამოტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321-ე მუხლში მითითებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძვლები, კერძოდ, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება:
ü იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს იმ მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლში საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონით განხორციელებული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად;
ü „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულის მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2017 წლის პირველ ივლისამდე წარედგინება.
4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ი. დ-ს გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად შუამდგომლობის ავტორი უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე - წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილია და მიიჩნევს: სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებთან ერთად, არც საქართველოს პარლამენტის ,,1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ 2005 წლის 11 მარტის დადგენილება არ წარმოადგენს ახალ ფაქტს ან მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას, რადგან, ერთი მხრივ, არცერთი წარმოდგენილი დოკუმენტით არ არის დადგენილი, რომ ი. დ. აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს პარლამენტის ,,1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ 2005 წლის 11 მარტის დადგენილების მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე - მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, რის კვალდაკვალ დაადგინა, რომ უნდა გადაისინჯოს სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ, რომელთა ბრალდების საფუძველი ემყარებოდა მითითებულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მათ მონაწილეობასა და მათ პოლიტიკურ მრწამსს, რაც ვერ გახდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ი. დ-ს მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასიჯვის წინაპირობა.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ი. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. დ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ი. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი