Facebook Twitter

¹3კ-337-01 7 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინის ქირის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. ტ-ის წარმომადგენლის ნ. ტ-ის სარჩელი ნ. ხ-ის და თ. ფ-ის მიმართ ბინის ქირის გადახდევინების შესახებ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 11000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა.

ე. ტ-ის წარმომადგენელმა ნ. ტ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებზე 14000 აშშ დოლარის დაკისრება.

ნ. და თ. ფ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი. 2001წ. 15 იანვარს ე. ტ-ის წარმომადგენელმა ნ. ტ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

სააპელაციო პალატის 2001წ. 31 იანვრის განჩინებით განმცხადებელს მიეცა განმარტება.

სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე ე. ტ-ის რწმუნებულმა ნ. ტ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, რომელიც ჩაითვალა დაუსაბუთებლად და საქმე კერძო საჩივართან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ამავე დროს სააპელაციო პალატის 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე შეტანილი იყო ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის რომ სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატის 2003წ. 6 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა ე. ტ-ის წარმომადგენლის ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

შესაბამისად უნდა გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე მიღებული განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აწ გარდაცვლილ ე. ტ-ის წარმომადგენლის ნ. ტ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 31 იანვრის განჩინება. 2000წ. 27 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.