Facebook Twitter

საქმე # 330100121004840061

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№516აპ-22 19 ივლისი, 2022 წელი

წ. ი., 516აპ-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-სა და თ-ის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-მა და თ-ის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა.

1.1. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლასა და ი. წ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალად წარდგენილი მუქარის ერთადერთმა თვითმხილველმა - დაზარალებულმა ნ. წ-მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება; ი. წ-ს მსჯავრდება დაფუძნებულია მხოლოდ მოწმეების - ბ. დ-ს, გ. ფ-სა და დ. შ-ს ირიბ ჩვენებებზე, რომლებიც არ შესწრებიან 2021 წლის 30 მაისის ბრალად წარდგენილ დანაშაულებრივ ეპიზოდს, ხოლო 1 ივნისის მოვლენებთან მიმართებით მათი განმარტებები ეწინააღმდეგება ნეიტრალური მოწმის - მ. ბ-ს ჩვენებას; საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას საფუძვლად დაედო დაზარალებულის განცხადებები, რომელიც, თავის მხრივ, სასამართლოში სადავოდ გამხდარი საექსპერტო კვლევის სისწორესთან დაკავშირებით არ დაკითხულა; ხაზგასასმელია, რომ დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში სასამართლო ვერაფრით დაადგენდა მსჯავრდებულის მხრიდან მუქარის ფაქტს, მაგრამ ასეთის დაშვების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება, აღიქვა თუ არა დაზარალებულმა მუქარა რეალურად და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც ი. წ-სათვის მსჯავრად შერაცხული ქმედების აუცილებელი ნიშანია, ურომლისოდაც დანაშაულის შემადგენლობა არ არის გამოკვეთილი.

1.2. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, ი. წ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც ი. წ-ს ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდში გამართლების, ასევე - მისთვის სასჯელის შემცირების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია; კასატორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა - ნ. წ-მა სასამართლოს არ მისცა მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენება, სასამართლოში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით: მოწმეების - ბ. დ-ს, გ. ფ-ს, დ. შ-სა და მ. ბ-ს ჩვენებებით, დაზარალებულის განცხადებით, შემაკავებელი ორდერებით, ორდერების ოქმებითა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ი. წ-ს მიერ ყოფილ მეუღლეზე როგორც მუქარის, ასევე - სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც; სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. წ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემცირებასთან მიმართებით კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა მსჯავრდებულის ნასამართლობის გაქარწყლების ვადის პენიტენციური დაწესებულებიდან მისი გათავისუფლების მომენტიდან ათვლასთან დაკავშირებით არ არის მართებული და ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის შესაბამისად, ი. წ. დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის მქონე და სასჯელი უნდა განსაზღვროდა რეციდივის წესით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი. წ-ს., - დაბადებულს .. წლის 13 მარტს, - ბრალად დაედო გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 1 ივნისამდე პერიოდში, ი. წ. სისტემატურად მიდიოდა .. კორპუსის მიმდებარედ მდებარე, ყოფილი მეუღლის - ნ. წ-ს დროებით საცხოვრებელ სახლთან და სთხოვდა შერიგებას. უარის მიღების შემდეგ ი. წ. ნ. წ-ს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, მეზობლების თანდასწრებით ლანძღავდა და ხმამაღლა ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, რის შედეგადაც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2.2. 2021 წლის 30 მაისს, შუადღის საათებში, .. კორპუსის მიმდებარედ მდებარე, ყოფილი მეუღლის - ნ. წ-ს დროებით საცხოვრებელ სახლთან, ყოფილ მეუღლესთან შერიგებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ი. წ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. წ-ს რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ი. წ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენით ი. წ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2021 წლის 1 ივნისიდან.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. წ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, მაგრამ უტყუარად ვერ დადასტურდა ოჯახის წევრის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ბრალდება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ი. წ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ხოლო, მეორე მხრივ, მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-მა რომელიც ითხოვდა ი. წ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება; ი. წ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2021 წლის 1 ივნისიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მხარეთა მითითებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ი. წ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებისა და, მეორე მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მისი მსჯავრდების ნაწილში უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ი. წ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული - მუქარის ჩადენა, მაგრამ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილები ვერ ქმნიდნენ ი. წ-სათვის ბრალად წარდგენილ - სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში მისი მსჯავრდების უტყუარ და საკმარის ერთობლიობას.

3. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ნ. წ-მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, რისი მხედველობაში მიღებითაც, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები და გადაწყვიტა, რამდენად ქმნიდნენ ისინი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას ი. წ-სათვის წარდგენილი თითოეული ბრალდების გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.

4. დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით საყურადღებოა, რომ მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველს, ადვოკატ ნ. ი-ს გასაჩივრებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაც და სააპელაციო სასამართლომ ი. წ-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებულ, დაცვის მხარის ყველა საკვანძო არგუმენტს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები და სამხილების სრულყოფილად შეფასების კვალდაკვალ მართებულად მიიჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილია შეთანხმებული, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით სარწმუნოდ დგინდება, რომ ი. წ-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ. წ-ს, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: მოწმეების სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორების - ბ. დ-სა და გ. ფ-ს ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2021 წლის 1 ივნისს შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე და ნახეს შეშინებული ნ. წ., რომელსაც შეურაცხყოფდა და ემუქრებოდა აგრესიული მსჯავრდებული; მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - დ. შ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 1 ივნისს საგამოძიებო ორგანოში, გამოკითხვაზე მყოფი დაზარალებული იყო კვლავ აღელვებული და შეშინებული; 2021 წლის 1 ივნისს დაზარალებულის მიერ პოლიციაში თავისი ხელით შედგენილი განცხადებით ირკვევა, რომ 2021 წლის 30 მაისს ყოფილი მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მან აღიქვა რეალურად და შეეშინდა; 2021 წლის 1 ივნისის შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმით, რომლის შინაარსს თავისი ხელმოწერით ადასტურებს დაზარალებული ნ. წ., დადგენილია, რომ სამართალდამცავების შეკითხვებზე: „ფიქრობთ, რომ მოძალადე მოგაყენებთ ჯანმრთელობის დაზიანებას, მოგკლავთ, ჯანმრთელობას დაუზიანებს ან მოკლავს თქვენს შვილებს ან სხვა ახლობელს?“, ასევე - ,,მოძალადე დაგმუქრებიათ ჯანმრთელობის დაზიანებით, მოკვლით ან/და ქონების განადგურებით, რამაც თქვენში მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გამოიწვია?“ დაზარალებულის პასუხია - ,,კი“. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ შესაძლებელია, პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც, ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ცალკეულ მონაკვეთს, რაც ერთობლივად შეფასებისას, აძლევდეს სასამართლოს დანაშაულის სურათის სრულყოფილად აღდგენის შესაძლებლობას, რისი მხედველობაში მიღებითაც, მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და სწორად მიიჩნიეს, რომ წარმოდგენილი სამხილების ერთობლიობით სარწმუნოდ დგინდება, რომ ი. წ-ს ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის წარდგენილი დანაშაულის - სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემადგენლობა.

5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა ი. წ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ნ. წ-მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებებიდან: პატრულ-ინსპექტორების - ბ. დ-სა და გ. ფ-ს ჩვენებები, რომლებმაც 2021 წლის 1 ივნისს შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახეს აგრესიული მსჯავრდებული, რომელიც შეურაცხყოფდა და ემუქრებოდა შეშინებულ დაზარალებულს, მაგრამ ამ მოწმეთა ჩვენებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ, ი. წ-ს სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებთან მიმართებით არის - ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ისევე, როგორც მოწმეების - დ. შ-სა და მ. ბ-ს განმარტებები; რაც შეეხება დაზარალებულის 2021 წლის 1 ივნისის განცხადებას, 2019 წლის 4 მაისს, 2021 წლის 1 მარტსა და 2021 წლის 1 ივნისს გამოცემულ შემაკავებელ ორდერებსა და ორდერების ოქმებს, რომლებზეც აპელირებს ასევე კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სამხილები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ ი. წ. 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 1 ივნისამდე პერიოდში სთხოვდა ყოფილ მეუღლეს შერიგებას, უარის მიღების გამო კი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, მეზობლების თანდასწრებით ლანძღავდა, უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, კონკრეტულად არაფრისმთქმელია; ასევე შეუძლებელია ბრალად შერაცხული კონკრეტული ქმედებების უტყუარად დადგენა და მითუფრო - გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დგინდება, რომ ი. წ-ს ქმედებების შედეგად ნ. წ. განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დგინდება ი. წ-ს მიერ ყოფილი მეუღლის სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტები.

6. ამასთან საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ი. წ-სათვის სასჯელის შემცირებას არ აქვს კანონიერი გამართლება და აღნიშნავს: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. წ-ს ქმედებაში არ იყო გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - დანაშაულის რეციდივი და რეციდივის შემთხვევაში სასჯელის განსაზღვრის სავალდებულო წესების მხედველობაში მიღების გარეშე შეუფარდა მას სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომელიც საფუძვლად დაედო შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, მდგომარეობს შემდეგში: საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 30 სექტემბრის № გადაწყვეტილებით ი. წ. გათავისუფლდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან - 4 თვითა და 11 დღით ადრე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლდა ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. წ-ს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თარიღიდან (2013 წლის 30 სექტემბრიდან) ნასამართლობის გაქარწყლებამდე განსაზღვრული ექვსწლიანი ვადა გასულია 2019 წელს და, ამდენად, დანაშაულის ჩადენის დროს - 2021 წლის 30 მაისს მას ნასამართლობა ჰქონდა გაქარწყლებული, შესაბამისად, სასჯელის შეფარდებისას მის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო რეციდივის დროს სასჯელის განსაზღვრის განსხვავებული წესი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ მოტივაციას და ი. წ-ს ქმედებაში გამოკვეთილ დანაშაულის რეციდივსა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების სადავოდ გამხდარ საკითხთან მიმართებით აღნიშნავს:

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

11. ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლობის გაქარწყლების ვადები დალაგებულია სასჯელთა სიმძიმის ზრდადობის მიხედვით და განსაზღვრულია, რომ ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა (ვისაც შეფარდებული სასჯელი მთლიანად ჩაეთვალა პირობითად) - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა (ვისაც შეფარდებული აქვს ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ან შინაპატიმრობა) - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან ვადამდე იქნა გათავისუფლებული (მოუხდელი სასჯელი შეეცვალა პირობითად) ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით (მაგალითად: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით), ნასამართლობის გაქარწყლების ვადა შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენი №691აპ-21 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 7).

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელსაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახე არ შეცვლია უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, არამედ მხოლოდ სასჯელის მოხდის ფორმა შეეცვალა პირობითი მსჯავრით, გაცილებით ადრე დაეწყება ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლა, ვიდრე იმას, ვისაც თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით (მაგალითად: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით), რაც, ერთი მხრივ, უსამართლოა, ხოლო, მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, სასჯელების სიმძიმის ზრდადობის მიხედვით დალაგებულ ნასამართლობის გაქარწყლებისათვის მკაფიოდ დადგენილი ვადების გამოთვლის წესს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონიერად გაუმართლებელია სასჯელის ფაქტობრივად მოხდის იმგვარად განმარტება, რომ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადის დინება დაიწყოს მანამ, სანამ სასჯელი ფაქტობრივად არ დასრულებულა და არსებობს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მოუხდელი სასჯელის აღსრულების რეალური შესაძლებლობა.

13. სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა ითვალისწინებს ნასამართლობის გაქარწყლების ორგვარ წესს: სასჯელის დასრულებისთანავე (პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლისას) და სასჯელის დასრულებიდან გარკვეული დროის შემდეგ (თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - დანაშაულების სიმძიმის მიხედვით, სასჯელის მოხდიდან - 3; 6 და 8 წლის შემდეგ), მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევა დაკავშირებულია სასჯელის დასრულებასთან და ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია ნასამართლობის გაქარწყლების ვადა მიედინებოდეს დაუსრულებელი სასჯელის პარალელურად.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის განაჩენით ი. წ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 4 წელი; სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით ი. წ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-თ შეუმცირდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც - 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი; ი. წ-ს სასჯელი აეთვალა - 2011 წლის 10 ნოემბრიდან, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით იგი 2013 წლის 30 სექტემბერს გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 4 თვითა და 11 დღით ადრე. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულმა ი. წ-მა, რომელსაც მისჯილი - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა - 3 წელი, პენიტენციური დაწესებულებიდან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემდეგ განაგრძო პირობითად ჩათვლილი სასჯელის მოხდა, რომლის გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა 2017 წლის 9 თებერვალს. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ ი. წ-ს, რომელსაც მხოლოდ სასჯელის ნაწილი ჰქონდა ჩათვლილი პირობითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის სრულად მოხდიდან - 2017 წლის 9 თებერვლიდან - ექვსი წლის შემდეგ - 2023 წლის 9 თებერვალს, რისი მხედველობაში მიღებითაც, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს - 2021 წლის 30 მაისს, რომლისთვისაც იგი ამჟამად მსჯავრდებულია, წინა ნასმართლობა კანონით დადგენილი წესით გაქარწყლებული არ ჰქონია.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: სასამართლოში წარმოდგენილი ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ერთობლივად, ურთიერთშეჯერების გზით განხილვასა და მათ ობიექტურ ანალიზს მივყავართ დასკვნამდე, რომ ი. წ-ს ქმედებაში ცალსახად გამოკვეთილია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - დანაშაულის რეციდივი, რისი მხედველობაში მიღებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არ იყო გამოკვეთილი ი. წ-სათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმზე უფრო ნაკლები სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების წინაპირობები, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამავე კოდექსის 55-ე მუხლით (სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება) ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით (თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად) გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 58-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ი. წ-ს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ი. წ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

3. ი. წ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს;

4. ი. წ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან;

5. ი. წ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი