Facebook Twitter

საქმე # 330100120003744913

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №465აპ-22 ქ. თბილისი

გ-ი დ, 465აპ-22 22 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განაჩენით:

1.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

1.2. დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ გ. გ-ს შორის 2020 წლის 26 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.

1.3. გ. გ-ი, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

1.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს რეალურად პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 მაისიდან.

1.5. დ. გ-ი, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით დ. გ-ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59- ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 მაისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. გ-ა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. დ. გ-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული, 7.62 მმ კალიბრიანი რუსული სამხედრო რევოლვერი, „ნაგანის“ სტანდარტული ნიმუში N113843 და საბრძოლო მასალა - „ნაგანისათვის“ განკუთვნილი, 7.62 მმ კალიბრიანი 7 ცალი ვაზნა, რასაც 2020 წლის 9 მაისს მართლსაწინააღმდეგოდ, პირადად ატარებდა ქ. თ-ი, წ-ის ქუჩა N...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სანქციის მინიმუმამდე შემცირება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ დ. გ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - მ. ს-ის, დ. დ-ის, გ. დ-ის, თ. ბ-ა და სხვათა ჩვენებებით, ამოღების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.... დასკვნით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის/საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის გამომძიებლისადმი მიმართვის წერილითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ადვოკატ მ. ჯ-ს მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ დ. გ-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ დ. გ-ის საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

10. საქმეზე არსებული ყველა გარემოების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას დ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული. მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით სასჯელის შეფარდებისას სასამართლოებმა სრულად მიიღეს მხედველობაში დ. გ-ის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მას განუსაზღვრეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებათა ძირითადი ნაწილი გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; ამასთან, დ. გ-ა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში. გარდა ამისა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ვინაიდან მსჯავრდებულმა დ. გ-ა ახალი დანაშაული ჩაიდინა წინათ განზრახი დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ-ის 353-ე და 381-ე მუხლები) ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი. შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა დანიშვნოდა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც გაითვალისწინეს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა და დ. გ-ს გასაჩივრებული განაჩენით მართებულად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულებისათვის სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარს.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე