Facebook Twitter

საქმე # 330100121004968324

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №666აპ-22 ქ. თბილისი

ა-ი ფ. 666აპ-22 22 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

1.1. ფ. ა-ი, - დაბადებული … წლის … ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ფ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 17 ივლისიდან.

1.2. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ა-ა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ფ. ა-ა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი ფ.ა-ა უკანონოდ გაასაღა 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, თ-ი, ფ-ის დასახლებაში, ი. ც-ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ფულადი თანხის - 500 ლარის სანაცვლოდ მან ადგილზე შეკრებილ პირებს: ნ. ნ-ს, ა. ლ-ს, ი. ნ-ს, ლ. ე-ს, ტ. კ-ს, ე. მ-ს, ლ. ჯ-ს, ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს - „ტ-ს“ და „ს-ს“, გადასცა ერთი შეკვრა, 2 გრამი ნივთიერება ,,ქუჩის ჰეროინი“ (კუსტარული ,,ჰეროინი“), ე.წ. „სირეცი“, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება 0.9256 გრამ ,,ჰეროინს“.

· ფ. ა-ა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი ფ. ა-ა უკანონოდ გაასაღა 2021 წლის 10 ივლისს, საღამოს საათებში, თ-ი, ფ-ის დასახლებაში, ი. ც-ის ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ფულადი თანხის - 500 ლარის სანაცვლოდ მან ადგილზე შეკრებილ პირებს: ნ. ნ-ს, ა. ლ-ს, ი. ნ-ს, ლ. ე-ს, ტ. კ-ს, ე. მ-ს, ლ. ჯ-ს, ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს - „ტ-ს“ და „ს-ს“, გადასცა ერთი შეკვრა, 2 გრამი ნივთიერება ,,ქუჩის ჰეროინი“ (კუსტარული ,,ჰეროინი“), ე.წ. „სირეცი“, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება 0.9256 გრამ ,,ჰეროინს“, ხოლო დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას ფ. ა-ი ასევე უკანონოდ ინახავდა 2021 წლის 17 ივლისს, დღის საათებში, თ-ი, სოფელ ფ-ი, მ. ფ-ს ქუჩა, №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირადად; ასევე, თ-ი, სოფელ ფ-ი მ. ფ-ის ქუჩა პირველი ჩიხი, №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ფ. ა-ს პირადი ჩხრეკისა და საცხოვრებელი სახლის შედეგად ამოღებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო წონით - 9,4984 გრამს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ფ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ფ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 17 ივლისიდან.

3.3. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულ ფ. ა-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმების კუთხით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ფ. ა-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმე თ. მ-ს ჩვენებითა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნით, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი გიორგი ნადირაძე ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ ფ. ა-ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებას.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

11. მოვალეობათა დარღვევის ზომის შესაფასებლად ყოველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს, მათ შორის შესაძლოა, მხედველობაში იქნეს მიღებული: რამდენჯერ და დროის რა ინტერვალით შელახა მსჯავრდებულმა კონკრეტული, სამართლებრივად დაცული სიკეთე. ნარკოტიკული სახის დანაშაულთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება, შეძენა, დამზადება თუ გასაღება სრულიად განსხვავებული შინაარსისა და ხარისხის საფრთხეებს შეიცავს. სწორედ ამიტომ განსხვავდება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლის, მისი შემძენისა და შემნახველის მიმართ კანონით დადგენილი სანქციები. თითოეული მათგანის პასუხისმგებლობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში მის როლს, ბრალის ხარისხს, ხოლო როდესაც ეს როლი უმნიშვნელოა, უმნიშვნელოა ის საფრთხეებიც, რომლებსაც ესა თუ ის ქმედება ქმნის, მათ შორის, საზოგადოების ჯანმრთელობისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება N1/3/1282 საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-34).

12. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში სააპელაციო სასამართლომ სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევის დროს სრულყოფილად შეაფასა როგორც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ზომა და ქმედების განხორციელების სახე, ისე - მსჯავრდებულის პიროვნება (ფ. ა-ა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც აღიარა და მოინანია; უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ფ. ა-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ფ. ა-ს მიმართ შეფარდებული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.

13. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე