¹3კ-340-03 22 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება და მისივე კუთვნილ სახლში შესახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ს-ლ მ. ოღლიმ და ნ. ი-ამ კიზიმ სარჩელი შეიტანეს კასპის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: გ. ს-ლ ოღლის და მისი მეუღლის, მ. ი-ლ კიზის მიმართ და მოითხოვეს საცხოვრებელი სახლიდან მათი გამოსახლება და ვ. ს-ლ ოღლის კუთვნილ სახლში შესახლება იმ მოტივით, რომ კასპის რაიონის სოფ. .......-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ირიცხება ს-ლ მ. ოღლი. მასთან ერთად ცხოვრობს მეუღლე ნ. ი-ამ კიზი და უმცროსი შვილის, გ. ს-ლ ოღლის ოჯახი. უფროსი ვაჟიშვილის, ვ. ს-ლ ოღლის საკუთრებაშია იმავე სოფელში მდებარე სხვა სახლი.
კასპის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: სასამართლომ დაადგინა მოპასუხეების სადავო სახლიდან გამოსახლება და ვ. ს-ლ ოღლის კუთვნილ სახლში შესახლება.
აღნიშნული სამოქალაქო საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციის მიერ და ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით კასპის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ს-ლ მ. ოღლის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები: გ. ს-ლ-ოღლი და მ. ი-ლ კიზი გამოსახლებულ იქნენ კასპის რაიონის სოფ. .......-ში ს-ლ მ. ოღლის სახელზე რიცხული, 1986 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლიდან.
ს-ლ მ. ოღლის მოთხოვნა მოპასუხეების: გ. ს-ლ ოღლის და მ. ი-ლ კიზის, მესამე პირის – ვ. ს-ლ ოღლის სახელზე რიცხულ ბინაში შესახლების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 20-ე მუხლზე, რომლის თანახმად არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მშობელი არ არის ვალდებული, აცხოვროს შვილი თავის კუთვნილ სახლში. სრულწლოვანი გ. ს-ლ – ოღლი კი თავისი ოჯახით უკანონოდ ფლობს მამის, ს-ლ მ. ოღლის საცხოვრებელ სახლს ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო სახლი აშენებულია 1986 წელს და ირიცხება ს-ლ მ. ოღლის სახელზე, ხოლო 1965 წელს აშენებული ძველი სახლი კი ამ უკანასკნელმა აჩუქა თავის შვილ ვ. ს-ლ ოღლი ა-ს, რაც დადასტურებულია კასპის რაიონის აღაიანის სოფლის გამგეობის მიერ 2001წ. 18 ივნისს გაცემული ცნობით.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მესამე პირის – ვ. ს-ლ ოღლის საცხოვრებელ სახლში მოპასუხეების შესახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს იძულებითი შესახების ინსტიტუტს და რომ მოპასუხეთა შესახლება მესამე პირის საცხოვრებელ სახლში შეიძლება მოხდეს მხოლოდ მათი ურთიერთშეთანხების საფუძველზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს-ლ ოღლიმ, მ. ი-ლ კიზიმ და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა წარმოადგენს როგორც მოსარჩელეების ისე მისი და მისი მეუღლის თანასაკუთრებას, რადგან აღნიშნული სადავო სახლი აშენებულია ერთიანი სახსრებით და ცხოვრობენ აშენების დღიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასპის რაიონის სოფ. .......-ში 1986 წელს აშენებული საცხოვრებლი სახლი ირიცხება ს-ლ მ. ოღლის სახელზე, ხოლო ძველი სახლი 1965 წელს აშენებული ამ უკანასკნელმა აჩუქა თავის შვილს – ვ. ს-ლ ოღლი ა-ს, რაც დადასტურებულია კასპის რაიონის აღაიანის სოფლის გამგეობის მიერ 2001წ. 18 ივნისს გაცემული ცნობით. ამასთან დადგენილია, რომ 1986 წელს აშენებულ სახლში ს-ლ მ. ოღლთან ერთად ცხოვრობენ მისი შვილი – გ. ს-ლ ოღლი და მისი მეუღლე – მ. ი-ლ კიზი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, რომლებსაც აღნიშნულ ფართში ცხოვრების სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 172-ე მუხლი;
სკ-ს 170-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ამ ქონებით სარგებლობა. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. გამომდინარე აღნიშნულიდან, მესაკუთრე ს-ლ მ. ოღლის მოთხოვნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მფლობელის გამოსახლების შესახებ კანონიერია.
მესაკუთრეს უფლება აქვს, თანახმად სკ-ს 168-ე მუხლისა, მოითხოვოს მფლობელობის შეწყვეტა, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მოცემულ შემთხვევაში კი სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის არის კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობა, რაც დადასტურებულია შს კასპის რაიგანყოფილების იგოეთის ქვეგანყოფილების მიერ. მოპასუხეებს ჩამოერთვათ ხელწერილი, რომ არ მიაყენონ მოსარჩელეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საკასაციო პალატა თვლის, რომ
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები წარმოადგენს მესაკუთრის დასაბუთებულ პრეტენზიას მფლობელის მიმართ, რაც სკ-ს 168-ე მუხლის მიხედვით მფლობელობის შეწყვეტის საფუძველია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა მესამე პირის – ვ. ს-ლ ოღლის საცხოვრებელ სახლში მოპასუხეების შესახლების შესახებ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს იძულებითი შესახლების ინსტიტუტს. მოპასუხეთა შესახლება მესამე პირის საცხოვრებელ სახლში შეიძლება მოხდეს მხოლოდ მათი ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მესაკუთრის მოთხოვნა და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ს-ლ ოღლისა და მ. ი-ლ კიზის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.