Facebook Twitter

საქმე # 330100120003968222

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №620აპ-22 ქ. თბილისი

ბ-ე თ, 620აპ-22 20 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ჭ-ა და თ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 მაისის განაჩენით:

1.1. თ. ბ-ე, - დაბადებული .... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და თ. ბ-ს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 სექტემბრის განაჩენით (სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით) დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თ. ბ-ს საბოლოოდ, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 27 აგვისტოდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ბ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, არაერთგზის; ცივი იარაღის ტარება, ე.ი განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· თ. ბ-ე 2019 წლის 22 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამარლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

· სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებისთვის ნასამართლევი თ. ბ-ე 2020 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 02:35 საათზე, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქ. თ-ი, ჩ-ს ქუჩა N...-ში მდებარე შპს „კ-ის“ კუთვნილ მაღაზიათა ქსელ „ს-ი“ თავს დაესხა ამავე მაღაზიის მოლარე-კონსულტანტს - ლ. კ-ს, რის შემდეგაც დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროდან ყაჩაღურად გასტაცა ფულადი თანხა - 1110 ლარი.

· 2020 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 02:35 საათზე, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი თ. ბ-ე ქ. თ-ი, ჩ-ს ქუჩა N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ატარებდა დანას, რომელიც, N... დასკვნის თანახმად, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულ თ. ბ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - დ. ჭ-მ და თ. თ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენის გაუქმება და თ. ბ-ს გამართლება.

4.1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამაზ მებონიამ შესაგებლით მოითხოვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ ლ. კ-ა და მოწმეების - ა. ლ-ს, ა. შ-ის, კ. კ-ის, ბ. ჭ-ის, გ. მ-ის, ბ. ი-ის, დ. კ-ა და სხვათა ჩვენებები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №... დასკვნა, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №.... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

8. დაზარალებულ ლ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მაღაზია „ს-ი“. იგი იცნობს თ. ბ-ს. 2020 წლის 27 აგვისტოს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მსჯავრდებული მაღაზიაში შევიდა სიგარეტის საყიდლად. თ. ბ-ე მას დაახლოებით სამჯერ ჰყავდა მანამდე ნანახი, ვინაიდან ესალმებოდა და რამდენჯერმე ლუდზე დაპატიჟა კიდეც. ლ. კ-ა თ. ბ-ის სახელი იცოდა ა. ლ-ნ. შემთხვევის დღეს თ. ბ-ე სალაროსთან მივიდა სასმელი ,,ბუმით’’, სადაც იმყოფებოდა ლ. კ-ი, შემოუარა სალაროს და გვერდიდან მიუახლოვდა მას. თ. ბ-ს ხელში ეჭირა დანა, რომელიც მუცელთან მიუტანა და უთხრა, რომ სალაროდან ფული მიეცა, თორემ მოკლავდა. ლ. კ-ა მუქარა აღიქვა რეალურად, შეეშინდა და გადასცა თანხა. ამის შემდეგ თ-ე გაიქცა მაღაზიიდან და წაიღო დაახლოებით 1000-დან 1500 ლარამდე. ა. ლ-ა ამ დროს იმყოფებოდა საწყობში და ვერ დაინახავდა, რა ხდებოდა სალაროსთან. მსჯავრდებულს მაღაზიაში შესვლისას ეკეთა პირბადე, რომელიც შემდეგ ჩამოიწია, რის გამოც მან უფრო ნათლად დაინახა მისი სახე. მსჯავრდებულს ეცვა კაპიუშონიანი ზედა, ჯინსი და ბოტასები. მას ჰქონდა დაახლოებით 25 სმ სიგრძის საოჯახო დანა. მომხდარი ფაქტის შესახებ დაზარალებულმა დარეკა 112-ში.

9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს დაზარალებულ ლ. კ-ის ჩვენებას და მიიჩნევს, რომ რაიმე გარემოება, რაც დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა, საქმის განხილვისას არ გამოვლენილა.

10. დაზარალებულ ლ. კ-ის ჩვენება შეესაბამება მოწმე ა. ლ-ს ჩვენებას, რომლის თანახმადაც, იგი მუშაობს მაღაზია ,,ს-ი“. თ. ბ-ს იცნობს, ვინაიდან იყო მათი მომხმარებელი. 2020 წლის 27 აგვისტოს იგი იმყოფებოდა სამსახურში. იმავე დღეს თ. ბ-ე დაახლოებით 2-დან 3 საათამდე შევიდა მაღაზიაში, მაგრამ მას თ-ე არ დაუნახავს, ასევე არ დაუნახავს ყაჩაღობის ფაქტი, რადგანაც იყო სხვა ოთახში. მომხდარი ფაქტის შესახებ შეიტყო ლ. კ-ნ. ა. ლ-მ მსჯავრდებული ტანსაცმლით ამოიცნო მას შემდეგ, რაც ნახა მაღაზიის ვიდეოკამერების ჩანაწერში. დაზარალებულის ჩვენება ასევე შეესაბამება საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნას, რომლის თანახმადაც, მაღაზია ,,ს-ნ“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია თ. ბ-ნ აღებული სუნის ნიმუშისა.

11. საკასაციო სასამართლო თ. ბ-ის ამოცნობის ოქმთან მიმართებით არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცულია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნები. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც მითითებული მტკიცებულებების არგაზიარების საფუძველი გახდებოდა, არ გამოვლენილა. 2020 წლის 27 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ლ. კ-ს ამოსაცნობად წარედგინა სამი პირი, სამივე მათგანი იყო სუსტი აღნაგობის, მოგრძო სახით, ჰქონდათ წვერი. აღნიშნული ადასტურებს, რომ ამოსაცნობ პირებს შორის არსებითი ხასიათის განსხვავება არ იკვეთებოდა. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზეც მიუთითა თ. ბ-ე, როგორც თავდამსხმელზე.

12. საკასაციო სასამართლო უშუალოდ დანასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე თ. ბ-ნ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოიღეს დანა. ამასთან საყურადღებოა, რომ დანის ამოღებამდე სწორედ დაზარალებული ლ. კ-ი მიუთითებდა, რომ დანა იყო საოჯახო ტიპის და ეს მან აღნიშნა იმ პირობებში, როდესაც გამოძიებისთვისაც კი არ იყო ცნობილი, თუ რა ტიპის დანა შეიძლება ამოღებულიყო და თ. ბ-ც ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო დაკავებული. ლ. კ-ის მიერ აღწერილი დანა შეესაბამება სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებულ დანას.

13. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №... ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმე დ. კ-მ განაცხადა, რომ მუშაობს შსს საექსპერტო დაწესებულებაში ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილებაში ექსპერტად. 2020 წლის 27 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით, მას გამოძიებამ საკვლევად წარუდგინა დანა. წარდგენილი ნივთის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ეს ნივთი მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, დამზადებულია ქარხნული წესით, სიგრძით - 312 მმ, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და აღნიშნული დანით შესაძლებელია დაზიანების მიყენება.

14. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება თ. ბ-ს მიერ დანის ფლობის ფაქტი.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოების მიერ თ. ბ-ის ბრალდების საქმე განხილულია საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. თ. ბ-ის მიმართ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენაში.

16. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები” (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ჭ-ა და თ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე