საქმე # 010100121005267501
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №698აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ე ბ 698აპ-22 20 სექტემბერი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ბ. ბ-ს, - დაბადებულს .... წლის ... ნოემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ორი ეპიზოდი); ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 29 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. ქ-ი, რ-ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. ბ-მ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა. ა-ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ფეხებზე ხელის მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 17 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ. ქ-ი, რ-ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. ბ-მ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, ქალის დაქვემდებარებული როლის, მასზე უპირატესი მდგომარეობის და მესაკუთრული დამოკიდებულების მოტივით, იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა. ა-ის, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 30 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. ბ-ე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა. ა-ს, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ა. ა-ის გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით:
2.1. ბ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.
2.2. ბ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2021 წლის 31 ოქტომბრიდან იმავე წლის 2 ნოემბრამდე პერიოდის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 190 საათით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
2.3. ბ. ბ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს - მ. ბ-ს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2021 წლის 30 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ. ბ-ე გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა. ა-ის, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა და ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ა. ა-ის გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი, მკაცრი სასჯელის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ. ბ-ის მხრიდან მეუღლის - ა. ა-ის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, N....შეტყობინებით, მოწმეების - ო. ა-ის, მ. ა-ის, მ. ტ-ის გამოკითხვის ოქმებით, N.... შემაკავებელი ორდერითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
9. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს ბ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს ბ. ბ-ის მიერ ოჯახში ძალადობისა და მუქარის ჩადენას.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.
12. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.
13. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ა. ა-მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
16. ბ. ბ-მ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებებში.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ - არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ბ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
18. საქმეზე გამოკითხული მოწმეები - ო. ა-ი, მ. ტ-ე, მ. ა-ი გამოკითხვის ოქმებში გადმოსცემენ ბ. ბ-ის მხრიდან 2021 წლის 30 ოქტომბერს მეუღლის მიმართ სიცოცხლის მუქარის ფაქტის შესახებ. მათი ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას ბრალდების დადგენილებაში აღწერილ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, იმას, რომ ბ. ბ-მ 2021 წლის 29 აგვისტოსა და 2021 წლის 17 სექტემბერს გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით იძალადა მეუღლეზე - ა. ა-ე. მოწმე პოლიციის თანამშრომლები - გ. კ-ე და ბ. ჯ-ე მუქარის შესახებ შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ 2021 წლის 30 ოქტომბერს. საქმეში არსებული გამოძიების აღრიცხვის ბარათის მიხედვით ასევე დასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ა. ა-ის შეტყობინება მეუღლის - ბ. ბ-ს მიერ მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისას ა. ა-ის ფიზიკური დაზიანების რაიმე კვალი სხეულზე არ აღენიშნებოდა.
19. რაც შეეხება კასატორის აპელირებას საქმეში არსებულ დაზარალებულის შეტყობინებაზე, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ შეტყობინება ეხებოდა მუქარის ფაქტს, კერძოდ: „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში“ შესული №... შეტყობინების თანახმად, 2021 წლის 31 ოქტომბერს, 00:26 საათზე, მოქალაქე ა. ა-იმ განაცხადა ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ-ი მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლის - ბ. ბ-ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები შეეხება ბ. ბ-ის მიმართ მუქარის ნაწილში წარდგენილი ბრალდების ეპიზოდს და არ არის დაკავშირებული 2021 წლის 29 აგვისტოსა და 17 სექტემბერს მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
23. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე