Facebook Twitter

საქმე # 130100120003525985

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №613აპ-22 ქ. თბილისი

გ-ი თ, 613აპ-22 22 სექტემბერი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. გ-ს, - დაბადებულს ... წლის .. აგვისტოს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· ა-ი, მ-ის ქუჩა №...-ში მცხოვრები თ. გ-ი წარსულში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა თავის არასრულწლოვან, 2015 წლის 16 იანვარს დაბადებულ შვილს - გ. ზ-ს. გარდა ზემოხსენებული ძალადობრივი ქმედებებისა, თ. გ-ა 2019 წლის ივნისში, სახლში ყოფნის დროს, არასრულწლოვან გ. ზ-ს, მისი სიცელქის გამო გაბრაზებულმა, ხელის რამდენჯერმე დარტყმით, სახისა და ტანის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

· ა-ი, მ-ის ქუჩა №...-ში მცხოვრებმა თ. გ-ა 2015 წლის 16 იანვარს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - გ. ზ-ს 2018 წლის ივნისში, სახლში ყოფნის დროს, როდესაც არასრულწლოვანი შვილი დედას საკვების მიღებას სთხოვდა, ამის გამო გაღიზიანებულმა, ხელის რამდენჯერმე დარტყმით ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე ხელის ერთხელ დარტყმით გაუხეთქა წარბი. ძალადობრივი ქმედების შედეგად გ. ზ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· ა-ი, მ-ის ქუჩა №...-ში მცხოვრებმა თ. გ-ა 2018 წლის ნოემბერში, სახლში ყოფნის დროს, 2015 წლის 16 იანვარს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - გ. ზ-ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ხელის რამდენჯერმე დარტყმით სახის არეში - ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობრივი ქმედების შედეგად გ. ზ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· ა-ი, მ-ის ქუჩა №...-ში მცხოვრებმა თ. გ-ა 2019 წლის აპრილში, მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში ყოფნის დროს, 2015 წლის 16 იანვარს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს - გ. ზ-ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ხელის ერთხელ დარტყმით სახის არეში - ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობრივი ქმედების შედეგად გ. ზ-ა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენით:

2.1. თ. გ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის ივნისის ფაქტზე), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის ნოემბრის ფაქტზე), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა (2019 წლის აპრილის ფაქტზე) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის ივნისის ფაქტზე, ასევე სისტემატური შეურაცხყოფის ნაწილში) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. თ. გ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა - 1000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

2.3. გამართლებულს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 18 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენის გაუქმება, თ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და კანონიერი სასჯელის შეფარდება.

4.1. გამართლებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. თ-ა და ს. კ-ა შესაგებლით მოითხოვეს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას (იხ. Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Volodina v Russia, no. 41261/17, §72, ECtHR, 09/07/2019) და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის, საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დასჯადია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე - სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა.

8. მოცემულ შემთხვევაში თ. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ირგვლივ დაიკითხა მისი ყოფილი დედამთილი - დ. გ-ე, რომელმაც მიუთითა, რომ თავად შეესწრო 2018 წლის ივნისსა და ნოემბერში, ასევე 2019 წლის აპრილში თ. გ-ის მხრიდან შვილზე - გ. ზ-ე ძალადობის ფაქტებს, ხოლო 2019 წლის ივნისის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ დაინახა ბავშვის სხეულზე ხელის დარტყმის კვალი.

9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ, მართალია, მოწმე ლ. გ-მ მიუთითა, რომ ქუჩაში ნახა მარტო მყოფი გ-ი, რომელიც ტიროდა და მიიყვანა ბებიასთან სახლში, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, თავად დ. გ-მ ორი სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, რაც ვერ გახდება საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა განაჩენის გამოსატანად.

9.1. მოწმეების - ა. პ-ის, თ. გ-ის, ქ. ვ-ა და ო. ვ-ის ჩვენებები არ შეიცავს თ. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ ინფორმაციას. რაც შეეხება ზ-ნ სტუმრობისას თ. გ-ის მიერ ბავშვზე ძალადობის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმეთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის წინააღმდეგობრივი, ვინაიდან ქ. ვ-ა განმარტა, რომ მან დაინახა ძალადობის ფაქტი, თუმცა მისმა მეუღლემ, ო. ვ-ა ვერ შენიშნა დედის მიერ ბავშვის ცემა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ქ. ვ-ს ჩვენება არ დაუდასტურებია დ. გ-ს, რომ მას შემდეგ, რაც თ-ა იძალადა შვილზე, ბავშვი გაიყვანა და დაამშვიდა ბებიამ - დ. გ-მ. მოწმე გ. ზ-ის მიერ მითითებული ძალადობის ფაქტები არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, მითუფრო, რომ თავად დ. გ-ის ჩვენებით, თ-ის მიერ ბავშვზე ძალადობის ფაქტებს მისი შვილი - გ. ზ-ი არ შესწრებია, რადგან იგი ძირითადად გასული იყო სახლიდან.

9.2. მოწმეებმა - ნ. ი-მ და ქ. ს-მ მიუთითეს, რომ გ. ზ-ის ისეთი ქცევა ან დედის მიმართ დამოკიდებულება, რასაც შესაძლოა, დედა-შვილს შორის არსებულ ნეგატიურ ურთიერთობაზე გაეჩინა ეჭვი, არ შეუნიშნავთ. ის გარემოება, რომ გ. ზ-ს თავიდან უჭირდა დედასთან ურთიერთობა, არ ადასტურებს ძალადობას. გასათვალისწინებელია იმ ეტაპზე ბავშვის საცხოვრებელი გარემო - დედის სახლიდან წასვლის შემდეგ გ. ზ-ი იზრდებოდა მამის ოჯახში. თუნდაც მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რაც ჩვენებებში აღწერა სოციალურმა მუშაკმა ე. ა-ა, რომლის მიხედვითაც, გ. ზ-ი აგრესიული ტონით საუბრობდა ბავშვის დედაზე, თ-ე ხმამაღალი ტონით საუბრობდა გ. ზ-ის მამაც, ნათელს ხდის, რომ გ. ზ-ს ესმოდა, თუ როგორ საუბრობდნენ მის დედაზე. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ბავშვს შესაძლოა, ჰქონოდა გაუცხოვების განცდა, ვერ გახდება წარდგენილი ბრალდების დადასტურების საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე ეჭვს ჰბადებს ის ფაქტიც, რომ თ. გ-ს მიერ შვილის ცემის ფაქტებს ხედავდნენ სამოქალაქო საქმის შედეგით დაინტერესებული პირები და მათთან დაახლოებული მეზობლები. საბავშვო ბაღის აღმზრდელებს არასოდეს შეუმჩნევიათ თ. გ-ის მხრიდან ძალადობის ფაქტები. დედაშვილური ურთიერთობის არსებობა დაადასტურეს მოწმეებმა - თ. გ-ა და ქ. რ-ც. სპეციალისტებმა, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ თ. გ-ა და გ. ზ-ის შეხვედრებს და დაკვირვებას ახდენდნენ ბავშვსა და მის გარემოცვაზე, დაადასტურეს, რომ დედა-შვილი ერთმანეთის მიმართ გამოხატავდა მხოლოდ დადებით ემოციას, მითუფრო, რომ სპეციალისტებს გავლილი აქვთ სათანადო მომზადება და აქვთ შესაბამისი უნარი, კონკრეტულ შემთხვევებში ბავშვის ქცევის მიხედვით ამოიცნონ მასზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის შედეგები. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, თუ დაზარალებულზე დედა იმ ინტენსივობითა და ისეთი ფორმით ძალადობდა, როგორც ამაზე მოწმეთა ნაწილი მიუთითებს, აღნიშნული აუცილებლად მოახდენდა გავლენას ბავშვისა და დედის ურთიერთობაზე, რაც სპეციალისტებს, რომლებიც მუდმივი რეჟიმით აკვირდებოდნენ დედა-შვილის შეხვედრებს, არ უნდა გამორჩენოდათ.

11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით დგინდება, რომ არასრულწლოვან გ. ზ-ნ მიმართებით ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობის დადგენა შეუძლებელია.

12. გ. ზ-ა არ დაადასტურა დედის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები. არასრულწლოვნის ასაკის გათვალისწინებით, აღნიშნულ გარემოებას არ ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუმცა, არცერთი ნეიტრალური მოწმის ჩვენება არ აღადგენს განვითარებულ მოვლენებს რომელიმე პოზიციის ცალსახად დადასტურების კუთხით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა ეჭვის გასაქარწყლებლად, რაც დაცვის მხარემ წარუდგინა სასამართლოს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ პასუხობენ მტკიცებულების ერთობლიობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა თ. გ-ს დამნაშავედ ცნობისათვის. საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები ვერ გახდება საკმარისი ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე