Facebook Twitter

¹3კ-352-03 20 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. კ-ემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ტ. და დ. შ-ებისათვის ვალის – 1000 აშშ დოლარისა და ვადის გადაცილებისათვის პროცენტის სახით 935 აშშ დოლარის დაკისრება.

ნ. კ-ემ განმარტა, რომ 1995წ. ოქტომბერში სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მამამისმა კ. კ-ემ ტ. შ-ს ასესხა 1000 აშშ დოლარი პროცენტით, რომელიც მოპსუხეს არ დაუბრუნებია.

2001წ. 19 ივლისს ტ. შ-მა მოწმეების თანდასწრებით ნ. კ-ეს გადასცა ხელწერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2002წ. 1 იანვრისათვის გადაუხდიდა ვალს _ 1000 აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2001წ. 19 ივლისიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხდიდა მითითებული თანხის 10%-ს. უბედური შემთხვევისას, ვალის დაბრუნების ვალდებულება გადადიოდა მის ვაჟზე, დ. შ-ზე, რომელიც ასევე ესწრებოდა ხელწერილის შედგენას, რაც დასტურდებოდა მისი ხელმოწერით. აღნიშნულის მიუხედავად, ტ. შ-მა ვალი არ დააბრუნა. აღნიშნული გარემოება გახდა სასამართლოში სარჩელის შეტანის საფუძველი.

გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაეკისრათ ძირითადი თანხის _ 1000 აშშ დოლარის და პროცენტის სახით 467 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ტ. შ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით იმ საფუძვლით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 მაისის გადაწყვეტილება.

ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი, მის სასარგებლოდ ტ. შ-ს დაეკისრა 1467 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტ. შ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

კასატორმა განმარტა, რომ სესხად აღებული თანხა გადახდილი აქვს და ხელწერილი, რომელიც ადასტურებს ვალის გადაუხდელობას, დაწერილია დაშინების და შანტაჟის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ-მა მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ტ. შ-მა მოსარჩელისაგან ისესხა 1000 აშშ დოლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ტ. შ-ის ხელწერილი. ტ. შ-ი ვერ მიუთითებს მტკიცებულებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ ხელწერილი დაწერილი იქნა იძულების (ძალადობის ან მუქარის) გამო.

სკ-ს 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მოპასუხის ხელწერილი.

სკ-ს 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით უნდა გასცეს შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი. მოპასუხეს ასეთი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. შ-ის სკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.