¹3კ-353-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ო-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თავისი დის – ი. ო-ის მიერ 1997წ. 11 თებერვალს გაცემული ანდერძის ბათილად ცნობა; მოსარჩელის განმარტებით, ი. ო-ი გარდაიცვალა 1997წ. 11 თებერვალს, ე.ი ანდერძის გაცემის დღეს, იგი იყო მძიმე ავადმყოფი. მოპასუხე მხარემ, რომელსაც უანდერძა ი. ო-მა თავისი სახლი და ქონება, გააყალბა ანდერძი. მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ანდერძის ბათილობას იმ საფუძვლით, რომ ანდერძზე ხელმოწერა არ ეკუთვნოდა ი. ო-ს, მოგვიანებით კი ანდერძის ბათილობა მოითხოვა იმის გამო, რომ არ შეეძლო თავისი მოქმედების კრიტიკულად შეფასება;
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ნ. ო-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება: ნ. ო-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ი. ო-ის ანდერძის შედგენისას არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა. ¹3 კლინიკური საავადმყოფოს მიერ გაცემული ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით, ეს უკანასკნელი საავადმყოფოში შესულია 1997წ. 27 იანვარს თვითდინებით. 31 იანვარს მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ბინაზე გაეწერა თავისი სურვილით.
ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არც ერთი დაავადება არც ფსიქიკური და არც ნერვულია. საქმეზე ჩატარებული კალიგრაფიული ექსპერტიზაც ცხადყოფს, რომ ანდერძზე ხელმოწერა შესრულებულია ი. ო-ის მიერ.
ნ. ო-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი – სამოქალაქო სამართლის კოდექსის 54-ე და 543-ე მუხლები, კერძოდ, 54-ე მუხლი. ანდერძის ბათილობის საკითხი თვით მოანდერძეს უნდა დაეყენებინა. სასამართლომ ანდერძის ბათილობის საკითხის გარკვევა დაიწყო ადამიანის ფსიქიკური მოშლილობის კუთხით და არა ისე, როგორც იყო მოთხოვნით გათვალისწინებული იყო. ანდერძის დადების მომენტში პირი ნამდვილად იმ მდგომარეობაში იყო, რომ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობის შეგნება და წარმართვა სკ-ს 54-ე მუხლის შესაბამისად.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას მხოლოდ მე-4, კალიგრაფიული, ექსპერტიზის მიერ გახდა შესაძლებელი საბოლოო დასკვნის გაკეთება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ო-მა მოპასუხე მ. ც-ეს თავისი გარდაცვალების დღეს 1997წ. 11 თებერვალს უანდერძა მთელი თავისი ქონება, მათ შორის – საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ..... თბილისში.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ გარდაცვალების დღეს, ი. ო-ს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა.
ნოტარიუს შ-ის განმარტებით, ანდერძის შედგენის დღეს ი. ო-ი იყო მასთან, გაესაუბრა და თავისი ნება გამოხატა ანდერძით. მანამდე მოითხოვა, გაეუქმებინა 1995წ. 16 თებერვალს ი. ღ-ეზე გაცემული ანდერძი. ნოტარიუსთან ი. ო-ის ყოფნა დაადასტურა ნოტარიუსის მდივან-მემანქანემ, რომელმაც თავად დაბეჭდა ანდერძი.
საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული და მიუთითებს, რომ ი. ო-ს არ უნდა ჰქონოდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებისა და თავისი მოქმედების კრიტიკულად შეფასების უნარი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ კატეგორიული ვერ იქნება, მაგრამ არ გამორიცხავს იმ მდგომარეობას, რომ მომაკვდავი დახმარებით შეიძლება ჩაეყვანათ ნოტარიუსთან, რამაც დააჩქარა ი. ო-ის სიკვდილი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დასკვნაში მითითებული დაავადებები არ არის არც ფსიქიკური და არც ნერვული, რასაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა პირის შესაძლებლობაზე გამოეხატა თავისი ნება სადავო ანდერძის გაცემით.
საქმეზე წარმოდგენილი კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ ანდერძზე ხელმოწერა ი. ო-ის მიერაა შესრულებული.
სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული და დამატებითი პრეტენზია არ წამოუყენებია.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 54-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გარიგება დადებული თუნდაც ქმედუნარიანი, მაგრამ გარიგების დადების მომენტში ისეთ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, რომელსაც არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა, და წარემართა იგი, სასამართლოს მიერ ცნობილ იქნება ბათილად ამ მოქალაქის სარჩელით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მუხლში მითითებული საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობა შეიძლებოდა მოეთხოვა თვით გარიგების მხარეს ანუ მოანდერძეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 ნოემბერს გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.